კომპლექსი "კროკუს სიტი", რომელიც მოსკოვის ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს, ერთ დროს პუტინის მიერ შეპირებული კომფორტისა და სტაბილურობის სიმბოლო იყო. მილიარდერ არას აგალაროვის მიერ აშენებულმა ფეშენებელურმა სავაჭრო და გასართობმა ცენტრმა 2013 წელს დონალდ ტრამპის „მის სამყაროს“ უმასპინძლა, დღეს კი ეს დანახშირებული შავი კარკასი გარედან მოსული ექსტრემიზმისა და შინგამოზრდილი ნებაყოფლობითი უცოდინრობის დამადასტურებელი საბუთია.
ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში რუსეთში მომხდარმა ყველაზე საშინელმა ტერორისტულმა აქტმა პუტინს იმ დროს მოუსწრო, როდესაც ჯერ მორიგ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისგან გამოწვეული საზეიმო ტალღა გადავლილი არ იყო. რამდენიმე დღით ადრე, მას „წითელ მოედანზე“ ათასობით ადამიანი შეეგება ხელში რუსეთის ეროვნული დროშებით, შემდეგ კი კრემლის წმინდა ანდრიას სახელობის დარბაზში პოლიტიკური ელიტის წევრები ფეხზე მდგომნი, ოვაციებით მიესალმნენ. სიტყვით გამოსვლისას მისი გზავნილი უცვლელი იყო: რუსეთი ისტორიულ ომშია უკრაინასთან და გამარჯვებისთვის (რომელიც აუცილებლად დადგება) ერის გაერთიანება ყველაზე მნიშვნელოვანია, ისევე როგორც მტრის ამოცნობა.
რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის თანამშრომლებთან შეხვედრაზე პუტინმა აშშ-ის გაფრთხილებას, რომ რუსეთის ტერიტორიაზე ტეროროსტული აქტები იგეგმებოდა, "აშკარა შანტაჟი და რუსული საზოგადოების დესტაბილიზირება-დაშინება" უწოდა, შემდეგ კი თავის ქვეშევრდომებს უბრძანა, მოღალატეების გამოაშკარავება დაეჩქარებინათ. პირველი სატალევიზიო მიმართვა პუტინმა ტერორისტული აქტიდან ცხრამეტი საათის შემდეგ გააკეთა. ამ დროისთვის შეიარაღებულ ტერორისტებს უკვე 140 ადამიანი ჰყავდათ მოკლული, ტერორისტულ ორგანიზაციას „ისლამური სახელმწიფო“ უკვე აღებული ჰქონდა პასუხისმგებლობა მომხდარზე და თავდასხმის ამსახველი ვიდეოებიც გაევრცელებიინა მტკიცებულებად.
მიუხედავად ამისა, გამოსვლისას პუტინს „ისლამური სახელმწიფო“ საერთოდ არ უხსენებია. მან ზოგადი ტერმინოლოგიით ისაუბრა „საერთაშორისო ტერორიზმზე“, განაცხადა, რომ ოთხი ეჭვმიტანილი უკვე დაკავებული იყო და რომ ისინი უკრაინაში გაქცევას ცდილობდნენ, შემდეგ თავდამსხმელები ნაცისტებს შეადარა და საზოგადოებას დაპირდა, რომ შურის იძიებდა ყველაზე, ვისი დავალებითაც ისინი მოქმედებდნენ.
"ჩვენი საერთო მოვალეობა, როგორც ფრონტზე მყოფი ჩვენი ძმებისა, ასევე ამ ქვეყნის ყველა მოქალაქისა, ახლა ერთად დგომაა", - თქვა მან.
განსხვავებულ გალაქტიკაში ეს უმძიმესი შემთხვევა გადამწყვეტი განგაშის ზარი იქნებოდა რუსეთისთვის და ქვეყანა დესტრუქციულ ორბიტას თვალის დახამხამებაში მოწყდებოდა. თუმცა, როგორც განვითარებული მოვლენები გვიჩვენებს, პუტინი ამ საშინელ ტერაქტს იმისთვის გამოიყენებს, რომ უკვე არსებული ნარატივი გაამძაფროს და თავისი, როგორც თანამედროვე რუსეთის ისტორიაში პირველი უზენაესი ავტოკრატის ძალაუფლების კონსოლიდაცია მოახდინოს.
მას შემდეგ, რაც პუტინი პირველად მოვიდა ხელისუფლებაში, ყოველი შემდგომი არჩევნები წინაზე გაცილებით არათავისუფალი და არასამართლიანი იყო, თუმცა მიმდინარე წლის მარტში მომხდარი სრულიად ახალი ნაბიჯი, უფრო ზუსტად კი, ნახტომი იყო ავტოკრატიისკენ. არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, რამდენიმე დამოუკიდებელმა მედიასაშუალებამ დაწერა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რეგიონულ ხელისუფლებებს მკაცრად მოსთხოვა პუტინისთვის 80%-იანი მხარდაჭერის უზრუნველყოფა. საბოლოო შედეგი - 87%. პრო-კრემლისტურმა გამოცემა "მოსკოვსკი კომსომოლეცმა", არჩევნების მეორე დღეს თავის პირველ გვერდზე შედეგები ასე შეაჯამა: "რუსეთი არის პუტინი", შემდეგ კი განაგრძო: "ახლა უკვე საბოლოოდ დადასტურდა, რომ პრეზიდენტს ოპოზიცია არ შეიძლება ჰყავდეს".
ტერაქტიდან ორი დღე რომ გავიდა, პუტინი კიდევ ერთხელ, ამჯერად უფრო თავდაჯერებული გამოჩნდა ტელეეკრანებზე და ისაუბრა რადიკალ ისლამისტებზე, რომლებმაც "კიევის ნეო-ნაცისტური რეჟიმის" დავალებით იმოქმედეს. ამ დროისთვის მის პროპაგანდისტებს უკვე აღმოჩენილი ჰყავდათ ტერაქტის თანამონაწილეები უკრაინაში, დიდ ბრიტანეთსა და შეერთებულ შტატებში.
"გულის სიღრმეში, კოლექტიურ დასავლეთს ჩვენ ყოველთვის ვძულდით და ეს მათი სიძულვილი იმდენად დიდია, რომ ჩვენი დახოცვა სურთ", - დაწერა ერთმა ტელეწამყვანმა, მეორემ თავის გადაცემაში განაცხადა, რომ მოსკოვში მომხდარი ტერაქტი "ევროპული ნაციზმის ნიშნებს" ატარებდა, მესამემ კი ყველაფერი "უცხოეთის გავლენის აგენტებს" დააბრალა (ამ ტერმინით ხდება რუსეთში კრემლის კრიტიკოსი მოქალაქეების სტიგმატიზირება).
ეს ყველაფერი ზუსტად ჯდება იმ ტენდენციაში, რომლის მიხედვითაც კრემლის მოწინააღმდეგეებსა და უბრალოდ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრების სხვანაირ სტილს მისდევენ, ტერორისტებად და ექსტრემისტებად ნათლავენ. ბევრი მიიჩნევს, რომ სწორედ ამ დამოკიდებულების ბრალია მოსკოვში მომხდარი თავდასხმა, რადგან რუსეთის უშიშროების სამსახურს ყურადღება საკუთარი მოქალაქეების დევნაზე და, შესაბამისად, პუტინის ძალაუფლების გამყარებაზე აქვს გადატანილი.
"ის ხალხი, რომელიც პოტენციური ტერორისტების მონიტორინგს უნდა ატარებდეს, დევნის ადამიანებს, ვინც უკრაინაში მიმდინარე ომს გმობს და მათ ტერორიზმის დამქაშებად აცხადებს", - ამბობს კვლევით ცენტრ SOVA-ს წარმომადგენელი ალექსანდრ ვერხოვსკი.
მაგრამ მოსკოვის ტერაქტი პუტინს სერიოზულ ზიანს აყენებს, რადგან უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან მისი მთავარი გზავნილი რუსი ხალხისთვის იყო სტაბილურობისა და ნორმალური ცხოვრების შენარჩუნება. მაგრამ, რუსეთის რეალური პრობლემების მოგვარების ნაცვლად მისი სახელმწიფო აპარატი ახლა კიდევ უფრო არის მოტივირებული, რომ პრეზიდენტის სრული კონტროლი გაამყაროს.
ამის საფასურს რიგითი რუსები და, რა თქმა უნდა, რუსეთის მეზობელი ქვეყნები გადაიხდიან.
წყარო: POLITICO.EU
0 კომენტარი