ვაშინგტონში, შეერთებული შტატების მთავარ საკანონმდებლო ორგანოში, საქართველოსა და მოლდოვასთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა, სადაც ამერიკელმა კანონმდებლებმა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ხედვები და შეფასებები მოისმინეს. მსგავსი მოსმენები კონგრესში ამერიკული პოლიტიკის მთავარი ნაწილია, რათა განისაზღვროს, როგორი საგარეო პოლიტიკა უნდა ჰქონდეს შეერთებულ შტატებს კონკრეტული ქვეყნების მიმართ.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ, ჯოშუა ჰაკმა, კონგრესის ქვედა პალატაში გამართულ მოსმენაზე საკუთარი მოხსენებისას ხაზგასმით ისაუბრა, რომ "საქართველოს მთავრობა მკვეთრად უხვევს ქვეყნის დემოკრატიული ტრაექტორიიდან.
"ბოლო თვეების განმავლობაში სახელმწიფო დეპარტამენტი ყველა დონეზე იყო ჩართული, რათა ნათლად ეთქვა საქართველოს მთავრობისთვის, რომ ის არასწორი მიმართულებით მიემართებოდა. ეს მოსმენა უკიდურესად მნიშვნელოვან დროს ტარდება, როგორც ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის, ასევე, საქართველოს სამომავლო დემოკრატიისთვისაც. საქართველოს მთავრობა მკვეთრად უხვევს ქვეყნის დემოკრატიული ტრაექტორიიდან და მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და აშშ-სთან ურთიერთობებს რისკის ქვეშ აყენებს. მან მიიღო არადემოკრატიული კანონპროექტები, სამოქალაქო საზოგადოების დემონიზება მოახდინა, დეზინფორმაცია და რიტორიკული თავდასხმები დაიწყო აშშ-სა და ევროპელი პარტნიორების წინააღმდეგ, რომლებიც საქართველოს ათწლეულების განმავლობაში უჭერდნენ მხარს. "უცხოური გავლენების" კანონი, რომელიც მმართველმა პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ" 28 მაისს მიიღო, ამ ანტიდემოკრატიული გადახვევის სიმბოლოა. ეს კანონი, რომელიც რუსეთში მიღებული კანონის ანარეკლია, შექმნილია კრიტიკული ხმების გასაჩუმებლად, დამოუკიდებელი არასამთავრობო აქტივისტებისა და ჟურნალისტების დისკრედიტაციისთვის და საქართველოს ცოცხალი სამოქალაქო საზოგადოების შიშით დამორჩილებისთვის. ბოლო თვეების განმავლობაში სახელმწიფო დეპარტამენტი ყველა დონეზე იყო ჩართული, რათა ქართველი ხალხისთვის ნათელი გაეხადა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მათი დემოკრატიული ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერას, ამავდროულად ნათლად ვეუბნებოდით საქართველოს მთავრობას, რომ ის არასწორი მიმართულებით მიემართებოდა", - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტი აფრთხილებდა საქართველოს მთავრობას არადემოკრატიული ქმედებების გამო მოსალოდნელი შედეგების შესახებ.
"მაისში თბილისში ვიზიტისას, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ჯიმ ო’ბრაიანმა და მე ხაზი გავუსვით საქართველოს მთავრობის არადემოკრატიულ ქმედებებს და გავაფრთხილეთ შედეგებზე, თუ მმართველი პარტია არ შეცვლიდა კურსს. მსგავსად, სახელმწიფო მდივნის მოადგილეებმა უზრა ზეიამ და ჯონ ბასმა, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით გაუმეორეს ქართველ ოფიციალურ პირებს, რომ მთავრობის ქმედებები შეუთავსებელია ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანების სურვილთან. 6 ივნისს, სავიზო შეზღუდვების დაწესების შესახებ მივიღეთ გადაწყვეტილება საქართველოს მმართველი პარტიის ოფიციალური პირების, პარლამენტარებისა და სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი, ან თანამონაწილენი არიან ქართული დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში. ეს ნაბიჯები დაფუძნებულია ჩვენს წინა ქმედებებზე, როგორიცაა სავიზო შეზღუდვები კორუმპირებული მოსამართლეების წინააღმდეგ და ფინანსური სანქციები ეფესბესთან დაკავშირებული ქართველ-რუს ოლიგარქის, ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ. ჩვენ კოლეგებთან ერთად კვლავ ვმუშაობთ დამატებით ნაბიჯებზე, მათ შორის, დახმარების პროგრამების პოტენციურ გადამისამართებაზე ან შეჩერებაზე და პოლიტიკური ჩართულობის გაუქმებაზე. თავდაცვის დეპარტამენტმა უკანასკნელ პერიოდში გამოაცხადა საქართველოში სამხედრო წვრთნების გაურკვეველი დროით გადადების შესახებ. ვიტოვებთ იმედს, რომ საქართველოს ლიდერები გადახედავენ საკუთარ ქმედებებს და დაუბრუნდებიან საქართველოს ხანგრძლივ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ ვრჩებით საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მყარი მხარდამჭერები მთავრობიდან წამოსული წნეხის, მუქარებისა და ფიზიკური თავდასხმების პირისპირ. ჩვენ ჩართულები ვართ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან რეგულარულად და აქტიურად ვუჭერთ მხარს მათ მცდელობებს, რომ ოქტომბრის არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყოს", - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.
საკმაოდ ღია და მკვეთრი განცხადებები ისმოდა კონგრესში ამერიკელი კანონმდებლებისგანაც. კერძოდ, დემოკრატიული პარტიის კონგრესმენმა ბილ კიტინგმა განაცხადა, რომ "ვაშინგტონში საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს უპასუხოდ არ დატოვებენ".
