უკრაინის რადას წევრებს, ივანა კლიმპუშ-ცინცაძესა და მარია იონოვას ვაშინგტონში, მათი ოფიციალური ვიზიტისას შევხვდი. მათთან საუბარი სწორედ ისეთი აღმოჩნდა, როგორი მოლოდინიც შეხვედრამდე მქონდა - მამაცი უკრაინელი ხალხის, ძლიერი და ღირსეული წარმომადგენლები, რომლებიც მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ შეახსენებენ, თუ რატომ გადის დღეს ცივილური სამყაროს მომავლის ბედი სწორედ მათ ფიზიკურ თუ ფსოქოლოგიურ მდგრადობაზე. ყოველთვის, როდესაც უკრაინელებს ვხვდები, ინტერვიუს ჩაწერისას გამორჩეულად თბილი და ემოციური ატმოსფერო იქმნება. როგორც ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ ინტერვიუში აღნიშნა, ჩვენს ერებს ერთმანეთთან ირაციონალური სიყვარული აკავშირებს. ამ ორ ქალბატონთან შეხვედრაზე კი, ეს დამოკიდებულება ასმგად საგრძნობი იყო.
- პირველ რიგში, მადლობა თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობისთვის. საუბარი კი, უკრაინაში არსებული ბოლო ცნობებით დავიწყოთ, როგორია თქვენი, ხალხის განწყობა და ასევე, ვითარება ბრძოლის წინა ხაზზე?
მარია იონოვა: უკრაინაში მოუთმენლად ველით F 16-ის მიღებას. ასევე, უფრო აქტიურ წვრთნებსა და რა თქმა უნდა, თავდაცვის მეტ შესაძლებლობებს. უკრაინელი ხალხი მხნედაა, მიუხედავად იმისა, რომ ომი უკვე მესამე წელია გრძელდება და მეტიც, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიან შეჭრამდე, 2014 წლიდან ჩვენ უკვე აქტიურ ბრძოლაში ვიყავით ჩართულები. შეიარაღების მიღების 7-თვიანმა მოლოდინმა, რა თქმა უნდა, ბრძოლის ველზე არსებულ დინამიკაზე შესაბამისადაც იმოქმედა, ვითარება მუდმივად ცვალებადია. დარწმუნებულები ვართ, რომ F 16-ი, ასევე, დრონები და სხვადასხვა ტექნოლოგიურ მხარდაჭერა ბევრ რამეს შეცვლის. ბევრი გვეკითხება, დავიღალეთ? რა თქმა უნდა, თუმცა ხალხი და ჩვენი მამაცი და ინტელექტუალი შეიარაღებული ძალები მზად არიან გამარჯვებამდე ბრძოლისთვის. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო საზოგადოებაში მხარდაჭერაც არ შემცირებულა - მოხალისეები პროფესიონალ მეომრებს ყოველდღიურად უერთდებიან. რაც შეეხება მეგობრებს, გვსურს უფრო მკაფიო სტრატეგია დავინახოთ მათგან.
ივანა კლიმპუშ-ცინცაძე: რეალობამ, რომ ევროპის შუაგულში ისევ ომია და რუსეთის გაუგონარი აგრესიის პირობებში ვცხოვრობთ, ამან სხვადასხვა ქვეყნის საზოგადოებაში აქტუალობა არ უნდა დაკარგოს, ეს ფაქტი არ უნდა გაფერმკრთალდეს პოლიტიკოსების გონებაში. ტერორისტული სახელმწიფო - რუსეთი ჩვენს გასანადგურებლად მხოლოდ სამხედრო შესაძლებლობებს არ იყენებს. დიახ, მათ სურთ, რომ მსოფლიო რუკიდან გავქრეთ, ამ მიზნის მისაღწევად კი, ყველაფერს აკეთებს: ანადგურებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, ჩვენს ენერგეტიკულ რესურსებს, იძულებით იტაცებს უკრაინელ ბავშვებს, ხოცავს მშვიდობიან მოქალაქეებს და ცდილობს თაობების გაქრობას. კრემლში ფიქრობენ, რომ ასეთი სისასტიკით უკრაინის დეპოპულაციასა და ხალხის ქვეყნიდან მასიურ გადინებას მიაღწევენ, რასაც თავად "დენაციფიკაციას" უწოდებენ. მათი მიზანია, ფრონტზე ბრძოლის პარალელურად, მშვიდობიან მოქალაქეებს შუა საუკუნეების პირობები შეუქმნან, არ გვქონდეს ელექტროენერგია, ეკონომიკამ ვერ იფუნქციონიროს, წარმოება შეჩერდეს, სახელმწიფო ფუნქციონირება შეწყდეს... ფიზიკურ ომთან ერთად, ეს დამატებითი ურთულესი გამოწვევაა ჩვენთვის. თუმცა, ისინი, ისევ არასწორ გათვლებს აკეთებენ, რადგან ჩვენ სრულად გვაქვს გააზრებული, რომ თვითგადარჩენის ეტაპზე ვართ. ეს ჩვენთვის ეგზისტენციალური მოცემულობაა და ვიცით, რომ თუ დავნებდებით, ავტომატურად არსებობასაც შევწყვეტთ. სწორედ ამიტომ ვართ ახლა ვაშინგტონში - გვინდა ჩვენი მეგობარი ქვეყნები გავაფრთხილოთ, რომ სანამ რუსეთი სხვა სახელმწიფოებშიც შეიჭრება, დაგვეხმარონ მათ უკრაინის ტერიტორიაზე დამარცხებაში. დიახ, რა თქმა უნდა, სამწლიანმა ომმა მოქალაქეები ემოციურად გამოფიტა, თუმცა ეს არ ნიშნავს რომელიმე მათგანი დანებებისთვის მზადაა. უკრაინელი ერი კაპიტულაციას არასოდეს დათანხმდება, აბსოლუტურად მზად ვართ ჩვენი ქვეყნის დასაცავად ბრძოლა განვაგრძოთ. წარმატებისთვის კი, ჩვენი მეგობრების დახმარება უკიდურესად მნიშვნელოვანია - შეიარაღების სწრაფი მოწოდებასთან ერთად, აუცილებელია რუსეთს მეტი ეფექტური სანქცია დაუწესდეს. უნდა გვახსოვდეს, რომ 2022 წლამდე, რუსეთი უკრაინაში 2014 წელს შეიჭრა, ჩვენ ამ მძიმე მარათონის პირობებში უკვე 8 წელია ვცხოვრობთ, ამიტომ მსოფლიომ დასკვნები უნდა გამოიტანოს. ესკალაციის მართვისა და რუსეთის დამშვიდების პოლიტიკა გამარჯვების სტრატეგია არ გახლავთ.
- მთელ მსოფლიოს და განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებს, როგორიც საქართველოა, მათ, ვისაც გამოცდილი გვაქვს, რას ნიშნავს რუსეთის აგრესიული პოლიტიკის პირობებში ცხოვრება, ზუსტად გვესმის, რომ უკრაინელები დღეს არამხოლოდ თქვენი ქვეყნის, არამედ, ცივილიზებული სამყაროს მომავლისთვის იბრძვით. გაქვთ განცდა, რომ ზოგიერთი პარტნიორი სახელმწიფო შესაძლოა ჯერ კიდევ მერყეობს თავის ხედვებსა და პოზიციებში?
ივანა კლიმპუშ-ცინცაძე: - ვფიქრობ, დასავლეთმა პროცესების აღქმაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. მაგალითად, მაშინაც კი, როდესაც რუსეთი ევროპის შუაგულში 2022 წელს შეიჭრა, ევროპის ზოგიერთი სახელმწიფო ამბობდა, რომ მათი პოლიტიკის ნაწილი ნატო-ს არაწევრი ქვეყნისთვის პირდაპირი შეიარაღების მიწოდება არ იქნებოდა. ახლა კი, მაგალითად, შვედეთი და გერმანია, უკრაინისთვის შეიარაღების ერთ-ერთი უდიდესი მომწოდებლები არიან. გაძლიერდა განცდა, რომ დღეს რუსეთი საფრთხეს უქმნის მათ ეროვნულ უსაფრთხოებასაც, თუმცა რა თქმა უნდა, ვისურვებდი ბევრად პროაქტიურ პოლიტიკას უკრაინის მხარდასაჭერად. ომებს სამხედრო ძალა იგებს და ეს არის ერთადერთი პოლიტიკა, რაც რუსეთის ფედერაციას ესმის. ბატონი პუტინი არ აღიარებს არცერთ საერთაშორისო დოკუმენტს, სამართალს, მსოფლიო წესრიგს... პუტინი გახლავთ ომის დამნაშავე, კრიმინალი, რომელიც ადრე თუ გვიან, აუცილებლად გასამართლდება. მას ადეკვატური პასუხი უნდა გაეცეს.
