მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენცია გრძელდება. მსოფლიო ლიდერები ახალ მსოფლიო წესრიგზე და ევროატლანტიკური ურთიერთობების მომავალზე მსჯელობენ.
რა თქმა უნდა, მთავარი უკრაინაა და ის, თუ როგორ უნდა დასრულდეს რუსეთის ომი უკრაინაში.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ შაბათს, 15 თებერვალს კიდევ ერთხელ თქვა, რომ ის არ მიიღებს არც ერთ გარიგებას, რომელიც უკრაინის გარეშე შედგება.
ზელენსკი ასევე ამბობს, რომ მხოლოდ ევროპა, ამერიკის გარეშე, ვერ შეუქმნის უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს.
"მაგრამ ამერიკა გარანტიებს არ წარმოადგენს, თუ ევროპა არ შექმნის ძლიერ გარანტიებს. ასევე, განსახილველ მნიშვნელოვან საკითხებს შორის დარჩება ნატოში უკრაინის გაწევრება",-დასძინა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან ასევე თქვა, რომ ამჟამად ნატოს ყველაზე გავლენიანი მოკავშირე პუტინია, რადგან "ის თავისი ახირებებით ახერხებს დაბლოკოს ნატოს გადაწყვეტილებები".
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტს მიაჩნია, რომ მოვიდა დრო, როდესაც ევროპამ საკუთარი არმია უნდა შექმნას
"გუშინ, მიუნხენში შტატების ვიცე-პრეზიდენტმა განმარტა, რომ ევროპისა და ამერიკის ძველი ურთიერთობები სრულდება. ყველაფერი იცვლება და ამას უნდა შევეგუოთ"- თქვა ზელენსკიმ და დასძინა "დიახ, არმია, არმია სჭირდება ევროპას".
მან კიდევ ერთხელ ისაუბრა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის მიმდინარე კომუნიკაციაზე და აღნიშნა, რომ "სახიფათო იქნება", თუ ტრამპი თავის რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს მასთან მოლაპარაკებამდე შეხვდება.
"უკრაინა არასოდეს მიიღებს შეთანხმებას, რომელიც ჩვენს ზურგს უკან დაიდება ჩვენი მონაწილეობის გარეშე. და ეს წესი მთელ ევროპაზეც უნდა გავრცელდეს" - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
"ახლა, სანამ ჩვენ ამ ომს ვაწარმოებთ და მშვიდობისა და უსაფრთხოებას საფუძველს ვუყრით, უნდა ავაშენოთ ევროპის შეიარაღებული ძალები," თქვა მან.
უკრაინის შეიარაღებული ძალები უსაფრთხოებისთვის საკმარისი ვერ იქნება, თქვა უკრაინის პრეზიდენტმა და ევროპელ კოლეგებს მიმართა: "არიან თქვენი არმიები მზად, თუ რუსეთი თავს დაგესხათ, ან ოპერაცია წამოიწყო ცრუ დროშით?"
ამ რიტორიკულ შეკითხვასთან ერთად ზელენსკიმ გამოთქვა აზრი, რომ "თუ ეს ომი (რუსეთსა და უკრაინას შორის) ისე არ დასრულდება, როგორც საჭიროა, მას (პუტინს) ეყოლება ბრძოლაში გამოცდილი ჯარისკაცები, რომლებმაც სხვა არაფერი იციან, გარდა მოკვლისა და ძარცვისა," თქვა ზელენსკიმ და რუსეთის ჯარის ბელარუსში შეყვანის შესახებ ინფორმაციაზე ილაპარაკა. ზელენსკიმ თქვა, რომ მისი ინფორმაციით, რუსეთი ზაფხულში აპირებს ბელარუსში ჯარის შეყვანას და იკითხა, რისთვის შეიძლება ეს კეთდებოდესო. მან შეახსენა დამსწრეთ, რომ ბელარუსი სამ ევროპულ ქვეყანას ესაზღვრება.
მან დაადასტურა, რომ უკრაინა ნატოში წევრობის სურვილზე უარს არ იტყვის.
0 კომენტარი