ათობით ღარიბი ქვეყანა ეკონომიკური არასტაბილურობის წინაშე დგას და ზოგიერთ მათგანს ეკონომიკური კოლაფსიც კი ემუქრება იმის გამო, რომ მილარდობით დოლარის ოდენობის საგარეო ვალები აწევთ მხრებზე, რომელთა დიდი ნაწილი მსოფლიოს უმსხვილეს და ყველაზე უმოწყალო სახელმწიფო მსესხებელზე, ჩინეთზე მოდის.
„ასოშეიტედ პრესის“ მიერ ჩინეთის მოვალე თორმეტ ქვეყანაში, მათ შორის პაკისტანში, კენიაში, ზამბიასა და მონღოლეთში, ანალიზის ჩატარებამ დაადგინა, რომ ამ ვალების გადახდას ეწირება საგადასახადო შემოსავლების ის დიდი ნაწილიც, რომელიც საჭიროა სკოლების მუშაობისთვის, ელექტროენერგიის მიწოდებისთვის, ასევე მოსახლეობის საკვებითა და საწვავით უზრუნველყოფისთვის. გარდა ამისა, ეს ამცირებს უცხოური ვალუტის რეზერვებს, რომლებსაც ეს ქვეყნები იყენებენ ჩინეთისგან აღებული სესხების პროცენტების გადასახდელად და ზოგიერთ მათგანში ამ რეზერვების ამოწურვამდე თვეები რჩება.
ამ ყველაფრის მიზეზი არის ის, რომ ჩინეთი, როგორც წესი, სესხებს არავის პატიობს და, ამავე დროს, საიდუმლოდ ინახავს გასესხებული ფულის რაოდენობასა და სესხების პირობებს, რაც, თავის მხრივ, ხელს უშლის სხვა სახელმწიფო კრედიტორებს, საქმეში ჩაერთონ და მოვალეებს დაეხმარონ. ამ ყველაფერთა ერთად, ცოტა ხნის წინ გაირკვა, რომ ჩინეთი მოვალეებს ავალდებულებს, ნაღდი ფული პირობითი დეპონირების ფარულ ანგარიშებზე განათავსონ, რამაც ჩინეთი პირველ ადგილზე გაიყვანა იმ კრედიტორი ქვეყნების სიაში, რომლებიც ვალების გასტუმრებას ელოდებიან.
იმ ქვეყნების საგარეო ვალების 50%, სადაც „ასოშეიტედ პრესმა“ ანალიზი ჩაატარა, ჩინეთზე მოდიოდა და უმეტესობა სახელმწიფო შემოსავლის მესამედზე მეტს ხარჯავდა ამ ვალების დაფარვაში. მათგან ორმა, ზამბიამ და შრი-ლანკამ, უკვე განიცადეს დეფოლტი, რადგან ვერ გადაიხადეს პროცენტები იმ სესხებზეც კი, რომლებიც პორტების, მაღაროებისა და ელექტროსადგურების მშენებლობის დაფინანსებისთვის ჰქონდათ აღებული.
პაკისტანის საფეიქრო ინდუსტრიაში მილიონობით თანამშრომელი იქნა დათხოვნილი იმის გამო, რომ სახელმწიფოს ძალიან დიდი საგარეო ვალი აქვს და იმასაც კი ვეღარ ახერხებს, რომ ფაბრიკა-კარხნებს ელექტროენერგია მიაწოდოს.
კენიაში მთავრობა, ხელფასები დაუკავა ათასობით საჯარო მოხელეს, რათა უცხოური ვალების გადახდისთვის ფული დაეზოგა, პრეზიდენტის მთავარმა ეკონომიკურმა მრჩეველმა კი მოსახლეობას სოციალური ქსელის საშუალებით მოკლედ მიმართა: „უხელფასობა თუ დეფოლტი? აირჩიეთ”.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ანუ მას შემდეგ, რაც შრი-ლანკამ დეფოლტი განიცადა, ნახევარი მილიონი სამრეწველო სამუშაო ადგილი გაქრა, ინფლაციამ 50%-ს გადააჭარბა და ქვეყნის დიდ ნაწილში მოსახლეობის ნახევარზე მეტი სიღარიბეში აღმოჩნდა.
