ირაკლი ბებუას დედას ჟურნალისტი ქეთი ფარცხალაძე ესაუბრა
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუამ, 2020 წლის 30 სექტემბერს, როდესაც სეპარატისტული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა „დამოუკიდებლობისა და გამარჯვების დღეს“ აღნიშნავდა, გალში, რაიონული კულტურის სახლის ფასადზე მიმაგრებული დროშის დაწვა სცადა. ის მალევე დააკავეს. მოგვიანებით, აფხაზეთის დე-ფაქტო მილიციამ, მისი სახლიდან ხელყუმბარა ამოიღო.
ბებუას აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გალის საქალაქო სასამართლომ ბრალი სახელმწიფო სიმბოლიკის შეურაცხყოფისთვის, სხვისი ქონების განზრახ განადგურებისა და დაზიანებისთვის წაუყენა. ასევე, მას ბრალი წარედგინა საბრძოლო მასალის უკანონო შენახვისთვის. ირაკლი ბებუამ აღიარა, რომ დროშის დაწვა სცადა, მაგრამ საბრძოლო მასალის შენახვა უარყო. მას ცხრაწლიანი პატიმრობა მიესაჯა და ამ დრომდე სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში იხდის - იქ, სადაც ერთი დღე ორად ითვლება. შესაბამისად, მისჯილი 9-წლიანი პატიმრობის ვადა ბებუასთვის 4 წლითა და ექვსი თვით განისაზღვრა.
ირაკლი ბებუას ოჯახი აფხაზეთიდან დევნილია. ის 5 თვის იყო, როდესაც ოჯახმა აფხაზეთი იძულებით დატოვა, თუმცა გალში მცხოვრებ ბებიასთან დროდადრო ჩადიოდა. ირაკლი ბებუა ოკუპირებულ რეგიონში დაკავებამდე, დაახლოებით, 4 წელი ცხოვრობდა. ოჯახის ინფორმაციით, გალში სახლი აღადგინა და აფხაზეთთან კავშირის შენარჩუნებას ცდილობდა. როგორც მისი ოჯახი ამბობს, აფხაზეთის დროშაც ირაკლი ბებუამ ქართველებსა და აფხაზებს შორის მეგობრობის აღდგენის სურვილით დაწვა და არა სიძულვილის გამოხატვის მიზნით.
რამდენიმე დღის წინ, ირაკლი ბებუა ,,წითელმა ჯვარმა” მოინახულა. ოჯახის ინფორმაციით, საერთაშორისო ორგანიზაცია მათ მხოლოდ ფიზიკური მდგომარეობის შესახებ აწვდის ინფორმაციას. ,,გლობალნიუსი” შეეცადა ,,წითელი ჯვრისგან” დამატებითი ინფორმაციის მიღება. გვიპასუხეს, რომ მანდატი მედიასთან ინფორმაციის გასაჯაროების უფლებას არ აძლევთ.
ირაკლი ბებუას დედას არ აქვს მოლოდინი, რომ მისი შვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო სასჯელის მოხდამდე გათავისუფლდება. ამის მიუხედავად, ხელისუფლებას სთხოვს, შვილის გათავისუფლებაში, ასევე, შვილთან კომუნიკაციის უზრველყოფასა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაში დაეხმაროს, რადგან ირაკლი ბებუას მძიმე ქრონიკული დაავადებები აქვს და იზოლატორში შესაბამის მკურნალობას ვერ იღებს.
0 კომენტარი