"დღეს მე ორი რამ მაქვს სათქმელი საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხისათვის. პირველი - საქართველოს მთავრობას: თქვენი ქმედებები არ ჩავლილა და არ ჩაივლის უპასუხოდ. მაისში სახელმწიფო დეპარტამენტმა დააწესა სამოგზაურო შეზღუდვები ოფიციალურ პირებსა და მათი ოჯახის წევრებზე. იქამდე, ვიდრე საქართველოს მთავრობა გააგრძელებს დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის შელახვას, მე ეჭვიც არ მეპარება, რომ ეს ადმინისტრაცია გააგრძელებს სავიზო შეზღუდვებისა და ფინანსური სანქციების დაწესებას, საჭიროების მიხედვით", - განაცხადა კონგრესმენმა. მან ასევე ისაუბრა საქართველოში ჩინური გავლენის ზრდაზე და საქართველოს მთავრობა ჩინეთის კომუნისტურ პარტიასთან დაახლოების მცდელობის გამო მკაცრად გააკრიტიკა.
"მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა ჩინეთთან ვიზალიბერალიზაციასა და სავაჭრო ურთიერთობებს ესწრაფვის, მნიშვნელოვანია, რომ გვახსოვდეს, რომ ჩინეთი მხარს უჭერს რუსეთის ომს უკრაინაში. ამ ომის პირობებში კი რუსეთი აგრძელებს საქართველოს 20%-ის ოკუპაციას. მარტივად რომ ვთქვათ, „ქართული ოცნების“ მთავრობა შეთანხმებებს დებს მათთან, ვინც საქართველოს ოკუპანტს უჭერს მხარს. ამის გარდა, კიდევ არსებობს მაგალითები იმისა, როგორ ღალატობს მმართველი პარტია ქართველ ხალხს. [საქართველოს] მოსახლეობას დღემდე ახსოვს მძიმე მოგონებები საკუთარი [2008 წლის აგვისტოს] ომისა რუსეთთან, რომელიც არც ისე დიდი ხნის წინ იყო", - აღნიშნა კონგრესმენმა კიტინგმა. მან ასევე დასძინა, რომ "ქართველი ხალხის ამბიციას, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების შესახებ, შეერთებული შტატები მხარს მომავალშიც დაუჭერს".
რესპულიკელმა კონგრესმენმა, ტომ კინიმ კი, "ქართული ოცნების" ლიდერების მუქარა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ კარგად შეესაბამებოდა უხეირო დიქტატორს. მისივე განცხადებით, "მოუთმენლად ელის, თუ როგორ უპასუხებს საქართველოს ხალხი თავისი მთავრობის ასეთ ქმედებებს ოქტომბერს კრიტიკულად მნიშვნელოვან საპარლამენტო არჩევნებზე".
"ოქტომბერში იმედის ადგილი არის საქართველოშიც და მოლდოვაშიც. მჯერა, რომ ორივე ქვეყნის მოქალაქეების უდიდესი უმრავლესობა მოუთმენლად ელიან უფრო ახლო ურთიერთობებს შეერთებულ შტატებთან და არ სურთ საკუთარი ქვეყნების კრემლის სურვილებისთვის კიდევ ერთხელ დამორჩილება", - განაცხადა მოსმენაზე კონგრესმენმა კინიმ.
რესპუბლიკური პარტიის კიდევ ერთმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა, რომელიც MEGOBARI ACT-ის ინიციატორია, საქართველოს მთავრობას პრორუსული ძალა უწოდა და აღნიშნა, რომ კონგრესის ქვედა პალატაში წარდგენილი კანონპროექტის მიზანი, სწორედ საქართველოს ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას ისახავს მიზნად ქართველი ხალხის ნების თავდასხმისთვის.
"პუტინი ცდილობს წარუტებელი საბჭოთა კავშირის იმპერიის აღდგენას, რათა სარგებელი მოუტანოს ოლიგარქებს. ახლა ის ყველა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას ემუქრება, რათა წვლილი შეიტანონ წარუმატებელი იმპერიის აღდგენაში. თავისუფლებისა და დემოკრატიის თავიანთ ძიებაში საქართველოსა და მოლდოვას მამაცმა და გაბედულმა ხალხმა მსოფლიო შთააგონეს. სწორედ ამიტომ მადლიერი ვიყავი, რომ ორპარტიული MEGOBARI ACT-ი წარმომედგინა, რათა პრორუსული "ქართული ოცნების" პარტია ანგარიშვალდებული ყოფილიყო ქართველი ხალხის ნებაზე თავდასხმისთვის, ასევე შემოთავაზებულიყო გზა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ტრაექტორიის აღდგენისთვის", - განაცხადა კონგრესმენმა უილსონმა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს შესახებ კიდევ ერთი კანონპროექტია წარდგენილი კონგრესის ზედა პალატაში, სენატში, რომლის თანასპონსორები არიან დემოკრატი ჯინ შაჰინი და რესპუბლიკელი ჯიმ რიში - "ქართველი ხალხის" აქტი. ჩვენი ინფორმაციით, ამერიკელი კანონმდებლები აქტიურად მუშაობენ, რომ "ქართველი ხალხის აქტი" და MEGOBARI ACT-ი ერთ კანონმდებლობად გაერთიანდეს.
ამასთან, მომავალ კვირას, სენატში, ჯინ შაჰინი უხელმძღვანელებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენას, სადაც ამერიკელი სენატორები სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, ჯეიმს ობრაიენი ანგარიშით წარსდგება. მოსმენის ძირითად აქცენტებად დაანონსებულია შემდეგი საკითხები: ნატო, უკრაინა, საქართველო და უნგრეთი.
0 კომენტარი