უკრაინელებმა ტატარსტანის რესპუბლიკაში მდებარე დრონების ქარხანაზე, რომელიც რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 1000 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს, უპილოტო საფრენი აპარატებით იერიში მიიტანეს. როგორც სააგენტო „უნიანი“ რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ეს უკრაინის უშიშროების სამსახურისა და დაზვერვის მთავარი სამმართველოს ერთობლივი ოპერაციის შედეგად მოხდა. კერძოდ, შეტევის სამიზნე გახდა "შაჰედის" ტიპის დრონების ამწყობი ქარხანა. უკრაინული წყაროების მტკიცებით, იერიშის შედეგად მოხდა საწარმოო ობიექტების მნიშვნელოვანი განადგურება.
გარდა ამისა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინული შორი დისტანციის ერთ-ერთი დრონი შეეჯახა ქალაქ ნიჟნეკამსკის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, რომელიც რუსეთის ხუთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს შორისაა. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მსგავსი შეტევა რუსეთის კიდევ რამდენიმე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე გახორციელდა, მათ შორის, რიაზანში მდებარე სახელმწიფო კომპანია "როსნეფტის" საწარმოზე.
როგორც CNN წერს, ეს გაბედული უკრაინული შეტევები საკმაოდ მტკივნეულად ურტყამს და ხელშესახებ ზიანს რუსეთის ნავთობისა და გაზის ინდუსტრიას, რომელიც, მიუხედავად დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებისა და ფასებზე შეზღუდვების შემოღებისა, რუსეთის ომის ეკონომიკისთვის ყველაზე დიდ შემოსავლის წყაროდ რჩება.
0 კომენტარი