ომის დასასრულებლად პუტინი იმის წერილობით დასტურს მოითხოვს, რომ ნატო აღმოსავლეთით აღარ გაფართოვდება, ეს კი უკრაინის გარდა საქართველოს, მოლდოვასა და პოსტსაბჭოთა სივრცის სხვა სახელმწიფოებს მოიცავს.
Reuters სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩართულ 3 ანონიმურ წყაროს ელაპარაკა რუსეთიდან, რომლებზე დაყრდნობითაც სააგენტო ექსკლუზიურად წერს, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს ღია კარის პოლიტიკის შეჩერებას მოსკოვი კონტინენტის მთავარი ძალებისგან მოითხოვს. რუსეთის მთავრობას ამ საკითხთან დაკავშირებით სააგენტოს კითხვებისთვის ჯერ არ უპასუხია. ამასთან მოსკოვი მანამდე ხაზს უსვამდა, რომ კონფლიქტის დასასრულებლად საჭირო იყო „პირველადი მიზეზების” გადაწყვეტა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გუშინ დაადასტურა, რომ მოსკოვი უკრაინაში ომის დასრულებისთვის რუსული პირობების შედგენის პროცესშია. კიევმა კი საკუთარი დოკუმენტი ვაშინგტონს უკვე გადასცა. კიევის პოზიცია უცვლელია, რუსეთს არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება უკრაინის ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის ნატოში გაწევრების საკითხზე.
Reuters-ის ცნობით, რუსეთის მოთხოვნებს შორის უკრაინის სამხედრო ნეიტრალიტეტია. აგრეთვე კრემლს სურს, მასზე დაკისრებული სანქციები მოიხსნას.

0 კომენტარი