რუსეთის ტყვეობაში ყოფნისას წამებისა და არაადამიანური მოპყრობისგან დაღუპული უკრაინელი ჟურნალისტის, ვიქტორია როშჩინას ცხედარს რამდენიმე ორგანო სავარაუდოდ, ამოცლილი აქვს. ინფორმაციას ჟურნალისტური საგამოძიებო ქსელი "აკრძალული ისტორიები" ადასტურებს.
უკრაინელი ჟურნალისტი 2023 წლის ზაფხულში, ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურთან ახლოს დააკავეს.
2024 წლის აპრილში რუსეთმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ვიქტორია როშჩინა კრემლის ტყვეობაში იმყოფება. იმავე წლის ოქტომბერში, ჟურნალისტის ოჯახმა რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისგან მისი გარდაცვალების შესახებ წერილი მიიღო, თუმცა მასში არ იყო დასახელებული, რამ გამოიწვია სიკვდილი.
მიმდინარე წლის თებერვალში, მოსკოვმა კიევს 757 უკრაინელის ცხედარი გადასცა. მათ შორის ვიქტორია როშჩინას ცხედარიც, თუმცა რუსულ საბუთებში ხსენებული როგორც "მამაკაცის ამოუცნობი სხეული" ნომრით "757".
უკრაინის გენერალური პროკურატურის სამხედრო ხელმძღვანელობის მეთაურის, იური ბელოუსოვის თქმით, ცხედრის მდგომარეობა ართულებდა, გარდაცვალების მიზეზი სამედიცინო ექსპერტიზის მეშვეობით დადგენილიყო. მისივე განმარტებით, ვიქტორია როშჩინას სხეულს აღენიშნებოდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის არაერთი კვალი.
როშჩინას სხეულზე ძალადობისა და სასტიკი მოპყრობის მრავალი კვალი აღმოაჩინეს: ნაკაწრები, სილურჯეები და მოტეხილი ნეკნი. ექსპერტები ფიქრობენ, რომ მას ელექტროშოკითაც აწამებდნენ.
უკრაინაში ჩატარებული ექსპერტიზის თანახმად, ჟურნალისტს აღარ ჰქონდა რამდენიმე ორგანო, მათ შორის ტვინი, თვალები და ტრაქეის ნაწილი.
0 კომენტარი