მარია იონოვა: შეხედეთ, რა ხდება დღეს მსოფლიოში. ყველგან, სადაც ომი, ტერორი და ძალადობაა, რუსეთის კვალია. ირანი, ჩრდილოეთ კორეა, ჰამასი - რუსეთის ღია მოკავშირეები არიან. სანამ არ დამარცხდება პუტინი, მსოფლიოში მშვიდობა ვერ დაისადგურებს.
- უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ბატონმა ორბანმა, ე.წ. სამშვიდობო მოლაპარაკების მიზნით, გარკვეული ინიციატივები წამოაყენა და როგორც თავად განაცხადა, სწორედ ამ მიზნით შეხვდა სხვადასხვა ქვეყნის პირველ პირებს. თავად უკრაინელები როგორ უყურებთ მის მიერ დაწყებულ ამ პროცესს?
ივანა კლიმპუშ-ცინცაძე: ვფიქრობ, ის, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის პირველი პირი, საკუთარ სტატუსს პირადი პიარისა და კავშირების გასაძლიერებლად იყენებს, მათ შორის, რუსეთთან და ჩინეთთან... მას არ აქვს რაიმე არსებითი წინადადება, ეს ყველაფერი მისი მხრიდან ყურადღების მიპყრობის მცდელობას ჰგავს. შეგახსენებთ, რომ 2014 წლიდან 2022 წლამდე, ჩვენ 37-ჯერ დავდეთ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება. ასეთი თამაში უკრაინის საკითხით, არავის წაადგება.
მარია იონოვა: დაეხმარეთ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს, ისინი საუკეთესო მომლაპარაკებლები არიან და თავად გადაწყვეტენ ამ ომის ბედს.
- ავტორიტარული ქვეყნები და სამწუხაროდ, მათ რიცხვშია დღეს საქართველოს ხელისუფლებაც, აღვივებენ ნარატივს, რომ თითქოს თუ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი გაიმარჯვებს, თეთრი სახლი უკრაინას მარტო დატოვებს. თქვენ ვაშიგტონში უმაღლესი თანამდებობის პირებს ხვდებით, მათ შორის, რესპუბლიკური პარტიის ლიდერებს. მათთან საუბრისას, გრძნობთ, რომ შესაძლოა მოვლენები მართლაც ასე განვითარდეს?
ივანა კლიმპუშ-ცინცაძე: ჩვენ გვჯერა რეიგანისეული რესპუბლიკური პარტიის და ვიცით, რომ პარტიის წევრებსა თუ მის ხელმძღვანელობაში, რეიგანის ღირებულებები და იდეოლოგია დღემდე ცოცხლობს და ეთაყვანებიან. ჩვენ ასე აღვიქვამთ რესპუბლიკურ პარტიას. რა თქმა უნდა, ჩვენთვის სრულიად გასაგებია, რომ ზოგიერთ პოლიტიკოსს, შიდა თუ საგარეო პოლიტიკის სამართავად, საკუთარი ხედვები აქვს. სწორედ ამიტომაც ვართ მათთან აქტიურ კომუნიკაციაში, რათა ბოლო ცნობები უკრაინიდან მუდმივად დავანახოთ და გავუზიაროთ. თუ საპრეზიდენტო კანდიდატი დონალდ ტრამპი თეთრ სახლში დაბრუნდება და ყველა ინფორმაციას გაეცნობა, მათ შორის, საიდუმლო დოკუმენტებს, დარწმუნებული ვარ, ის უკრაინას არასოდეს მიატოვებს. ჩვენ მასთან ერთად მუშაობის საკმაოდ ძლიერი გამოცდილებაც გვაქვს და სწორედ მისგან მივიღეთ პირველი უმნიშვნელოვანესი სამხედრო აღჭურვილობა. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, თეთრი სახლის ნებისმიერი ადმინისტრაცია არამხოლოდ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, არამედ, საკუთარ ძალისხმევას გაზრდის. ჩვენთვის ორპარტიული მხარდაჭერა აბსოლუტურად კრიტიკულია, რადგან ამერიკული საზოგადოების მხოლოდ ერთ ნაწილთან ერთად საერთო მიზნის მიღწევა შეუძლებელია.
მარია ივანოვა: ჩვენ მადლობას ვუხდით ამერიკულ საზოგადოებას, რომელიც ჩვენს მიმართ გამორჩეულად მგრძნობიარეა და აქვე, გავიხსენებ პრეზიდენტ რეიგანის სიტყვებს: თავისუფლებას გაქრობისგან მხოლოდ ერთი თაობა აშორებს. მას მუდმივი ბრძოლა და დაცვა სჭირდება.
