სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუსთვის პატიმრობის შეფარდებით გამოწვეულ საპროტესტო აქციებზე თურქეთში 1 133 დემონსტრანტი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, ალი იერლიკაია ავრცელებს. 

დაკავებულთა შორის ცხრა ჟურნალისტია, რომლებიც აქციებს აშუქებდნენ. იერლიკაიას მიხედვით, საპროტესტო აქციების დროს 123 პოლიციის თანამშრომელი დაშავდა. 

კვირას, თურქეთის სასამართლომ ეკრემ იმამოღლუს პატიმრობა მიუსაჯა. სტამბოლის მერი კორუფციისა და ექსტრემიზმის ბრალდებით 19 მარტს საკუთარ სახლში დააკავეს.

იმამოღლუს დაკავებას სტამბოლსა და თურქეთის სხვა ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა. მიუხედავად იმისა, რომ ქუჩებში შეკრებაზე ბევრ ქალაქში აკრძალვა ამოქმედდა, ანტისამთავრობო დემონსტრაციები გუშინ, მეხუთე ღამის განმავლობაში გაგრძელდა.

თურქეთის სახალხო რესპუბლიკური პარტიის ლიდერის, ოზგიურ ოზელის თქმით, "ეს ნაბიჯი გადატრიალების მცდელობაა მომავალი პრეზიდენტის წინააღმდეგ".

მანამდე, 18 მარტს, სტამბოლის უნივერსიტეტმა იმამოღლუს დიპლომი გააუქმა. უნივერსიტეტის დიპლომის გარეშე იმამოღლუ ვერ შეძლებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას.

იმამოღლუს დაკავების გასაპროტესტებლად თურქეთის თორმეტზე მეტ ქალაქში, მათ შორის, სტამბოლსა და დედაქალაქ ანკარაში, მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.

მომიტინგეების წინააღმდეგ, რომლებიც ქალაქში 26 მარტამდე გახანგრძლივებულ შეკრებების აკრძალვას არ დაემორჩილნენ, პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და წიწაკის სპრეი გამოიყენა.

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *