რუსული კანონის მიღების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა სულ უფრო ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული ხდება, რაც დასავლელ პარტნიორებში საგანგაშო გზავნილად აღიქმება. როგორ აფასებს ვაშინგტონი საქართველოში პოლიტიკური დინამიკის სწრაფ ცვლილებას და რამდენად მკაცრი ზომების მისაღებად არის მზად მათ წინააღმდეგ, ვინც საქართველოში ანტიდემოკრატიულ პროცესებშია ჩართული, Globalnews.ge აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური თანაშემწეს, თეთრ სახლში შეერთებული შტატების უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროს დირექტორს, მაიკლ კარპენტერს ესაუბრა:
- დიდი მადლობა თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობისთვის. საქართველოში არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ხელისუფლების პოლიტიკური განცხადებები სულ უფრო ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური ხდება. ჩვენთვის, ქართველებისთვის, ეს პროცესი ჰგავს ხელისუფლების მხრიდან ღია დაანონსებას, რომ ის საქართველოს ბელარუსიზაციის გზას ადგას, თქვენ როგორ აფასებთ ქვეყანაში ამჟამად არსებულ პოლიტიკურ დინამიკას?
- გულწრფელად რომ ვთქვა, როდესაც ვაკვირდები საქართველოში მიმდინარე პროცესებს, გამოვყოფ განვასხვავებას რიტორიკასა და ქმედებებს შორის. შეერთებული შტატების მთავრობა ძალიან შეშფოთებულია იმ ქმედებების გამო, რაც უკვე ვიხილეთ. განსაკუთრებით კი, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ უცხოური აგენტების შესახებ კანონის მიღების გამო. ჩვენ ვხედავთ, რომ სახეზეა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის შევიწროება. მათ ლანძღავენ საჯარო სფეროში, ხელს უშლიან იმ ფუნქციების განხორციელებაში, რასაც, ჩვეულებრივ, დემოკრატიულ სახელმწიფოში სამოქალაქო საზოგადოება აკეთებს - ძალაუფლების მქონე პირების ე.წ. ჩექს ენდ ბალანსის ფუნქციის შესრულება. ეს პროცესები ხშირად ანტიდემოკრატიული რიტორიკის პარალელურად მიმდინარეობს. განსაკუთრებით გამოვყოფდი პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას, რომ არჩევნების შემდეგ შესაძლოა ოპოზიციური პარტიების კრიმინალიზება მოხდეს ან ისინი უკანონოდ გამოცხადდეს. ეს დემოკრატიულ ღირებულებებთან შეუსაბამოა.
- მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლებასა და ვაშინგტონს შორის ახლა ურთიერთობები სწორედ ასეთ მწვავე პოლიტიკურ ფაზაშია, ჩვენ მაინც ხშირად გვესმის ამერიკელი ოფიციალური პირებისგან, რომ საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ შეუძლია შეცვალოს არსებული ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური კურსი და შესაბამისი ნაბიჯები გადადგას. რეალურად ჯერ კიდევ დარჩა სივრცე ასეთი ალბათობის დაშვებისთვის?
- რა თქმა უნდა, ყოველთვის არის კურსის შეცვლის შესაძლებლობა, მაგრამ ჩვენ ძალიან სერიოზულად გვაწუხებს არსებული ტრაექტორია და ის ნაბიჯები, რაც ამ მთავრობამ გადადგა. შედეგად, ჩვენ შევაჩერეთ საქართველოსთვის, დაახლოებით, 95 მილიონი დოლარის დახმარება. ასევე, სავიზო შეზღუდვა დავაწესეთ ათეულობით იმ ადამიანისთვის, რომლებიც ანტიდემოკრატიულ ქმედებებს ახორციელებენ. მათ შორის, “ქართული ოცნების“ წევრების, პარლამენტარების, სამართალდამცავებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლების მიმართ. ჩვენ განვაგრძობთ ამ მხრივ მუშაობას იმ პასუხისმგებელი პირების გამოსავლენად, რომლებიც საქართველოში დემოკრატიულ პროცესებს ძირს უთხრიან. ცხადია, თქვენ წინ მნიშვნელოვანი არჩევნები გელით და ჩვენ ვაპირებთ მას თვალყური ძალიან ყურადღებით მივადევნოთ.
- იქნება თუ არა ეს არჩევნები დემოკრატიის ერთგულების თვალსაზრისით ერთგვარი საბოლოო ტესტი საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისთვის?
