ევროპარლმენტის არჩევნების შემდეგ ერთი რამ ნათელია: საზეიმო ყველას არ ექნება.

მემარჯვენეებმა უკეთესი შედეგი აჩვენეს, ლიბერალებს კი მძიმე დღე ჰქონდათ. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ისე დრამატულად დამარცხდა, რომ დაუყოვნებლივ დაითხოვა პარლამენტი და რიგგარეშე არჩევნები დანიშნა.

გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას, ვის ექნება საზეიმო და ვის გაიღვიძებს დამძიმებული.

გამარჯვებულები

ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის თავმჯდომარეს არჩევნების შედეგად ალბათ კოალიციის შექმნა მოუწევს სოციალისტების, ლიბერალებისა და მისივე მემარჯვენე ცენტრისტული ევროპის სახალხო პარტიის (EPP) მონაწილეობით. ამ სამ ჯგუფს ერთად (ყველა მათგანი ფონ დერ ლაიენს ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უპირობოდ უჭერდა მხარს) დაახლოებით 407 ადგილი ექნება.

ახალი მანდატის მისაღებად მას მხოლოდ 361 ხმა სჭირდება, მაგრამ ეს საკითხი ჯერ გადაწყვეტილი არ არის, რადგან ამისთვის ევროკავშირის ეროვნული ლიდერების მხარდაჭერაც არის საჭირო ევროპულ საბჭოში.

თუმცა, ევროპის სახალხო პარტიას მისი გაყვანის კარგი შესაძლებლობა აქვს. EPP-ის ლიდერმა მანფრედ ვებერმა უკვე მოუწოდა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცსა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, მხარი დაუჭირონ ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას ევროკომისიის თამჯდომარის პოსტზე. ევროპის სახალხო პარტიამ გაიმარჯვა გერმანიაში, ესპანეთში, პოლონეთში, ბულგარეთში, სლოვენიაში, ლიეტუვაში, ლუქსემბურგში, კვიპროსში, ლატვიაში, ესტონეთში, ფინეთში, ხორვატიასა და საბერძნეთში. მათ ასევე აიღეს ექვსი ადგილი ნიდერლანდებში, რითაც მოლოდინს გადააჭარბეს.

ჯორჯა მელონი

იტალიელი მემარჯვენე ლიდერმა სამშობლოში დამაჯერებლად გაიმარჯვა და საკმაოდ დიდი სხვაობით აჯობა თავის კონკურენტებს. ეს ნიშნავს, რომ პოლონელ დონალდ ტუსკთან ერთად, ის ევროკავშირის ქვეყნების იმ მცირერიცხოვან ლიდერებს შორისაა, რომლებმაც სახლში ევროპარლამენტის არჩევნები მოიგეს. ასევე ფაქტია, რომ მელონიმ 2022 წელთან შედარებით უკეთესი შედეგი აჩვენა.

ულტრამემარჯვენეები

არჩევნების ყველაზე ხმამაღალი შედეგი საფრანგეთში მარინ ლე პენის ულტრამემარჯვენე „ეროვნულმა გაერთიანებამ“ აჩვენა, რამაც პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აიძულა, პარლამენტი დაეთხოვა და რიგგარეშე არჩევნები დაენიშნა. ულტრამემარჯვენეებმა ასევე პირველი ადგილი დაიკავეს ავსტრიასა და ნიდერლანდებში, გერმანიასა და რუმინეთში კი მეორე ადგილზე გავიდნენ. ევროპარლამენტში მოხვდა საფრანგეთის კიდევ ერთი ულტრამემარჯვენე პარტია - ერიკ ზემურის „რეკონკეტი“.

სოციალისტები

საშუალო შედეგი. განსაკუთრებით არავინ გაუოცებიათ, მაგრამ ბევრ დიდ ქვეყანაში, როგორებიცაა ესპანეთი და იტალია, მეორე ადგილი დაიკავეს, საფრანგეთში კი, სადაც რაფაელ გლუკსმანმა, როგორც ჩანს, ცენტრისტი მემარცხენეები ააღორძინა, მესამე. ასეთივე შედეგი აჩვენა გერმანიაში ოლაფ შოლცის სოციალისტურმა პარტიამ, თუმცა მისი პრობლემა ის არის, რომ ულტრამემარჯვენე „გერმანიის ალტერნატივას“ ჩამორჩა.

პეტერ მადიარი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის ყოფილი მოკავშირე და ამჟამინდელი კონკურენტი მადიარი უნგრეთის ოპოზიციის ახალი სახე გახდა. მან ხმების დაახლოებით 30 პროცენტი მოიპოვა.

რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტის მალტელმა თამჯდომარემ თავის პარტიას ერთი დამატებითი ადგილი მოუტანა საკნონმდებლო ორგანოში და როგორც მალტური მედია იუწყება, ამ კუნძულოვანი სახელმწიფოს ევროკავშირში გაწევრიანების დღიდან ყველაზე პოპულარულ პარლამენტარად იქცა.

 

დამარცხებულები

ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტს ძლიერი დარტყმა მიადგა, რადგან მისი პარტია გამარჯვებულს საკმაოდ მნიშვნელოვანი სხვაობით ჩამორჩა. გარდა ამისა, ის მცირე სხვაობით უსწრებს სოციალისტებს, რომლებიც, როგორც ცოტა ხნის წინ თვლიდა, პოლიტიკურ სასაფლაოზე გაგზავნა.

ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი დიდი სხვაობით დაამარცხეს ცენტრისტულმა მემარჯვენე ქრისტიან-დემოკრატებმა და ულტრამემარჯვენე პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“. შოლცის პარტიამ მხოლოდ 14% დააგროვა, რაც მათი ყველაზე ცუდი შედეგია ბოლო ერთი საუკუნის მანძილზე. ცენტრისტი მემარჯვენეები მას კანცლერს მოუწოდებენ, მაკრონს მიბაძოს და რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს.

ვიქტორ ორბანი

უნგრეთის ნაციონალისტმა ლიდერმა მოსალოდნეზე უარესი შედეგი აჩვენა. მიუხედავად იმისა, რომ მისმა პარტიამ (Fidesz) ხმების 43,8 პროცენტი, ეს იყო მისი ყველაზე ცუდი შედეგი ევროპარლამენტის არჩევნებში. ბრიუსელი ახლა აკვირდება, გადაიყვანს თუ არა ის თავის დეპუტატებს ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა ჯგუფში, რაც კიდევ ერთ ბიძგს აძლევს ჯორჯა მელონის.

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *