უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა მშვიდობისკენ ისწრაფვის და რომ თავად ის მზადაა ამ მიმართულებით ძალისხმევისთვის "პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ლიდერობის ქვეშ".
"არცერთ ჩვენგანს არ სურს დაუსრულებელი ომი. უკრაინა მზად არის, რაც შეიძლება სწრაფად დაჯდეს მოლაპარაკებების მაგიდასთან, რათა დავაჩქაროთ საიმედო მშვიდობა. არავის არ სურს მშვიდობა უკრაინელებზე უფრო მეტად. მე და ჩემი გუნდი მზად ვართ, ვიმუშაოთ პრეზიდენტ ტრამპის ძლიერი ლიდერობით მყარი მშვიდობის მისაღწევად," დაწერა ზელენსკიმ პლატფორმა X-ზე.
"მზად ვართ, სწრაფად ვიმუშაოთ ომის დასასრულებლად და პირველ ეტაპებად შეიძლება იქცეს ტყვეთა გათავისუფლება, დაუყოვნებელი დაზავება ცაში: რაკეტების, შორ მანძილზე მოქმედი დრონების, ენერგეტიკული და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვის აკრძალვა, და დაუყოვნებელი დაზავება ზღვაში, თუ რუსეთი იმავეს გააკეთებს. შემდეგ გვსურს, ძალიან სწრაფად გავიაროთ ყველა შემდეგი ეტაპი აშშ-სთან ერთად და შევთანხმდეთ ძლიერ და საბოლოო შეთანხმებაზე," წერს ზელენსკი.
თავის განცხადებაში უკრაინის პრეზიდენტმა ისაუბრა გასულ კვირაში თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე, რომლის დროსაც შელაპარაკება მოუვიდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან და ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსთან.
"პარასკევს ჩვენი შეხვედრა ვაშინგტონში, თეთრ სახლში, ისე არ წარიმართა, როგორც ეს იყო ნავარაუდევი. საწყენია, რომ ეს მოხდა. დროა, ყველაფერი სწორად გავაკეთოთ. ვისურვებდით, რომ შემდგომი თანამშრომლობა და ურთიერთობა კონსტრუქციული იყოს," წერს ზელენსკი.
ის შეეხო ასევე შეთანხმებას, რომლის ხელმოწერა არ შედგა გასული კვირის ცხარე შეკამათების გამო.
"რაც შეეხება მინერალებისა და უსაფრთხოების შესახებ შეთანხმებას, უკრაინა მზად არის, ხელი მოაწეროს მას ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ფორმატში. ჩვენ ამ შეთანხმებას უსაფრთხოების სანდო გარანტიად განვიხილავთ და გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ ის ეფექტიანად იმოქმედებს," ასკვნის უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.
წერილში ის ასევე მადლობას უხდის აშშ-ს მისი დახმარებისთვის უკრაინის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის ბრძოლაში.
0 კომენტარი