თურქეთის ადგილობრივ არჩევნებში მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ დიდ ქალაქებში მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოიპოვა, რითაც დიდი დარტყმა მიაყენა მოქმედ პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს. სტამბოლის მოქმედმა მერმა, „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატმა ექრემ იმამოღლუმ, ხმების 50 %-ზე მეტი მიიღო და ერდოღანის „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ კანდიდატი მურათ ქურუმი დაამარცხა. სტამბოლში, სადაც თურქეთის მოსახლეობის მეხუთედი ცხოვრობს, არჩევნებში გამარჯვება ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილის კონტროლს ნიშნავს, მათ შორის, ვაჭრობის, ტურიზმისა და ფინანსების. ადგილობრივ არჩევნებში ლიდერობს დედაქალაქ ანკარას მერიც, ოპოზიციის კანდიდატი მანსურ იავასი, რომელიც, ხმების ნახევრის დათვლის შემდეგ, სულაც 60%-ს აგროვებს. ადგილობრივი პრესა წერს, რომ 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის იმამოღლუ და იავასი საკმაოდ რეალურ კანდიდატებად განხილებიან.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ოპოზიციური „სახალხო რესპუბლიკური პარტია“ ასევე ლიდერობს თურქეთის ბევრ სხვა დიდ ქალაქში, მათ შორის იზმირში, ბურსაში, ადანასა და ანტალიაში. რაც შეეხება ერდოღანის პარტიას, მან უკეთესი შედეგები აჩვენა და გაიმარჯვა ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში, ასევე სამხრეთ-აღმოსავლეთის იმ ქალაქებში, სადაც 2023 წელს დამანგრეველი მიწისძვრები მოხდა - კაჰრამანმარაშსა და გაზიანთეფში.
თურქეთში მუნიციპალური არჩევნები გუშინ ჩატარდა. არჩევნებში მონაწილეობის უფლება დაახლოებით 61 მილიონ თურქს ჰქონდა. ქვეყნის 81 პროვინციაში ამომრჩეველთა აქტივობამ 77%-ს გადააჭარბა.
0 კომენტარი