უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, "რუსეთმა უნდა იგრძნოს ომის ფასი, რათა ნამდვილად მოისურვოს მშვიდობა".

"ჩვენ გვჭირდება მყარი შეთანხმება აშშ-თან, რათა მან ნამდვილად იმუშაოს. მე გავეცი ინსტრუქცია, რომ ვიმოქმედოთ სწრაფად და გონივრულად. ეკონომიკამ და უსაფრთხოებამ მხარდამხარ უნდა იარონ. ამასთან, შეთანხმების პირობებს აქვს მნიშვნელობა. რაც უფრო უკეთაა ის ჩამოყალიბებული, მით უკეთესია შედეგი. ჩვენ ვისაუბრეთ საიმედო და ნათელი უსაფრთხოების გარანტიების შესახებ, რომლებიც უზრუნველყოფს იმას, რომ ომი არ დაბრუნდება და რუსეთი აღარ გაანადგურებს არცერთი ადამიანის სიცოცხლეს. მადლიერი ვარ ყველა პარტნიორის, ვისაც ესმის ჩვენი მყარი პოზიციების საჭიროება – იქნება ეს ფრონტის ხაზზე თუ დიპლომატიაში", – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა. 

როგორც ამერიკული მედია წერს, დიპლომატიაში მნიშვნელოვანი გარდატეხის პროცესი დაიწყო. ვაშინგტონსა და კიევს შორის კი ურთიერთობები სწრაფად იცვლება. შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინა მის ბუნებრივ რესურსებზე 50%-იან წვდომას არ აძლევს, რაც მისი განცხადებით, წარსულში გაცემული და მომავალში უზრუნველსაყოფი უსაფრთხოების გარანტიებისთვისაა აუცილებელი. 

"ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი ძალიან ნაწყენია ზელენსკიზე, რაღაც ნაწილში მეც. რადგან მასთან საუბარი ვიცე-პრეზიდენტის თანდასწრებით მქონდა, განვიხილეთ მინერალებზე უფლებების საკითხი და ავუხსენით მას, რომ: ნახეთ, ჩვენ გვინდა ვიყოთ თქვენთან ერთობლივ საწარმოში – არა იმიტომ, რომ თქვენი ქვეყნის მოპარვას ვცდილობთ, არამედ იმიტომ, რომ ვფიქრობთ, ეს რეალურად უსაფრთხოების გარანტიაა. თუ ჩვენ ვიქნებით თქვენი პარტნიორი მნიშვნელოვან ეკონომიკურ წამოწყებაში, ჩვენ მივიღებთ უკან გადასახადის გადამხდელების თანხას, ამავდროულად კი, ჩვენ დაინტერესებული ვართ უკრაინის უსაფრთხოებით. მეორე დღეს ვკითხულობ, რომ მან უარყო შეთავაზება. იმ შეხვედრაზე კი ეს არ მომხდარა. ჩვენ ვცდილობთ მათ დავეხმაროთ, იმიტომ რომ ამ ვითარებას აქვს გავლენა ჩვენს პარტნიორებზეც. პრეზიდენტ ტრამპზე იმის თქმა, რომ დეზინფორმაციაში ცხოვრობს, კონტრპროდუქტიულია. ტრამპს სურს ომის დასრულება და იმედი აქვს, რომ ზელენსკი იქნება ამაში მისი პარტნიორი", – აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.
უკრაინა იქნება მთავარი განხილვის საკითხი მომავალ კვირას, როდესაც უკვე დაანოსნდა, რომ პრეზიდენტი ტრამპი თეთრ სახლში საფრანგეთის პრეზიდენტს მიიღებს. 
"რამდენიმე დღეში ვაშინგტონში ვიქნები. საკვანძო სიტყვაა – გაურკვევლობა. დონალდ ტრამპი ქმნის გაურკვევლობას, რადგან მას სურს გარიგებები, შეთანხმებების პოვნა. ის ქმნის გაურკვევლობას ვლადიმერ პუტინისთვისაც, ეს კი ჩვენთვის ძალიან კარგია. რუსეთის პრეზიდენტი უყურებს მას და ვერ ხვდება, რა ხდება და ესმის ისიც, რომ ყველაფრის გამკეთებელია. ასე რომ, ეს გაურკვევლობა ვფიქრობ, კარგია ჩვენთვისაც და უკრაინისთვისაც. მე შევეცდები დავარწმუნო ტრამპი, რომ ჩვენ რეალურად ერთი ინტერესი გვამოძრავებს. მე მას ვეტყვი, რომ პრეზიდენტი პუტინის წინაშე სუსტი არ უნდა გამოჩნდეს. ვკითხავ, როგორ აღუდგები წინ ჩინეთს, თუ რუსეთთან სისუსტე გამოიჩინე? თუ რუსეთს უკრაინას დაუთმობ, ამას ექნება შეუჩერებელი შედეგი ევროპელებსა და ყველაზე. ის არა მხოლოდ გაძლიერდება, არამედ გააგრძელებს ინვესტირებას და მიითვისებს უკრაინის ჯარს, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი უდიდესია, მისი მთელი შემადგენლობით, მათ შორის ამერიკული შეიარაღებით. ეს კი სტრატეგიული შეცდომა იქნება. ჩვენ გვინდა ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ არა კაპიტულაცია – ეს საშიშია. ასე რომ, გვსურს გავაგრძელოთ ხელშესახები ზეწოლა რუსეთზე, რათა მივაღწიოთ გრძელვადიან მშვიდობას საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. მეორეს მხრივ კი, ევროპელებმა უნდა გავზარდოთ ჩვენი ძალისხმევა ამ ომში. რაში გვჭირდება ეს? – წინააღმდეგ შემთხვევაში რუსული საფრთხე გაიზრდება“, – აღნიშნა ვაშინგტონში ვიზიტამდე ემანუელ მაკრონმა.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მიუხედავად თეთრი სახლის სკეპტიკური განცხადებებისა, პირადად რუბიო ადასტურებს, რომ საუდის არაბეთში არ განუხილავს მოსკოვის პრეტენზიები უკრაინის ნატოს წევრობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს რუსეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციაა, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება.
"მე მაქვს უდიდესი პატივისცემა უკრაინის მიმართ, იმის გამო რასაც აკეთებს და რასაც იცავს. ალბათ, ყველას გვემახსოვრება ის ფაქტი, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ უარი თქვა ქვეყნის დატოვებაზე და თავშესაფრის ნაცვლად შეიარაღება მოითხოვა. მინდა, ეს ომი მალე დამთავრდეს, რათა უკრაინელებმა შეძლონ საკუთარი ქვეყნის აღდგენა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრირება, როგორებიცაა ევროკავშირი თუ ნატო", – თქვა ნატოს გენერალურმა მდივანმა.  

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *