თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მრჩეველს, ჯონ კირბის, ვაშინგტონში, ნატო-ს საიუბილეო სამიტზე შევხვდით და ბუნებრივია, ალიანსის სამომავლო სტრატეგიასთან ერთად, საქართველო-ამერიკის ამჟამინდელ ურთიერთობებზეც ვისაუბრეთ. თეთრი სახლის მაღალი თანამდებობის პირი ამბობს, რომ შეერთებული შტატები შეშფოთება საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული კურსით შეშფოთებულია და ის ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის გაცხადებულ ნებას. 

- პირველ რიგში, დიდი მადლობა თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობისთვის. საუბარი დავიწყოთ ნატო-ს საიუბილეო სამიტის შეფასებით - რა არის დღეს ალიანსის მთავარი გზავნილი?

- ნატო-სთან ერთად მუშაობის პირადად ჩემი 35-წლიანი პრაქტიკის განმავლობაში და მათ შორის, ალიანსში ვიმსახურე, როგორც ძალიან ახალგაზრდა საზღვაო ოფიცერმა, გულწრფელად შემიძლია გითხრათ, რომ ნატო არასდროს მინახავს უფრო ერთიანი, უფრო ეფექტური გადაწყვეტილებების მიმღები და უფრო ძლიერი საკუთარ პოზიციებში, როგორც ახლაა. 32 წევრი სახელმწიფო, რომელთაგან, როგორც იცით, ფინეთი და შვედეთი ალიანსს ცოტა ხნის წინ შეუერთდა, ძალიან ყურადღებით ადევნებს თვალს ევროპის კონტინენტზე მიმდინარე მოვლენებს და ცხადია, პირველ რიგში იმას, თუ რას აკეთებს ბატონი პუტინი უკრაინაში. სწორედ ამიტომ, ნატო-მ მიიღო ძლიერი, რეალური და ეფექტური დოკუმენტი აგრესიული პოლიტიკის შესაკავებლად და თავდაცვისთვის. შეერთებული შტატები ლიდერობს 50-ზე მეტი პარტნიორი სახელმწიფოს ძალისხმევას, როგორც სახმედრო, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით, რათა დაეხმაროს უკრაინას თავდაცვის გაძლიერებაში და დაუპირისპირდნენ იმ მძიმე მომავალს, რომლის შექმნასაც ბატონი პუტინი მსოფლიოში ცდილობს. ეს გახლდათ ნატო-ს 75-ე საიუბილეო სამიტისა და თითოელი მისი წევრი სახელმწიფოს ლიდერის მთავარი და ძლიერი გზავნილი.

- როგორც ქართველმა ჟურნალისტმა, თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობა მინდა გამოვიყენო და მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესების ფონზე, გკითხოთ,საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის არსებულ ამჟამინდელ ურთიერთობებზე. როგორია თეთრი სახლის პოზიცია საქართველოში დღეს მიმდინარე პროცესებზე?

- პირდაპირ გეტყვით, ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ახალი კანონმდებლობის მიღების გამო და იმ ზემოქმედების გათვალისწინებით, რითაც ეს კანონმდებლობა გავლენას ახდენს სამოქალაქო საზოგადოებასა და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ კურსზე. მეტიც, ჩვენ ღრმად გვაშფოთებს ეს საკითხი. ეს სერიოზული ვითარებაა, რომელმაც მიგვიყვანა იმ ეტაპამდე, როდესაც ჩვენი მხარე საქართველოსთან ურთიერთობის თვალსაზრისით ურთიერთობის სერიოზულ გადაფასებაზე მუშაობს. რაც აქვე დავსძენ, რომ ძალიან სამწუხაროა.

- დღეს სახელმწიფო დეპარტამენტის ძალიან მაღალი რანგის დიპლომატი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ასევე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში შეხვდა სახელმწიფო მდივნის მოადგილეს. ამ საკმაოდ რთული დიპლომატიური უერთიერთობის ფონზე, ფიქრობთ, ჯერ კიდევ არსებობს თუ არა გამოსავალი, ხედავთ საქართველოს ამჟამინდელ მთავრობასთან ურთიერთობის ნორმალურ ფაზაში დაბრუნების შესაძლებლობას?

- მე არ ვარ პოლიტიკის შემქმნელი, თუმცა შემიძლია ღიად გვითხრათ ჩვენი მთავარი გზავნილის შესახებ - გაითვალისწინონ დასავლელი პარტნიორების გზავნილები, თუ მათ თანამშრომლობის სურვილი ჯერ კიდევ აქვთ. ჩვენ საქართველოს მთავრობას ბოლო წუთამდე მოვუწოდებდით, გადაეხედათ აღნიშნული კანონმდებლობისთვის, მისი მიზანშეწონილობისთვის და იმ ბერკეტებისთვის, რომლის მთავარი მიზანი, როგორც აღვნიშნე, სწორედ სამოქალაქო საზოგადოების ზემოქმედებაა. მათ ვეუბნებოდით და ეს ყველაზე მძიმე აღსაქმელია საქართველოსგან, რომ ეს ჩიხში შეიყვანდა საქართველოს მოსახლეობის მრავალწლიან დასავლურ არჩევანს. პირველ რიგში, ჩვენი შეშფოთება გამოწვეულია იმით, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული ამჟამინდელი კურსი რადიკალურად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ნებას, ქართველი ხალხის დასავლურ მისწრაფებას. ჩვენ საკმაოდ ღიად და ნათლად დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია საქართველოს მთავრობის მიერ არჩეულ კონკრეტულ კურსთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ ეს არ არის შესაბამისობაში ქართველი ხალხის ნებასთან. ჩვენს ამ პოზიციას ვაფიქსირებთ საქართველოს მთავრობასთან როგორც საჯარო, ისე, კერძო საუბრებში.

ამ ფონზე კი, შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს მთავრობასთან არსებული თანამშრომლობის ფარგლებში სხვადასხვა ტიპის პროგრამები გადახედვის პროცესშია. უვადოდ შეჩერებულია მნიშვნელოვანი წვრთნებიც. უნდა გვქონდეს თუ არა მოლოდინი, რომ ეს პროცესი მომავალში გაგრძელდება?

- ჩვენ ვაპირებთ ფართო კონტექსტში გადავხედოთ საქართველოსთან ორმხრივ ურთიერთობებს და გადავაფასოთ ის პროგრამები, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ხელისუფლებასთან ვთანამშრომლობთ. საქართველოს მთავრობას კი ისევ მოვუწოდებთ, გაითვალისწინოს საკუთარი მოსახლეობის ნება. ეს გახლავთ ის, რასაც ნებისმიერი დემოკრატიული სახელმწიფოსგან მისივე მოსახლეობა მოელის. გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ლიდერები შეცვლიან მათ მიერ არჩეულ კურსს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეს ნამდვილად სამწუხარო პროცესია საქართველოს მხრიდან.

 

 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *