რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა კრემლის მედიასაშუალებისთვის „იზვესტია“ მიცემული ინტერვიუსას მოსკოვი-თბილისის ურთიერთობები და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები რამდენჯერმე განიხილა.

გამოცემა „იზვესტიას“ ჟურნალისტის კითხვაზე – „რაზეა დამოკიდებული ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური კავშირების აღდგენა?“ – რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა განაცხადა, რომ „პირობების წაყენება კრემლის პოლიტიკა არაა, თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში, ამის გაკეთება მაინც უწევთ“.

დიპლომატის თქმით, მოსკოვისთვის მნიშვნელოვანია თბილისთან ურთიერთობების განვითარება, რადგან მისი მტკიცებით, ორ ერს „საერთო ისტორია, რწმენა, კულტურა, ფართო ადამიანური და ნათესაური კავშირები აერთიანებს“.

მიხაილ გალუზინმა „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებებიც შეაფასა და მას „პრაგმატული პოლიტიკა“ უწოდა. კრემლის წარმომადგენლის თქმით, სწორედ საქართველოს მმართველი პარტიის ნაბიჯებითაა ნაკარნახევი მოსკოვის გადაწყვეტილებები ავიამიმოსვლასა და უვიზო რეჟიმის აღდგენასთან დაკავშირებით. მანვე რუსეთი საქართველოსთვის „მთავარ ეკონომიკურ პარტნიორად“ დაასახელა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დასავლეთი საქართველოში დესტაბილიზაციის მოწყობისა და ე.წ. „მეორე ფრონტის“ გახსნის მცდელობებში დაადანაშაულა.

„ნამდვილად, დასავლეთი არ იშურებს ძალისხმევას, მოაწყოს სამხრეთ კავკასიაში დესტაბილიზაცია. ამის ნათელი მაგალითია საქართველო. აშშ-მა და ევროკავშირმა გადაწყვიტეს, დემონსტრაციულად დასაჯონ ქვეყანა, რომელმაც მოულოდნელად „გაბედა“ იმოქმედოს საკუთარი და არა თავს მოხვეული წესებით. „მეორე ფრონტის“ გახსნა – ეს დასავლეთისა და უკრაინის კონკრეტული პოლიტიკოსების მოწოდებაა საქართველოს ხელისუფლებისადმი, დაიწყონ საომარი მოქმედებები აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში, რომლებსაც თბილისი „ოკუპირებულად“ თვლის. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაერთხელ განაცხადა, რომ ამ მოწოდებაზე უარის თქმამ გამოიწვია ურთიერთობის გაფუჭება დასავლეთთან. ვაშინგტონი და ბრიუსელი ჩვენს უახლოეს მოკავშირეებზე – აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთზე“ ზეწოლასაც ცდილობენ“, – განაცხადა მიხაილ გალუზინმა.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *