სომხეთის ბანკებირუსული გადახდის ბარათის, „Mir“-ის საშუალებით განხორციელებულ ტრანზაქციებს აღარ განახორციელებენ, რისი მიზეზიც უკრაინაში მიმდინარე ომის გამო რუსეთისთვის დაწესებული ფინანსური სანქციებია. 2022 წლის სექტემბერში აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი უცხოურ ბანკებს მეორადი სანქციებით დაემუქრა, თუ ისინი Mir-ის ბარათებს მოემსახურებიან. სომხეთის ბანკების კავშირმა განაცხადა, რომ ქვეყნის კომერციული ბანკები 30 მარტიდან შეწყვეტენ რუსული ბარათების მომსახურებას, მაგრამ გამონაკლისი დაწესდება იმ ბარათებზე, რომლებიც რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი VTB ბანკის სომხური შვილობილი კომპანიის მიერ არის გამოშვებული.
ამასთან, სომხეთმა საკუთარ ტერიტორიაზე ვლადიმირ სოლოვიოვის გადაცემების ჩვენება აკრძალა. ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პუტინისტი პროპაგანდისტის საავტორო პროგრამა რუსეთის სახელმწიფო ტელეკომპანია „რტრ პლანეტაზე“ გადის. სოლოვიოვის გადაცემების ტრანსლირების შეწყვეტა პირობების დარღვევისთვის მოხდება. საუბარია შეთანხმების იმ მუხლზე, რომელიც ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევასა და შეურაცხმყოფელი შინაარსის პროგრამების ტრანსლირებას გამორიცხავს. რადიო თავისუფლების სომხური სამსახურის ინფორმაციით, სომხეთის მთავრობამ რუსეთს ჯერ კიდევ თებერვალში გაუგზავნა საპროტესტო ნოტა მასობრივი ტელეკომუნიკაციების სფეროში თანამშრომლობის ორმხრივი შეთანხმების დარღვევის გამო და განაცხადა, რომ სომხეთის რესპუბლიკა არ მოითმენს გადაცემებს ისეთი შინაარსით, რომელიც სახელმწიფოსა და ხალხის ღირსებას შეურაცხყოფს.
0 კომენტარი