- მე არ შემიძლია ვთქვა, არის თუ არა ეს ბოლო ტესტი, მაგრამ ეს არჩევნები მნიშვნელოვანი ტესტი იქნება. ყოველი დემოკრატიულად ჩატარებული არჩევნები ქვეყანას შესაძლებლობას აძლევს განაახლოს თავისი დემოკრატიული ინსტიტუტები, ან პირიქით, განახორციელოს ქმედებები, რაც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას. ასეთ დროს კი, არჩევნები შესაძლოა არ იყოს თავისუფალი და სამართლიანი. ასე რომ, როგორც აღვნიშნე, ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს და ზოგიერთი ქმედება, რაც უკვე განხორციელდა სამოქალაქო საზოგადოებისა და ასევე ოპოზიციური პარტიების მიმართ, საკმაოდ საგანგაშოა. მინდა, რომ ეს პროცესი განვიხილოთ მთლიან კონტექსტში - ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყანაზე, რომელიც მიისწრაფვის ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ და სურს ნატოსა და ევროკავშირის წევრი გახდეს. აღნიშნული აქტივობები კი, პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ ღირებულებებს, რაზეც ეს ორგანიზაციებია დაფუძნებული.
- სულ ცოტა ხნის წინ,რუსეთის საგარეო დაზვერვამ გაავრცელა განცხადება, რომ შეერთებული შტატები ეუთო/ოდირთან (ODIHR/OSCE) ერთად საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევას გეგმავს, რათა "ქართული ოცნების" გამარჯვება არ დაუშვას. ეს გახლავთ მეორე ღია განცხადება რუსეთის საგარეო დაზვერვის მხრიდან. თქვენი შეფასებით, არის ეს რუსეთის მიერ უპრეცედენტოდ ღია ჩარევის მცდელობა საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებში და განსაკუთრებით ამ არჩევნების წინ და ასევე, როგორია მსგავს განცხადებებზე თქვენი რეაქცია?
- აბსოლუტურად თავდაჯერებით შემიძლია ვთქვა, რომ ამ შეკითხვაზე პასუხი თავად ქართველ ხალხს აქვს. ვფიქრობ, რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურის მხრიდან ეუთო/ოდირის შესახებ მსგავსი კომენტარები საკმაოდ არაგულწრფელი და ურთიერთგამომრიცხავია. თავად რუსეთია იმ ეუთო-ს წევრი ქვეყანა, რომელიც მათი გადმოსახედიდან, რატომღაც არადემოკრატიული სადამკვირებლო მისიაა. გავიმეორებ, ეს გახლავთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი არჩევნები და ჩვენ ვიცით, რომ რეგიონში არსებობენ აქტორები, რომელთაც სურთ ნახონ, როგორ გადის საქართველო ავტორიტარულ გზას და შორდება მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ბოლო გამოკითხვების მიხედვით, რომელიც თავად ვნახე, საქართველოს მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეა, შესაბამისად, ამომრჩევლებს საკმაოდ ცხადი არჩევანი აქვთ - სურთ თუ არა ამ მისწრაფებების განხორციელება.
- არის თუ არა მსგავსი განცხადებები ღია სიგნალი დასავლეთისთვის, რომ რუსეთი ცდილობს “ქართულ ოცნებას”, ასე ვთქვათ, ზურგი გაუმაგროს?
- არ ვაპირებ კომენტარის გაკეთებას საქართველოში მოახლოებულ არჩევნებში რუსეთის მიზნებთან დაკავშირებით. ვიტყვი, რომ რუსეთს აქვს მისი ანტიდემოკრატიული ქმედებების გამოყენების ისტორია როგორც საქართველოში, ისე მთელს მსოფლიოში. ჩვენ გვინახავს მათი ავთვისებიანი გავლენა არაერთ ქვეყანაში იმ მიზნით, რომ ძირი გამოუთხარონ დემოკრატიულ არჩევნებს. ამიტომ ახალი ამაში არაფერია, თუმცა საქართველოსთვის საგანგაშოა.
- ამ საკითხზე კიდევ ერთი შეკითხვა მინდა დაგისვათ, რადგან ამ შემთხვევაშიც ვხედავთ რუსეთისა და “ქართული ოცნების” საკმაოდ თანმხვედრ რიტორიკას. მაშინ, როდესაც საქართველოს ხელისუფლება მტრად აცხადებს დასავლეთს, წინასაარჩევნოდ კეთდება ერთგვარი პოლიტიკური მინიშნებები, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა შესაძლებელია საგარეო კურსისა და მეტიც, ე.წ. ნეიტრალიტეტის გამოცხადების ფონზე. თქვენ მრავალი წელია ძალიან კარგად იცნობთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას, ასევე, ჟენევის ფორმატსა და მის შედეგებს. ამის გათვალისწინებით, რამდენად რეალისტურად გამოიყურება მსგავსი განცხადებები, როგორია თქვენი აღქმა?
