რუსეთში ბენზინისა და დიზელის საწვავის ყოველკვირეული წარმოება ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმების გამო მნიშვნელოვნად მცირდება. „როსსტატის“ მონაცემებით, მარტის ბოლოსთვის რუსეთში ბენზინის წარმოებამ წლიური თვალსაზრისით 14%-ით იკლო, ხოლო დიზელის საწვავისამ - 7%-ით.
გასულ კვირას გამოცემა „ნოვაია გაზეტა ევროპამ“ დაწერა, რომ მარტის შუა რიცხვებისთვის უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში საავტომობილო საწვავის წარმოების დაახლოებით მეექვსედი (16%) გამოიყვანეს წყობიდან.
მარტში უკრაინელთა თავდასხმის სამიზნე ისეთი ობიექტები გახდა, როგორებიცაა კომპანია „როსნეფტის“ ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ქალაქ რიაზანში და „ლუკოილის“ ქარხანა ნიჟნი ნოვგოროდის რეგიონში. ორივე მათგანი რუსეთის 10 უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში შედის და მოსკოვს ბენზინით ამარაგებს.
აღსანიშნავია, რომ ოფიციალურად კიევს ამ თავდასხმებზე პასუხისმგებლობა არ აუღია, თუმცა „ფაინენშელ თაიმსი“ სამ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ვაშინგტონმა მოუწოდა კიევს, შეაჩეროს შეტევები რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, რადგან ამან შესაძლოა ნავთობის მსოფლიო ფასების ზრდა გამოიწვიოს.
0 კომენტარი