თურქეთი, რომელსაც NATO-ში აშშ-ს შემდეგ ყველაზე დიდი არმია ჰყავს, მზადაა, უკრაინაში სამშვიდობო ძალების სახით ჯარები გაგზავნოს. ინფორმაციას გამოცემა Bloomberg საკითხზე ინფორმირებულ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.
Bloomberg-ის ცნობით, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის საკითხი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან თებერვლის დასაწყისში ანკარაში გამართული შეხვედრების დროს განიხილა.
როგორც გამოცემა წერს, თურქეთის განზრახვა დაეხმარება რუსეთ-უკრაინის კრიტიკულად მნიშვნელოვანი პოტენციური სამშვიდობო ზავის მონიტორინგს, რათა შეუმსუბუქდეს ტვირთი უკრაინის ევროპელ მოკავშირეებს, მათ შორის, დიდ ბრიტანეთს, გერმანიასა და საფრანგეთს, რომლებიც ომის დასრულების შემდეგ უკრაინაში სამშვიდობო ძალების გაგზავნას გეგმავენ.
ანონიმური წყაროების ცნობით, თურქეთი არ მიიღებს მონაწილეობას არცერთ სამშვიდობო მისიაში, თუ ამგვარი მისიის ფორმირების საკითხებისთვის ყოველ კონსულტაციასა და მოსამზადებელ პროცესებში ჩართული არ იქნება.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ საფრანგეთის ფინანსთა მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებით, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი და სხვა ევროპული სახელმწიფოები მზად არიან, შესაძლო ზავის უზრუნველსაყოფად სამხედროები უკრაინაში გაგზავნონ იმ პირობით, რომ აშშ ინიციატივას მხარს დაუჭერს.
"თუ გვინდა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაცული იყოს, ჩვენ აშშ-ს მხარდაჭერა გვჭირდება". - თქვა მან და დაამატა, რომ "ამერიკელები ამაზე დათანხმდნენ".
აშშ-ს პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს აქამდე უთქვამს, რომ სამშვიდობო მისიებში ევროპული ქვეყნების მონაწილეობასა და მათ მიერ უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების შექმნას მხარს დაუჭერს, თუმცა ამავდროულად ტრამპმა სამშვიდობო მისიებში აშშ-ს როლი გამორიცხა.
დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივას უკრაინაში სამშვიდობოების გაგზავნის შესახებ კრემლში დადებითად არ შეხვდნენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, განცხადებით, რუსეთი უკრაინაში ევროპელი სამშვიდობოების განლაგების ვერცერთ ვარიანტს ვერ განიხილავს.
ეს დაადასტურა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომაც. ცოტა ხნის წინ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ რუსეთი არასდროს დათანხმდება უკრაინაში ევროკავშირის სამშვიდობო ძალების გაგზავნას.
TABULA
0 კომენტარი