- ამ შეკითხვას ქართველ ხალხს დავუსვამდი რამდენად რეალისტურად ჟღერს - ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიის 20%-ი აქვს ოკუპირებული, შევა თუ არა ისეთ შეთანხმებაში, რომელიც მიზნად საქართველოს ინტერესების მხარდაჭერას ისახავს? ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. ჩემი სურვილი ნამდვილად არ არის, ქვეყანას ლექცია წავუკითხო გეოპოლიტიკური ტრაექტორიის ან ალიანსებისა თუ პარტნიორობის შესახებ, თუმცა, თუ საქართველოს მსგავს ქვეყანას სურს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება, ამისათვის ძალიან მკაფიო მოთხოვნები არსებობს და ის დემოკრატიული ნორმების დაცვას გულისხმობს: არ უნდა ზღუდავდეს სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას. ამ კრიტერიუმების დაკმაყოფილება ძალიან მნიშვნელოვანია ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ევროკავშირმა უკვე თქვა, რომ საქართველოს გზა ევროკავშირისკენ ამჟამად შეჩერებულია. ეს გახლავთ გარდამტეხი წერტილი ქართული საზოგადოებისთვის. შესაბამისად, ყველა შეკითხვას თავად უნდა გასცეს პასუხი.
- საქართველოს ხელისუფლების კიდევ ერთ გადაწყვეტილებაზე მინდა გკითხოთ, მათ განაცხადეს, რომ თავად დააფინანსებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს. ეს სცენარიც ზუსტად ემთხვევა რუსეთში 2017 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას. გაქვთ განცდა, რომ საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებები მიზანმიმართულად უფრო და უფრო ემთხვევა რუსეთის საკანონმდებლო პოლიტიკას, ვიდრე ევროკავშირისას?
- ცხადია, "უცხოური აგენტების კანონი" ბევრად უფრო ჰგავს რუსული "საგარეო აგენტების შესახებ" კანონმდებლობას, ვიდრე დასავლური ქვეყნის ნებისმიერ კანონმდებლობას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩემი გადასაწყვეტი არ გახლავთ, რა კურსს აირჩევს საქართველოს ხელისუფლება, მაგრამ ქართველმა ხალხმა უნდა შეაფასოს საკუთარი ხელისუფლება კრიტერიუმებით, რამდენად განაგრძობს დემოკრატიული ნორმებით სვლას, თუ მიჰყვება კურსს, რომელიც რუსეთმა განახორციელა. ჩვენ ვნახეთ რუსეთში ქმედებები, რაც შემდეგ გაფართოვდა მის საზღვრებს გარეთაც, როდესაც მოისყიდეს მედია, შეავიწროვეს სამოქალაქო საზოგადოება მათი სტატუსის ცვლილებით "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის გამოყენებით. ასევე, ღონისძიებები, რაც მიმართულია დემოკრატიული ნორმების შეზღუდვისთვის და დროთა განმავლობაში, თანდათანობით, ავტორიტარული სახელმწიფოს დასანერგად გამოიყენება. ჩვენ ეს არაერთხელ გვინახავს. და მე უბრალოდ ვაფრთხილებ, რომ თუ ეს არის ის, რაც საქართველოში ხდება, მაშინ ხალხმა ამის შესახებ უნდა იცოდეს.
- და ბოლოს, მაშინ, როდესაც საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება საუბრობს ოპოზიციური პარტიების აკრძალვაზე, ღიად ზღუდავს შესაძლებლობას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საქართველოში ოპერირება შეუძლებელი გახდეს და ა.შ. რამდენად მზად არის ვაშინგტონი მიიღოს კიდევ უფრო მკაცრი ზომები ამ პროცესებზე პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ?
- როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენ ათეულობით იმ ადამიანისთვის, ვინც ანტიდემოკრატიულ ქმედებებში იყო ჩართული, სავიზო შეზღუდვა დავაწესეთ. მათ შორის, მმართველი პირებისა და პარლამენტის წევრების მიმართ. ჩვენ გვაქვს სხვა უფლებამოსილებები, რომელთა მიღებაც შეგვიძლია. ასევე, დავაწესეთ სანქცია ქართველი მოსამართლეებისთვის, რომელთა ქმედებები არ შეესაბამებოდა კანონის უზენაესობას. ჩვენ გამოვიყენეთ ანტიკორუფციული მექანიზმებიც. ჩვენ გავაგრძელებთ ამ სახის ინსტრუმენტების გამოყენებას, რათა ანტიდემოკრატიული ქმედებებში ჩართულ ინდივიდებს პასუხისმგებლობა დავაკისროთ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არჩევნები გახლავთ გარდამტეხი მომენტი საქართველოს მოქალაქეებისთვის და არჩევანი მათზეა.
0 კომენტარი