ისრაელის მთავრობამ გამოაქვეყნა სურათები, რომელშიც ჰამასის ტერორისტული ორგანიზაციის 471-დღიანი ტყვეობიდან რომი გონენის, ემილი დამარისა და დორონ შტეინბრეხერის დედებთან დაბრუნების კადრებია ასახული.

 

ყოფილი მძევლების დედები ღაზის სექტორის საზღვართან მოწყობილ სპეციალურ IDF-ის შენობაში ელოდებოდნენ მათ დაბრუნებას, საიდანაც ისინი შემოწმება-მკურნალობის მიზნით უკვე გადაყვანილები არიან საავადმყოფოში, სადაც მათ ოჯახის დანარჩენი წევრები ელოდებიან.

ჰამასის ტყვეობიდან შვილის გათავისუფლების შემდეგ, დორონ შტეინბრეხერის ოჯახმა მადლიერების გამოხატვის მიზნით განცხადება გამოაქვეყნა:

"გაუსაძლისი 471 დღის შემდეგ, ჩვენი საყვარელი დოდო საბოლოოდ დაუბრუნდა ჩვენს ხელებს. გვინდა, გულითადი მადლობა გამოვხატოთ ყველას მიმართ, ვინც მხარს გვიჭერდა და თან გვახლდა ამ გზაზე". - წერია განცხადებაში.

"სპეციალური მადლობა ისრაელელ ხალხს მათი თბილი ჩახუტებისთვის, უდრეკი მხარდაჭერისთვის და იმ ძალისთვის, რომელიც ყველაზე ბნელ წუთებში მოგვანიჭეს. ჩვენ ასევე მადლიერებას გამოვხატავთ პრეზიდენტი ტრამპის მიმართ, მისი მნიშვნელოვანი ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის, რაც ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავს". - ნათქვამია გათავისუფლებული დორონ შტეინბრეხერის ოჯახის განცხადებაში.

დღეს, 19 იანვარს, ღაზის სექტორში ისრაელსა და ჰამას შორის დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება თითქმის 3 საათის დაგვიანებით ამოქმედდა. აღნიშნულ შეთანხმებას მხარეებმა 15 იანვარს მიაღწიეს.

შეთანხმება სამ ეტაპს მოიცავს, პირველ ეტაპზე, რომელიც ექვსი კვირის განმავლობაში გაგრძელდება, ჰამასი 33 ისრაელელ მძევალს გაათავისუფლებს, მათ შორის ქალებს (სამხედრო და სამოქალაქო პირებს), ბავშვებს და 50 წელს გადაცილებულ კაცებს, ისრაელი კი პირველი ფაზის ბოლომდე ციხეებში დაკავებულ პალესტინელ ქალებსა და 19 წლამდე ბავშვებს გაათავისუფლებს. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *