მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის ბოლოს საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა გახდა, ბრიუსელმა ოფიციალურ თბილისთან შემდგომი მოლაპარაკებების პროცესი სრულად გაყინა. მიზეზი საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების ქართული პოლიტიკისთვისაც კი უპრეცედენტოდ ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური ნაბიჯებია. სწორედ “ქართული ოცნების” მიერ საგარეო პოლიტიკასთან საშიში თამაშის გამო, ქვეყანა სრულიად ქაოტურ მდგომარეობაში აღმოჩნდა გაურკვეველი მომავლის პერსპექტივით. ასეთმა გარემოებამ 26 ოქტომბრის მოახლოებული არჩევნების მიმართ მოლოდინი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ, კიდევ უფრო გაამძაფრა. გზავნილი საერთოა - საქართველომ უნდა მოახერხოს დემოკრატიის ტესტის ჩაბარება, რაც პირველ რიგში, საარჩევნო შედეგებში ქართველი ხალხის ნების შესაბამისად ასახვას გულისხმობს. რა თქმა უნდა, ამ პროცესში ერთ-ერთი საკვანძო როლი სადამკვირვებლო მისიებს ენიჭებათ, რომელთა დიდი ნაწილი უკვე საქართველოშია და წინასაარჩევნო პროცესს სწავლობს. ერთ-ერთი ყველაზე დიდი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის გრძელვადიანი დამკვირებლები ქვეყნის მასშტაბით უკვე მუშაობენ, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტია (IRI). როგორ აფასებს ქართულ პოლიტიკურ დინამიკას ორგანიზაცია, რომლის წარმომადგენლობა მრავალი წელია ქვეყანას სხვადასხვა მიმართულებით ადგილზე ეხმარება, ამასთან, რა გზავნილი აქვს არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლებ დროში, ჩვენ  IRI-ს პრეზიდენტს, დენიელ ტვაინინგს ვესაუბრეთ: 

- პირველ რიგში, მადლობა ინტერვიუზე თანხმობისთვის და შესაძლებლობისთვის, რომ ქართულ პოლიტიკურ დინამიკასთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრებები მოვისმინოთ. საუბარი დავიწყოთ მოახლოებული არჩევნებით - როგორ აფასებთ წინასაარჩევნო პროცესსა და საქართველოში ამჟამად არსებულ პოლიტიკურ ატმოსფეროს? 

- ძალიან ბევრი რამის თქმა შეიძლება იმის შესახებ, რასაც ჩვენ ვაკონტროლებთ და ეს მხოლოდ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ჩვენს შეფასებებს მოიაზრებს. ამჟამად, საქართველოში, IRI-ს 21 გრძელვადიანი დამკვირვებელი 73 მუნიციპალიტეტში მუშაობს. ისინი ძირითადად, აწარმოებენ გამოკითხვებს, ინტერვიუებს და წინასაარჩევნო მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას აგროვებენ, რაც რეგულარულად მუშავდება. ამასთან, უშუალოდ საარჩევნო კვირისთვის, საქართველოში, დამატებით, მოკლევადიან დამკვირებელთა დელეგაცია გაემგზავრება 30-კაციანი შემადგენლობით. რა თქმა უნდა, ისინიც, არჩევნების მიმდინარეობის დაკვირვების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რეგიონში იმუშავებენ. ასე რომ, ჩვენთვის ეს კომბინირებული პროცესია. ჩვენ არ ვსაუბრობთ მსოფლიოში ყველაზე დიდ სადამკვირებლო დელეგაციაზე, თუმცა IRI-ს ეყოლება, დაახლოებით, 50 დამკვირვებელი, ასევე, NDI-ი და სხვა სადამკვირვებლო ჯგუფებიც, მათ შორის, ადგილობრივი ორგანიზაციები სადამკვირვებლო მისიებს აწარმოებენ. ჩვენი ინტერესი გახლავთ, რომ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი ხმის მიცემის პროცესი იყოს უზრუნველყოფილი, ასევე ის ჩატარდეს კონკურენტულ გარემოში და არჩევნებზე წვდომის უფლება ყველასთვის თანაბრად იყოს დაცული. უზრუნველყოფილი იყოს გარემო, სადაც დემოკრატიულ არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველას აქვს, ამასთან, თანაბარ პირობებში, თავისუფალ გარემოში, სხვადასხვა პარტია და კანდიდატები ერთმანეთს ეჯიბრებიან და სადაც ადგილი არ აქვს სახელმწიფო ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას.  ეს გახლავთ მიზანი. 

