რატომ სურს საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანა რუსულ გავლენას დაუბრუნდეს? ეს გახლავთ ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა, რომელიც ვაშინგტონში სულ უფრო ხშირად ისმის - საქართველოს, რომლის 20% რუსეთის მიერაა ოკუპირებული და რომელმაც დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, არაერთი დიპლომატიური თუ პოლიტიკური მცდელობის მიუხედავად, რუსეთთან საკუთარი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა ვერასდროს მოახერხა. ვაშინგტონში ასევე საგრძნობლად მატულობს პოლიტიკური ბრაზი საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული განცხადებების გამო და რა კონკრეტულ გადაწყვეტილებებში გადაითარგმნება ის, სავარაუდოდ, ამ შეკითხვაზე პასუხს უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ. საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებულ პოლიტიკურ თუ დიპლომატიურ დონეზე გამწვავებულ ურთიერთობებზე, ვითარებიდან გამოსავლის ძიების შესაძლო ვარიანტებსა და ქვეყანაში მოახლოებული არჩევნების მოლოდინებზე, Globalnews.ge აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს, ბენ კარდინს ესაუბრა:
- დასავლეთში, ვგულისხმობ, ოფიციალურ ბრიუსელსა და ვაშინგტონს, სულ უფრო ხშირად ისმის შეკითხვა - რატომ ცვლის საქართველო საკუთარ საგარეო კურსს რუსეთისკენ. პირადად თქვენთვის რა კონკრეტული ნიშნები ამძაფრებს მოსაზრებას, რომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსული ორიენტირი აირჩია?
დიახ, ეს შეკითხვა სულ უფრო ხშირად გვებადება და ერთ-ერთ ბოლო მოსმენაზე სენატორმა რიშმაც, ვფიქრობ, ძალიან კარგად გაუსვა ხაზი ჩვენს გაოცებას - რატომ უნდა სურდეს ოკუპირებულ ქვეყანას, რომელმაც ბევრი იბრძოლა რუსული გავლენისგან თავის დასახსნელად, ისევ რუსულ გავლენას დაუბრუნდეს?! ქვეყანა, რომელიც ყოველთვის ასე აღფრთოვანებით საუბრობდა დემოკრატიაზე, თავისუფლებაზე, დასავლურ ღირებულებებზე, თანასწორობაზე, ხალხისთვის უკეთესი მომავლის შექმნაზე, ახლა თითქოს რეგრესისთვის იბრძვის. ჩვენ ამ პროცესით ძალიან გაკვირვებულები ვართ. კონკრეტული ნიშნები კი, ვფიქრობ, ყველასთვის ცხადია, პირველ რიგში, ქართველი ხალხისთვის და რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც. რეგრესული, რუსული სტილის კანონმდებლობის საქართველოში ამოქმედება, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ჰგავს ღია და მკაფიო ნაბიჯს, რომ ის უარყოფს დემოკრატიას და მის ყოველგვარ საფუძველს. "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის არსი სრულიად რუსულია და ამას ძალიან დიდი სინანულით ვამბობ. მისი შედეგები რუსეთსა და სხვა ქვეყნებში, სადაც მიიღეს, უკვე ვიხილეთ და ნამდვილად არ გვურს იგივე საქართველოში მოხდეს. იმედი მაქვს, საქართველოს ხელისუფლება არჩეულ კურსს შეცვლის.
- ჯერ კიდევ გაქვთ მოლოდინი, რომ ეს საქართველოს ხელისუფლების მიერ სრულიად გააზრებული და მიზანმიმართული კურსი არ გახლავთ და შესაძლოა, არსებული წერტილიდან ისევ დაუბრუნდეს დასავლურ ორიენტირს?
- ამის დასანახად უმნიშვნელოვანესი ტესტი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება იქნება. დიახ, ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს მოლოდინი, რომ ოქტომბერში არჩევნებს კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩაატარებთ. ჩვენ კი, შეგვიძლია დაგპირდეთ, რომ ამ არჩევნებს ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით. რა თქმა უნდა, შეერთებული შტატები იმის შესაბამისად იმოქმედებს, თუ რამდენად დემოკრატიული პრინციპების ერთგული იქნება მოქმედი ხელისუფლების ნაბიჯები. ახლა მთელი პასუხისმგებლობა სწორედ მათზეა.
- ჩვენ უკვე ვიხილეთ როგორ გაუსწორდნენ ისინი აქციის მონაწილეებს, დაარბიეს და დააკავეს ათეულობით ადამიანი და ვიხილეთ საპასუხო ნაბიჯები ოფიციალური ვაშინგტონის მხრიდან. რამდენად მზად არის დღეს ვაშინგტონი კიდევ უფრო მკაცრი ზომების მისაღებად მათ შორის ბიძინა ივანიშვილის მიმართ, რომელიც პირადადაა პასუხისმგებელი საქართველოში არსებულ ანტიდემოკრატიულ პროცესებზე?
- ჩვენ უკვე ვაჩვენეთ, რომ ძალიან შეშფოთებულები ვართ და ისიც ნათლად გამოვხატეთ, რომ ქართველი ხალხის ევროპული არჩევანის დასაცავად ნაბიჯების გადასადგმელადაც მზად ვართ. ჩვენ პატივს ვცემთ ქართველი ხალხის ნებას, სწორედ ამიტომ, ისევ გავიმეორებ, რომ დაველოდებით, რა გარემოში და როგორ ჩატარდება არჩევნები. რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ წინასწარ განვსაზღვროთ არჩევნების შედეგები, მხოლოდ მთავარი პრინციპების დაცვაზე ვსაუბრობთ - ის უნდა იყოს სამართლიანი და თავისუფალი. ისე, როგორც ეს ევროპულ ან იმ ქვეყნებში ხდება, რომლებიც ევროპისკენ მიისწრაფვიან. ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ საბოლოოდ, ყველაფერი ქართველი ხალხის გადასაწყვეტია.
-თუმცა, სამწუხაროდ, ქართველი ხალხის ხელში არ გახლავთ მაკონტროლებელი ბერკეტები. მეტიც, ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ არამხოლოდ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს, არამედ, ოფიციალური მოსკოვიც, რომელიც ღიად ერევა მოახლოებულ არჩევნებში ბრალდებებით, რომ თითქოს დასავლეთი მის შედეგებზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობს.
ჩვენ გვინახავს რუსეთის ჩარევის მცდელობები არამხოლოდ საქართველოში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. კარგად ვიცით, როგორ მოქმედებენ ისინი და რამდენად ინტენსიური დეზინფორმაციის მექანიზმებით ოპერირებენ. თუმცა იმაში დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველი ხალხის ნება ძალიან მტკიცეა. ჩვენ არ ჩავერთვებით საქართველოს საშინაო პოლიტიკაში, მაგრამ გვჯერა, რომ უნდა გვქონდეს შესაბამისი რეაქცია, როდესაც ვხედავთ, რომ ხელისუფლებას სურს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დამოუკიდებელი მედიებისთვის სივრცის შეზღუდვა მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი ხელისუფლების ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულების გარანტორები არიან.
ესაუბრა რუსა შელია, ინტერვიუ ჩაწერილია 12 სექტემბერს
0 კომენტარი