- და ამ ძლიერი გზავნილის ფონზე, მინდა გკითხოთ საქართველოსთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, დღეს საქართველოს ხელისუფლება სრულად არ გამოხატავს ქართველი ხალხის ევროპულ ნებას, არც იმ ძლიერ და ისტორიულ მხარდაჭერას, რაც ჩვენს ერს აქვს თქვენს მიმართ. მტკივნეულია ამის თქმა ჩემგან, როგორც საქართველოს მოქალაქისგან. თქვენ როგორ აღიქვამთ თუნდაც ისეთი შინაარსის განცხადებებს, რომ თითქოს უკრაინელი მაღალჩინოსნები საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებდნენ?
ივანა კლიმპუშ-ცინცაძე: ჩემი მეუღლე ქართველია და უკვე მრავალი წელია, საქართველოზე შეყვარებული ვარ. ჩემთვის, არამხოლოდ როგორც პოლიტიკოსისთვის, არამედ, პიროვნულადაც მნიშვნელოვანია, როგორ რეაგირებს საქართველო უკრაინაში არსებულ ვითარებაზე. მე ღიად ვუთხარი ჩემს კოლეგებს საქართველოს პარლამენტში, რომ თქვენი მომავალი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ხდება დღეს უკრაინის ტერიტორიაზე. შესაძლოა, ბელარუსის მსგავსად, საკუთარი დროშა გქონდეთ და პრეზიდენტი ან პრემიერ-მინისტრი ქართველიც გყავდეთ, თუმცა არასოდეს გექნებათ სუვერენიტეტი და საქართველოს სრულად რუსეთი დაეპატრონება. იმ განცხადებებიდან გამომდინარე, რაც გვესმის, შემიძლია ვთქვა, რომ როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლებას არ ესმის, რამდენად შავ-თეთრი რეალობაა და რომ პოზიცია სწორედ ამ ორ ხაზს შორისაა გასავლები. ასევე მესმის შეშფოთებაც, ისიც, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა ოკუპირებული ტერიტორიებით, მაგრამ რატომ კეთდება მსგავსი განცხადებები? უკრაინას არასდროს... ვიმეორებ, არასდროს უცდია საქართველოსთვის მეორე ფრონტის შეთავაზება. ძალიან ვაფასებთ, რომ საქართველოს მთავრობა მხარს უჭერს უკრაინას საერთაშორისო პლატფორმაზე, ასევე, ჰუმანიტარული დახმარების კუთხითაც ბევრი კეთდება. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა მეორე მხრივ, არ გვესმის ჩვენზე თავდასხმები. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ერი ისევ შეძლებს ერთმანეთთან გულწრფელ ურთიერთობას, ჩვენ ერთმანეთთან ირაციონალური სიყვარული გვაკავშირებს. ჩვენი ფრონტის წინა ხაზზე მოხალისედ ათეულობით ქართველი მებრძოლი საკუთარ ღირსებასაც იცავს. სამწუხაროდ, ამ ომში, ყველაზე მეტი მსხვერპლი უცხო ქვეყნებიდან ქართველებმა განიცადეს. ჩვენ ამას არასოდეს დავივიწყებთ. იმედი მაქვს, ჩვენს ერებს შორის სახალხო სიყვარული, ოფიციალურ დონეზეც მალე აღდგება.
მარია ივანოვა: მართლაც, როდესაც ქართველი ოფიციალური პირებისგან თავდასხმები გვესმის, ეს ჩვენთვის განსაკუთრებით მგრძნობიარე და მტკივნეულია. ჩვენ წლების განმავლობაში ერთად მივისწრაფოდით ჩვენი ევრო-ატლანტიკური მომავლისკენ. ჩვენ არ გვსურს ვუყუროთ საქართველოს ჩუმ ოკუპაციას. საქართველო ევროპული ქვეყანაა და იმსახურებს საკუთარ ადგილს დასავლეთში. ჩვენთვის მტკივნეულია, როდესაც ვხედავთ, რომ ყველა ეს პროცესი გაყინულია. ეს ჩვენთვისაც უმძიმესი რეალობაა, რადგან ყოველთვის ერთად ვიყავით. ჩვენ გვინდა გამარჯვებული საქართველოს ხილვა და არა ომი, როგორც ამას საქართველოს მთავრობა გვაბრალებს.
რუსუდან შელია
0 კომენტარი