კიდევ ერთი მაგალითი ზამბიაა, 20-მილიონიანი ქვეყანა აფრიკის სამხრეთში, რომელსაც ზღვაზე გასასვლეი არ აქვს და რომელმაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში ჩინეთის სახელმწიფო ბანკებისგან მილიარდობით დოლარი ისესხა კაშხლების, რკინიგზისა და გზების მშენებლობისთვის.
სესხებმა ზამბიის ეკონომიკის სტიმულირება მოახდინა, მაგრამ ასევე გაზარდა უცხოური საპროცენტო გადასახადები და თან იმდენად, რომ მთავრობას თითქმის არაფერი რჩებოდა და იძულებული გახდა შეემცირებინა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დაფინანსება, ასევე ფერმერების სუბსიდირება თესლისა და სასუქის შესაძენად.
წარსულში, ასეთ ვითარებაში, მსხვილი სახელმწიფო კრედიტორები, როგორებიცაა აშშ, იაპონია და საფრანგეთი, შეამუშავებდნენ გარიგებებს გარკვეული ვალების პატიების მიზნით და ყოველი კრედიტორი მკაფიოდ გაამჟღავნებდა, რა ვალი ჰქონდა და რა პირობებით, რათა არავინ ეგრძნო თავი მოტყუებულად.
მაგრამ ჩინეთი ამ წესებით არ თამაშობს. მან თავიდანვე უარი თქვა მრავალეროვნულ მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე, ასევე ცალკე მოლაპარაკებებზე ზამბიასთან და დაჟინებით მოითხოვა კონფიდენციალურობა, რის გამოც აფრიკული ქვეყანა ვერ ეუბნებოდა სხვა სახელმწიფო კრედიტორებს, თუ რა პირობებით ჰქონდა აღებული სესხი.
ამ დაბნეულობის ფონზე, 2020 წელს, არაჩინელი კრედიტორების ჯგუფმა უარით უპასუხა ზამბიის სასოწარკვეთილ თხოვნას, რამდენიმე თვით მაინც შეჩერებულიყო პროცენტების გადახდა. ამ უარს დაემატა ზამბიის უცხოური ფულადი რეზერვების ამოწურვა, ძირითადად აშშ დოლარებისა, რომელსაც ის იყენებდა სესხებზე პროცენტის გადასახდელად და ისეთი ძირითადი საქონლის შესაძენად, როგორიცაა ნავთობი. 2020 წლის ნოემბრისთვის, მცირე რეზერვების გამო, ზამბიამ შეწყვიტა პროცენტების გადახდა და დეფოლტი გამოაცხადა, რამაც ჩაკეტა გზა მომავალი სესხებისთის და ქვეყანა ხარჯების შემცირებისა და სიღარიბის ზრდის სპირალში შევიდა.
მას შემდეგ, ინფლაცია ზამბიაში გაიზარდა 50%, უმუშევრობამ მიაღწია 17 წლის მაქსიმუმს და ქვეყნის ვალუტამ, კვაჩამ, მხოლოდ შვიდ თვეში დაკარგა ღირებულების 30%.
ზამბიის დეფოლტის გაფორმებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ამ აფრიკულ ქვეყანას ჩინეთის სახელმწიფო ბანკების ვალი 6,6 მილიარდი დოლარის აქვს, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე ბევრი ფიქრობდა და ქვეყნის მთლიანი ვალის დაახლოებით მესამედს შეადგენს.
ექსპერტების ვარაუდით, თუ ჩინეთი ღარიბი ქვეყნების სესხებთან დაკავშირებით პოზიციის შერბილებას არ დაიწყებს, შესაძლოა მეტი დეფოლტისა და პოლიტიკური რყევების ტალღა ვიხილოთ.
0 კომენტარი