ამერიკის შეერთებული შტატების, ავსტრალიის, ბაჰრეინის, ბელგიის, კანადის, დანიის, გერმანიის, იტალიის, იაპონიის, ნიდერლანდების, ახალი ზელანდიისა და გაერთიანებული სამეფოს მთავრობები, წითელ ზღვაში განხორციელებულ თავდასხმებზე, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.  

განცხადებაში ნათქვამია, რომ "ბოლო კვირების განმავლობაში განხორციელებული თავდასხმები წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო პრობლემას, რომელიც ერთობლივ მოქმედებას მოითხოვს".

“წითელ ზღვაში, ჰუთების მიერ ორგანიზებული თავდასხმები უკანონო, მიუღებელი და ღრმა დესტაბილიზაციის გამომწვევია. სამოქალაქო და კომერციული გემების მიზანში ამოღებას კანონიერი გამართლება არ გააჩნია. რაკეტების, დრონებისა თუ პატარა ნავების გამოყენებით თავდასხმები პირდაპირ უქმნის საფრთხეს ნავიგაციის თავისუფლებას, რომელიც ემსახურება გლობალურ ვაჭრობას კრიტიკულად მნიშვნელოვან არეალში", - ნათქვამია სახელმწიფოების ერთობლივ განცხადებაში. 

განცხადებაში მითითებულია ისიც, რომ "თავდასხმები მთელ მსოფლიოში საფრთხეს უქმნის უდანაშაულო ადამიანების სიცოცხლეს და წარმოადგენს მნიშვნელოვან საერთაშორისო პრობლემას, რაც კოლექტიურ მოქმედებას მოითხოვს. გლობალური საზღვაო ვაჭრობის, თითქმის 15%, წითელ ზღვაზე გადის, მათ შორის, მარცვლეულის გლობალური ვაჭრობის 8 %, ნავთობის გადაზიდვის 12% და თხევადი ბუნებრივი გაზის მსოფლიო ვაჭრობის 8%. საერთაშორისო გადამზიდავი კომპანიები კი, მარშრუტს შემოვლითი გზებით ახორციელებენ, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ხარჯებს და ასევე, კვირების განმავლობაში გვიანდება მიწოდების პროცესი". 

"საბოლოოდ, ეს საფრთხეს უქმნის მთელ მსოფლიოში საჭირო საკვების, საწვავისა და ჰუმანიტარული დახმარების გადაადგილებას. ჩვენი გზავნილი ნათელია: ჩვენ მოვუწოდებთ, დაუყოვნებლივ შეწყდეს უკანონო თავდასხმები და გათავისუფლდეს უკანონოდ დაკავებული გემები და ეკიპაჟები. ჰუთებს დაეკისრებათ პასუხისმგებლობა შედეგებზე, თუ ისინი განაგრძობენ საფრთხის შექმნას ადამიანებისთვის, გლობალური ეკონომიკისა და სავაჭრო ნაკადებისთვის. ჩვენ ვრჩებით საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგის ერთგულნი და ვთანხმდებით, პასუხისმგებლობა დავაკისროთ მავნე აქტორებს უკანონო მოქმედებებისა და თავდასხმებისთვის", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *