შავი ზღვის ფლოტის თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად, რუსეთი სატვირთო გემების გამოყენებას იწყებს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში საუბრობენ. „ბოლოდროინდელი გამოსახულებების ანალიზმა გამოავლინა ოთხი ბარჟა, რომლებიც განლაგებულია ნოვოროსიისკის საზღვაო პორტის შავი ზღვის ფლოტის ერთ-ერთი ობიექტის შესასვლელთან. ეს არის მცდელობა, გაძლიერდეს პორტის თავდაცვა უკრაინული უეკიპაჟო საწყლოსნო აპარატების თავდასხმებისგან“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
რუსულ გემებზე უკრაინელთა წარმატებულმა თავდასხმებმა ვლადიმირ პუტინი აიძულა, შავი ზღვის ფლოტის მეთაური, ადმირალი ვიქტორ სოკოლოვი გადაეყენებინა და მის ადგილად ვიცე-ადმირალი სერგეი პინჩუკი დაენიშნა.
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბარჟების საშუალებით, პინჩუკი, როგორც ჩანს, რუსული გემების გადარჩენის შანსების გაზრდას დამატებითი პრევენციული და თავდაცვითი ზომების მიღებით ცდილობს, მათ შორის პორტის ობიექტებში შესასვლელის შევიწროვებით.
უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან რუსეთის შავი ზღვის ფლოტმა მნიშვნელოვანი დარტყმები მიიღო. მიმდინარე წლის თებერვალში, დიდი ბრიტანეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელმა, ადმირალმა ტონი რადაკინმა, განაცხადა, რომ შავ ზღვაში ჩაიძირა ან დაზიანდა რუსული გემების 25%.
0 კომენტარი