-  პირადად თქვენ რამდენად აქტიურად ხართ ჩართული წინასაარჩევნო გარემოს შესწავლის თვალსაზრისით, რამდენად აქტიურად იღებთ ინფორმაციას საქართველოდან თქვენივე სადამკვირებლო მისიის მხრიდან? 

- ჩვენ მუდმივად ვეცნობით სიახლეებს. ცოტა ხნის წინ, ევროპაში, ჩვენი ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს შევხვდი. ასე რომ, ჩვენ რეგულარულად ვადევნებთ თვალს საქართველოში მიმდინარე პროცესებს. მოგეხსენებათ, არჩევნების შემდეგ, ჩვენ ვაკეთებთ განცხადებას და ვაქვეყნებთ საბოლოო დასკვნას. წინასაარჩევნო დაკვირვებები კი, რა თქმა უნდა, დაგვეხმარება საბოლოო დასკვნისა და შეფასებისთვის. ცხადია, ეს გახლავთ ძალიან დინამიური პროცესი  და წინასაარჩევნო გარემოს, ისევე როგორც უშუალოდ საარჩევნო დღეს, თუ როგორ მიმდინარეობს კენჭისყრა და საარჩევნო ხმის მიცემის პროცესი, საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამ ყველაფრის ერთობლიობა განაპირობებს ჩვენს საბოლოო შეფასებას, რომელსაც არჩევნების შემდგომ გამოვაქვეყნებთ. 

- ევროპაში უკვე აქტიურად საუბრობენ წინასაარჩევნო პროცესის ნეგატიურ მხარეებზე. PACE-მა უკვე გამოაქვეყნა დეკლარაცია, რომელშიც საუბარია, რომ “საქართველოდან საგანგაშო ცნობები მოდის, თუ როგორ ემზადება მმართველი პარტია მომავალი საპარლამენტო არჩევნების მოპარვისთვის” და მიუთითებს დაშინების მაგალითებზე, ასევე, ოპოზიციურ აქტივისტებზე თავდასხმაზე და ა.შ. თქვენ თუ იზიარებთ მსგავს შეშფოთებას და მსგავსი გამოწვევების ფონზე, რა მოლოდინი გაქვთ? 

- რა თქმა უნდა, ნამდვილად შეშფოთებულები ვართ და ეს გამოწვეულია ხელისუფლების წარმომადგენლების იმ განცხადებებით, რაც, მაგალითად, ოპოზიციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ითქვა. ასეთი რამ დემოკრატიულ ქვეყნებში არ ხდება და ეს არ უნდა ხდებოდეს ისეთ სახელმწიფოშიც, სადაც IRI-ს გამოკითხვების მიხედვით, მოსახლეობის 90%-ს ევროპასთან ინტეგრაცია სურს. ცხადია, ჩვენ გვაქვს კონკურენტული პროცესისა და თანაბარი პირობების უზრუნველყოფის მოლოდინი. დიახ, ჩვენ შეშფოთებული ვიყავით სხვადასხვა ინფორმაციით საქართველოში მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, მათ შორის ისეთი ინფორმაციებით, რაც თქვენ ახსენეთ. მთავრობის დღის წესრიგი უნდა იყოს ნათელი სამართლიანი და სანდო არჩევნების ჩასატარებლად, ხოლო ხალხი გადასაწყვეტია, თუ ვინ სურს ქვეყნის მმართველად. ძალადობის ადგილი კი, არცერთ დემოკრატიულ სისტემაში არ გახლავთ. ხელისუფლების წარმომადგენლები ან რომელიმე პარტიის კანდიდატები არ უნდა აკეთებდნენ განცხადებებს, რაც არაკონსტიტუციური და არადემოკრატიულია. ამას ქართველი ხალხი, ევროპა და რა თქმა უნდა, ამერიკა თვალს ადევნებს. დემოკრატიული პრინციპების დარღვევისთვის, შეერთებულმა შტატებმა გარკვეული მიზანმიმართული სანქციები დააწესა ოფიციალური პირების მიმართ. ასე რომ, სასწორზე ბევრი რამ დევს. ამასთან, ვიმედოვნებ, მმართველი პარტია საკმარისად დარწმუნებულია, რათა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება დაუშვას, რაც, სხვათა შორის, არ გახლავთ მთავრობისგან მიღებული საჩუქარი. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები თითოეული მოქალაქის უფლებაა. 

- რაც შეეხება საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის საკმაოდ გამწვავებულ პარტნიორულ ურთიერთობას - თქვენ როგორ აფასებთ ამ პროცესს და ფიქრობთ, რომ ჯერ კიდევ არსებობს შესაძლებლობა ქართულმა მხარემ საკუთარი კურსი შეცვალოს? 

- საქართველოში, პირველად, სენატორ ჯონ მაკკეინთან ერთად, 2000-იანი წლების დასაწყისში ვიმყოფებოდი, როდესაც პრეზიდენტი ჯერ კიდევ ედუარდ შევარდნაძე გახლდათ და საქართველო ძალიან შორს იყო ფუნქციონირებადი, სანდო დემოკრატიისგან. შემდეგ ჩვენ მოწმენი გავხდით ვარდების რევოლუციისა და ყველა იმ რეფორმის, რაც მას მოჰყვა. მე საქართველოში ვცხოვრობდი “ქართული ოცნების” მმართველობის პირველ პერიოდში, როდესაც პრეზიდენტი სააკაშვილი თანამდებობიდან მშვიდობიანად წავიდა და დემოკრატიული არჩევნების შემდეგ, ძალაუფლება ასევე მშვიდობიანად დათმო. მას შემდეგ საქართველოს ხშირად ვსტუმრობ. ასე რომ, საქართველოს დემოკრატიული განვითარების სხვადასხვა ფაზის თვითმხილველი ვარ. საქართველო მრავალი წლის განმავლობაში, შესანიშნავ დემოკრატიულ პროგრესს განიცდიდა. მოგეხსენებათ, მაშინ ძალაუფლების გადაცემის პროცესმა საკმაოდ გაგვამხნევა, რადგან სწორედ ეს გახლავთ დემოკრატია. არ შეიძლება ერთი პარტია მუდმივად ხელისუფლებაში იყოს და სამუდამოდ სურდეს ქვეყნის მართვის სადავეები. არსებობს პარტიების მონაცვლეობის პრინციპი, თანაბარი სათამაშო მოედანი, რეალური პოლიტიკური პლურალიზმი და კონკურენცია, სადაც ხან იმარჯვებ და ხან მარცხდები. რესპუბლიკელებმა და დემოკრატებმა ეს კარგად იციან ვაშინგტონში და ეს პრინციპი გახლავთ ის, რასაც ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსგან მოველით, მათ შორის საქართველოში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს დემოკრატიის ხარისხი პირდაპირ დაკავშირებულია ქვეყნის უსაფრთხოებასთანაც. ჩვენ ვიცით, რომ მოსკოვს თავისი დღის წესრიგი აქვს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში დემოკრატიის დემონტაჟს. ჩვენ ასევე ვიცით, რომ ქართველი ხალხი მტკიცედ უჭერს მხარს დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და პროდასავლურ ორიენტაციას, ამიტომ რაც უფრო უკეთესი და ძლიერი იქნება დემოკრატიული შედეგი საქართველოსთვის, მით უფრო ძლიერდება ქვეყნის უსაფრთხოება და მით უფრო შეძლებს მის წინაშე არსებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გამოწვევების მართვას. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული და ეკონომიკური პარტნიორობის კულტურა დასავლეთთან, მათ შორის შეერთებულ შტატებთან და ევროპასთან. ეს ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს არჩევნები გადამწყვეტი გამოცდა იქნება ქართული დემოკრატიისთვის - განაგრძობს თუ არა ქვეყანა უკანდახევას, თუ უბრუნდება რეფორმებისა და ევროპისკენ მიმავალ პროგრესს?!

- ფიქრობთ, რომ იმ ტენდენციის გათვალისწინებით, რასაც განსაკუთრებით ბოლო თვეებია საქართველოში ვუყურებთ, არსებული ხელისუფლება, არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში, მისი წინამორბედის მსგავსად მზადაა სწორედ მშვიდობიანად დათმოს ძალაუფლება?

