წინასწარი შედეგების მიხედვით, აზერბაიჯანის მოქმედი პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საპრეზიდენტო არჩევნებში 94%-იანი მხარდაჭერით ლიდერობს - ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის საარჩევნო კომისიამ გამოაქვეყნა.
Freedom House-ის მონაცემების მიხედვით, აზერბაიჯანი მსოფლიოში ყველაზე ნაკლებად თავისუფალ ქვეყნებს შორისაა. ამასთან, საერთაშორისო დამკვირებლების განცხადებით, „1990-იანი წლების დასაწყისიდან, აზერბაიჯანში ჩატარებული არჩევნები არ მიიჩნევა სანდოდ და კონკურენტულად".
აღსანიშნავია, რომ არჩევნების წინ, სულ მცირე, 13 დამოუკიდებელი ჟურნალისტი დააკავეს. დაპატიმრებულია ოპოზიციისა და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებიც.
მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვების მოპოვების შესახებ ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, მისი ადმინისტრაცია ავრცელებს ინფორმაციას, რომ "პრეზიდენტი ალიევი სხვადასხვა ქვეყნის ლიდერს, მათ შორის, ბელორუს ალექსანდრე ლუკაშენკოს ესაუბრა, რომელმაც მას საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა". ითქვა ისიც, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი გახლდათ ევროკავშირის პირველი ლიდერი, რომელმაც აზერბაიჯანის პირველ პირს „უზარმაზარი და უდავო გამარჯვება“ მიულოცა.
ადგილობრივი მედიასაშუალებების ინფორმაციით კი, ბაქოსა და სხვა დიდი ქალაქების ქუჩებში, საზოგადოება პრეზიდენტ ალიევის გამარჯვებას უკვე ზეიმობს.
0 კომენტარი