ამერიკელმა სენატორებმა ჯინ შაჰინმა და ჯიმ რიშმა კონგრესის ზედა პალატაში ორპარტიული კანონპროექტი წარადგინეს, სახელწოდებით "ქართველი ხალხის აქტი". დოკუმენტი გულისხმობს სანქციების დაწესებას იმ პირებისთვის, რომლებსაც შეერთებული შტატები საქართველოში დემოკრატიის აღმოფხვრაში ხელშემშლელ აქტორებად მიიჩნევს. კანონპროექტის თანასპონსორები არიან სენატორი ბენ კარდინი და სენატორი პიტ რიკეცი. კანონპროექტი 5 წლის ვადით მოქმედებას ითვალისწინებს.
კანონპროექტში აღწერილია საქართველოს ხელისუფლების მხრიდან შეერთებული შტატების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის, პოლიტიკური თავდასხმები აშშ-ის ყოფილი ელჩის, კელი დეგნანის მიმართ, ძალადობა სამოქალაქო აქტივისტებსა და დაშინების ფაქტებზე. ის ასევე აღწერს ჟურნალისტების საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებს. დოკუმენტში ხაზგასმითაა მითითებული, რომ ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგოდ, როგორ უთხრის "უცხოეთის აგენტების კანონი" საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.
რაც შეეხება შეერთებული შტატების მხრიდან სამოქმედო ნაბიჯებს, სენატორები მიუთითებენ, რომ აუცილებელია საქართველოს ხელისუფლების, ყოფილი და ახლანდელი წევრებისთვის სანქციების დაწესება, რომლებიც "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის დღიდან სხვადასხვა თანამდებობას იკავებდნენ, ამასთან, იმ ადამიანებისთვის, რომლებიც მონაწილეობდნენ ძალადობაში, მუქარასა და შანტაჟში სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა თუ ოპოზიციის წინააღმდეგ. კანონპროექტი გულისხმობს როგორც სავიზო, ისე ქონებრივ სანქციებს. ასევე განიხილავს კერძო საკუთრების გაყინვას და ავრცელებს საქართველოზე "რუსეთის მავნე საგარეო საქმიანობის" და ე.წ. "მაგნიტსკის აქტით" გათვალისწინებულ სანქციებს.
"სწრაფი შედეგების დაკისრება იმ პირებზე, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი, ხელმძღვანელობდნენ ან პირდაპირ და შეგნებულად ჩაერთნენ ხელმძღვანელობაში, ქმედებებში ან პოლიტიკაში, რაც ძირს უთხრის საქართველოში მშვიდობას, უსაფრთხოებას, სტაბილურობას, სუვერენიტეტს, ან ტერიტორიულ მთლიანობას. შეერთებულმა შტატებმა უნდა განიხილოს მოგზაურობის შეზღუდვები ან სანქციები პირებზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან იმ ქმედებებზე, რომლებიც ხელს უშლის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ სწრაფვას, რაც მოიცავს ძალადობას ან დაშინებას საქართველოს მოქალაქეების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრების მიმართ”, - ნათქვამია სენატორების მიერ წარდგენილ კანონპროექტში.
სენატში ინიცირებული საკანონმდებლო პროექტის მიხედვით, სანქციები შესაძლოა დაუწესდეს:
"- ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელიც 2012 წლის 1 იანვარს ან მის შემდეგ მუშაობდა საქართველოს მთავრობის პარლამენტის წევრად, საქართველოს მთავრობის პარლამენტის აპარატის უფროს თანამშრომლად, ან იყო ან არის მოქმედი ან ქართული პოლიტიკური პარტიის ყოფილი მაღალჩინოსანი.
- ნებისმიერი პირი, რომელიც მსახურობს ხელმძღვანელ თანამდებობაზე, რომელიც მუშაობს საქართველოს მთავრობის სახელით, მათ შორის სამართალდამცავი, დაზვერვის, სასამართლო ან ადგილობრივი ან მუნიციპალური ხელისუფლების სახელით.
- 1-ელ პუნქტში აღწერილი თანამდებობის პირის ან მეორე პუნქტში აღწერილი პირის უახლოესი ოჯახის წევრი".
კანონპროექტის ხელმომწერი სენატორები მიიჩნევენ, რომ "სახელმწიფო მდივანმა უნდა შეაჩეროს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისია, რომელიც შეიქმნა 2009 წლის 9 იანვარს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიით, მანამ, სანამ საქართველოს მთავრობა არ მიიღებს ზომებს, რათა ასახოს საქართველოს მოქალაქეების დემოკრატიული სურვილები და შეასრულოს თავისი კონსტიტუციური ვალდებულება - ხელი შეუწყოს ქვეყანას ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებისკენ". კანონპროექტი სახელმწიფო მდივანს ავალდებულებს, შეისწავლოს რუსეთისა და ჩინეთის გავლენები საქართველოში. ამასთან, მასში ნათქვამია, რომ ქართული სამოქალაქო საზოგადოებისთვის 50 მილიონი დოლარის დახმარება გამოიყოს.
სენატორები საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, "პოლიტიკური მოტივაციით" დაკავებული პირები გათავისუფლებას და მათი საქმეების გაწვევას. ასევე, 2024 წლის ოქტომბრის არჩევნების დემოკრატიულად და სამართლიანად ჩატარებასა და ქართველი ხალხის ნების სამართლიან და გამჭვირვალე ასახვას.
0 კომენტარი