ბირთვული საშიშროების აღკვეთის მოტივით, ისრაელმა ირანს, 13 ივნისის გამთენიისას ავიადარტყმებით შეუტია.
ირანზე ისრაელის შეტევაში ჩართული იყო ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების 200-ზე მეტი თვითმფრინავი. ამის შესახებ ბრიფინგზე განაცხადა ისრაელის თავდაცვის არმიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, თადარიგის გენერალმა ეფი დეფრინმა.
ოფიციალური ინფორმაციით, ისრაელის გამანადგურებლებმა ირანის ტერიტორიაზე 330-ზე მეტი საბრძოლო მასალით დაარტყეს 100-ზე მეტ სამიზნეს - სამხედრო და ბირთვული პროგრამის ობიექტებს.
დეფრინის თანახმად, დარტყმების შედეგად ლიკვიდირებული არიან ირანის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი მოჰამად ბაღერი, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური ჰოსეინ სალამი და კიდევ რამდენიმე სამხედრო მაღალჩინოსანი.
ისტორიულად ორ დაპირისპირებულ ქვეყანას შორის, მორიგი სამხედო კონფლიქტის წამოწყებას, მსოფლიო ლიდერები მალევე გამოეხმაურნენ. ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ ახლა სასწრაფოდ უნდა მოხდეს ამ კონფლიქტის დეესკალაცია, რაშიც შეერთებული შტატები და სამხედრო ალიანსის სხვა გავლენიანი წევრები დროულად უნდა ჩაერთონ. მანვე აღნიშნა, რომ დეესკალაციის პროცესში თავად ალიანსი ჩართული არ არის.
"ცხადია, სწრაფად ცვალებადი სიტუაციაა. ეს იყო ისრაელის ცალმხრივი ქმედება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ბევრი მოკავშირისთვის, მათ შორის შეერთებული შტატებისთვის, უმნიშვნელოვანესია, რომ იმუშაონ დეესკალაციაზე. ვიცი, რომ ისინი ამას აკეთებენ. ვფიქრობ, ეს არის ახლა უპირველესი. ცხადია, ნატოს მოკავშირეები ამ კრიზისს გაუმკლავდებიან. ყველა მის დეესკალაციაზეა ორიენტირებული. აშშ, რა თქმა უნდა, ამაზე მუშაობს სხვა მოკავშირეებთან ერთად. ნატო, როგორც ალიანსი არ არის ჩართული პროცესში, რადგან ის რეალურად ევროატლანტიკურ სამყაროზეა ორიენტირებული. თუმცა, ცხადია, ნატოს მოკავშირეები ინდივიდუალურად და ერთმანეთთან თანამშრომლობით მონაწილეობენ პროცესის შეჩერებაში. რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს ამ კონფლიქტის დეესკალაცია. ჩვენი შეფასებით, ვითარება სწრაფად იცვლება. ეს ყველაფერი გუშინ ღამით დაიწყო. რა თქმა უნდა, ამას შემდეგი ნაბიჯიც მოჰყვება. ამიტომ, ახლა რთულია ზუსტად იმის პროგნოზირება, თუ რა მოხდება მომდევნო 24, 48 საათის განმავლობაში. უნდა შევინარჩუნოთ ძალისხმევა, რათა ვუზრუნველყოთ, რომ კონფლიქტის დეესკალაცია მოხდეს,"– განაცხადა რუტემ.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, განცხადება სოციალურ პლატფორმა Truth Social- ზე გამოაქვეყნა და აღნიშნა, რომ მან ირანს შეთანხმების შანსი მისცა, თუმცა ეს შანსი მათ ხელიდან გაუშვეს.
"ირანს შეთანხმების მიღწევის შანსი მივეცი, ვუთხარი: "უბრალოდ გააკეთეთ ეს", მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ძლიერ შეეცადნენ, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ახლოს იყვნენ, უბრალოდ ვერ შეძლეს ამის გაკეთება. ვუთხარი მათ, რომ ეს გაცილებით უარესი იქნებოდა, ვიდრე ყველაფერი, რაც აქამდე იცოდნენ, ელოდნენ ან მათთვის უთქვამთ. ვუთხარი, რომ შეერთებული შტატები მსოფლიოში საუკეთესო და ყველაზე ლეტალურ სამხედრო აღჭურვილობას აწარმოებს და რომ ისრაელს ბევრი მათგანი აქვს და კიდევ მეტი ექნება და მათ იციან, როგორ გამოიყენონ ის. ზოგიერთი ირანელი მკაცრად და გაბედულად საუბრობდა, მაგრამ არ იცოდნენ, რა მოხდებოდა. ახლა ყველა მკვდარია", – წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული საჰაერო დარტყმები არაპროვოცირებული და მიუღებელია. უწყება აღნიშნავს, რომ ამ ქმედებამ ძირი გამოუთხარა ირანის შეკავების მცდელობას, ბირთვული თავშეკავებისკენ.
"გაეროს სუვერენული წევრი სახელმწიფოს, მისი მოქალაქეების, მძინარე მშვიდობიანი ქალაქებისა და ბირთვულ-ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების წინააღმდეგ არაპროვოცირებული სამხედრო დარტყმები კატეგორიულად მიუღებელია. ირანზე განხორციელებულმა დარტყმებმა ძირი გამოუთხარა ირანის ბირთვული პროგრამის გარშემო კონფრონტაციის შემცირებისკენ მიმართულ მრავალმხრივ ძალისხმევას", – აღნიშნულია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
დღესვე, 13 ივნისს გამთენიისას, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ გამოაცხადა, რომ ირანში დაარტყეს "ბირთვული პროგრამის გულს" - ურანის გამდიდრების მთავარ ობიექტს ქალაქ ნათანზში, ასევე ირანელ მეცნიერებს, რომლებიც ბირთვული ბომბის შესაქმნელად მუშაობენ და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ცენტრს.
ნეთანიაჰუს თანახმად, ოპერაცია გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება გასანეიტრალებლად ირანისგან მომდინარე საფრთხის, რომელიც ისრაელის არსებობას ემუქრება. თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ოპერაციას "პრევენციული" უწოდა.
0 კომენტარი