- ასე მუშაობს დემოკრატია. ეს არ გახლავთ არჩევანის საკითხი, თუ არჩევნებში წააგებთ, ძალაუფლება სხვას უნდა გადასცეთ, არა?! შესაძლოა თქვენს მხარდამჭერებს ეს არ მოეწონოთ, მაგრამ მხოლოდ ამ გზით შეიძლება შექმნათ სტაბილური ქვეყანა. ამ ყველაფრის ალტერნატივა კი, დიქტატურა და ყველა ის არადემოკრატიული შედეგია, რაც არც საქართველოს მთავრობისთვის და არც ქვეყნის მომავლისთვის იქნება კარგი. შესაბამისად, დიახ, ვფიქრობ, მსოფლიო მოელის, რომ საქართველოს ლიდერები თამაშის წესებით ითამაშებენ. ამას მოელის ქართველი ხალხიც. ვიმეორებ, ასე მუშაობს დემოკრატია. 

- მთელ ამ პროცესში, ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ქართველმა ხალხმა იგრძნობს, რომ დემოკრატიისთვის ბრძოლის საკმაოდ რთულ გზაზე მარტო არ არის და მას შესაბამისი მხარდაჭერა აქვს დასავლეთისგანაც. რა არის დღეს თქვენი გზავნილი ქართველი ხალხის მისამართით?

-  ჩვენ საქართველოში მოვდივართ როგორც დამოუკიდებელი დამკვირვებლები. ასე რომ, არ გაგვაჩნია პარტიული ან სხვა ტიპის დღის წესრიგი. ჩვენი დღის წესრიგი გახლავთ ძლიერი და ჯანსაღი დემოკრატია საქართველოში - რასაც ქართველი ხალხი გადაწყვეტს, არჩევნების შედეგებმა ამომრჩევლის ნება შესაბამისად უნდა ასახოს. ეს გახლავთ დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპი, როდესაც ხელისუფლება ემსახურება მოქალაქეებს, ის ანგარიშვალდებულად გრძნობს თავს მათ წინაშე და როდესაც მოქალაქეები ირჩევენ ხელისუფლებას. შესაბამისად, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს. თითოეული მოქალაქე უნდა დარწმუნდეს, რომ ეს არის არჩევნები ხალხის ნებას ასახავს. ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება თავად მოქალაქეებს, როგორც არჩევნების დამკვირვებლებს. ეს ასევე ნიშნავს არ დაეთანხმონ არადემოკრატიულ შედეგებს. საქართველო იმსახურებს უფრო ძლიერ და ღრმა დემოკრატიას და ევროპისკენ მიმავალ გზაზე ყოფნას. მარტივია იმის თქმა, რომ არც ერთი არჩევნები სრულყოფილი არ გახლავთ და რომ არც თავად დემოკრატიაა სრულყოფილი, მაგრამ საქართველოს წინსვლა და მისი მომავალი ხალხის ხელში უნდა იყოს, არა?! სწორედ ისინი წყვეტენ ქვეყნის ბედს და ზოგადად, ამიტომაც მიიჩნევა არჩევნები ასეთ ძლიერ მომენტად. რა თქმა უნდა, როგორც შეერთებულ შტატებში, ისე სხვა ქვეყნებში, არჩევნების შედეგები წინასწარ ვერ გვეცოდინება. მიმდინარე წელს, კაციობრიობის ისტორიაში ყველაზე მეტი ადამიანი იღებს არჩევნებში მონაწილეობას. უკვე უამრავი სიურპრიზიც ვიხილეთ. ვნახოთ, რა მოხდება საქართველოში. მოდით, დავრწმუნდეთ, რომ ისევე როგორც ჩვენ ყველას, ასევე, საქართველოს მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი ლიდერები მათ წინაშე ანგარიშვალდებულნი ამყოფონ, რაც შესაძლოა ნიშნავდეს ან ამჟამინდელი ხელისუფლებაში მყოფი პარტიისთვის, ან სხვა პოლიტიკური ძალისთვის ხმის მიცემას. სწორედ ეს გახლავთ თითოეული მოქალაქის უფლება დემოკრატიულ სისტემაში. 

 

ესაუბრა რუსა შელია

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *