სტამბოლში, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების სამშვიდობო მოლაპარაკებები ორ საათზე ნაკლებ დროში დასრულდა. ინფორმაცია ადგილზე მყოფმა მედიამ და უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლებმა გაავრცელეს.
მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ უკრაინულმა მხარემ აღნიშნა, რომ რუსეთის წარმომადგენლებმა არარეალისტური მოთხოვნები წამოაყენეს – პირობები, რომლებიც მნიშვნელოვნად აღემატება ყველა წინა მოთხოვნას, რაც კი რუსეთს ოდესმე წამოუყენებია.
რუსულმა მხარემ მოითხოვა, რომ უკრაინამ გაიყვანოს თავისი ჯარები რუსეთის მიერ ანექსირებული ოთხი რეგიონიდან: დონეცკიდან, ლუჰანსკიდან, ხერსონიდან და ზაპოროჟიიდან. უკრაინული წყაროების თანახმად, რუსეთის დელეგაციას არ ჰქონდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების მანდატი. უკრაინული მხარის განცხადებით, ისინი მზად არ არიან ომის დასასრულებლად რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღონ.
სტამბოლში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა რუსტემ უმეროვმა განაცხადა, რომ რუსეთი და უკრაინა "1000/1000-ზე ფორმულით" ტყვეების გაცვლაზე შეთანხმდნენ. მისივე განცხადებით, თარიღი უკვე ცნობილია, თუმცა ჯერჯერობით, კონკრეტული დრო არ დაუსახელებია.
აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის შეხვედრას ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი არ დასწრებიან. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ვლადიმერ პუტინი იმის გამო გააკრიტიკა, რომ მოლაპარაკებებზე "რეალური გადაწყვეტილების მიმღები პირები" არ გამოგზავნა.
მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლელ ლიდერებთან ერთად შეერთებული შტატების პრეზიდენტს ტელეფონით ალბანეთიდან ესაუბრა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-6 სამიტი იმართება. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა რეალური მშვიდობისთვის რაც შეიძლება სწრაფი ნაბიჯები გადადგას და მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ მტკიცე პოზიციები დაიკავოს.
0 კომენტარი