ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჟიგიმანტას პავილიონისს ვაშინგტონში შევხვდით. ის გასულ კვირას თბილისში იმყოფებოდა და გერმანელ, ჩეხ, პოლონელ და ფინელ კოლეგებთან ერთად, მტკიცე მხრდაჭერა გამოუცხადა ქართველი ხალხის არჩევანს - საქართველო გახდეს ევროპული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი. თბილისში განცდილ შთაბეჭდილებებზე საუბრისას, ლიეტუველი პოლიტიკოსი გვეუბნება, რომ დღეს საქართველოს ისტორიული მომენტი აქვს და საკუთარი მომავლის გადასარჩენად უნდა მოემზადოს. 

თბილისში ვიზიტმა 2008 წლის ისტორია გამახსენა, როდესაც ჩვენი პრეზიდენტი, ზუსტად იმავე ადგილას იდგა სხვა ქვეყნის პირველ პირებთან ერთად და საქართველოს გარე აგრესორისგან იცავდა. როგორც ჩანს, გარე აგრესორი ახლა საქართველოს კანქვეშ მოექცა. ბიძინა ივანიშვილმა ღიად გამოუცხადა ომი დასავლეთს. ამას ცდილობს სწორედ იმ გზით, როგორც ეს კრემლმა 2012 წელს, რუსეთში გააკეთა. გახსოვთ, რუსეთში "უცხოური აგენტების შესახებ" კანონი, მაგნიტსკის სიასთან დასაპირისპირებლად მიიღეს. მაშინ ვაშინგტონში ვმუშაობდი და კარგად მახსოვს, როგორ იყენებდა ამ კანონს მოსკოვი ინსტრუმენტად, რათა ქვეყანა ლიბერალური და დემოკრატიული ელემენტებისგან გაეწმინდა. ეს იყო და არის ღია ომის გამოცხადების ნაწილი ამერიკის წინააღმდეგ. რუსეთი ახლა იმავე სცენარით მოქმედებს სამეზობლოშიც. ეს სრულიად ცხადი სცენარია, ამიტომ ვაშინგტონში ვიზიტისას, მხოლოდ ერთი კითხვით მაქვს - მიიღებს თუ არა ამ გამოწვევას შეერთებული შტატები ურეაქციოდ? თუ ამერიკა გააგრძელებს ჩუმად ყოფნას "ქართულ ოცნებასთან", რომელსაც როგორც ჩემმა გერმანელმა კოლეგამ, მაიკლ როტმა "ქართული კოშმარი" უწოდა, მაშინ პუტინი მიიღებს ერთგვარ ლიცენზიას, გააკეთოს ყველაფერი რა გეგმას აქვს  საქართველოში.

- გარდა პოლიტიკური გავლენისა, რაც უკვე სრულიად ცხადად ჩანს საქართველოში, ვისაუბროთ, რა სამომავლო გეგმები აქვს რუსეთს სამხრეთ კავკასიის რეგიონში?

- რუსეთს შავ ზღვაზე წვდომის დაბრუნება სურს. მოგეხსენებათ, შავ ზღვაში უკრაინელების დამარცხება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა, ასევე, რეგიონში კრემლს სურს სომხეთის წინსვლის შეჩერება. რა თქმა უნდა, კრემლის მიზანია რეგიონში სრული კონტროლის აღდგენა. რატომ უნდა დავთანხმდეთ ამას? მითუმეტეს, როდესაც ამ პროცესს ქართველი ხალხი მხარს არ უჭერს. 

- არაერთი გამაფრთხილებელი გზავნილის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლება ცდილობს წარმოაჩინოს, რომ თითქოს სანქციების შიში არ აქვს. რამდენად აუცილებელია ეს სანქციები უფრო მკაცრი იყოს?

- სანქციებმა საკმაოდ ეფექტურად იმუშავა მოლდოვაში და ვფიქრობ, ის ძლიერი ინსტრუმენტი იქნება ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაშიც, რადგან ცხადია, რომ მას მხოლოდ პირადი ფული და შვილების ინტერესი აღელვებს. ამასთან, მას ეშინია ქვეყანაში კონტროლის დაკარგვის, რადგან როდესაც ქვეყნები ევროკავშირს უახლოვდებიან, ყველა საბჭოთა ვირუსი ავტომატურად იღუპება - ასეთია ევროკავშირის ბუნება. ევროპულმა სახელმწიფომ უნდა დანერგოს კანონები, რომელიც ერთ ადამიანს, ან ერთ ბიზნესმენს არ მისცემს შესაძლებლობას, მთელი ქვეყანა ჯიბეში ჩაიდოს. ევროკავშირი თავისთავად გულისხმობს ძალაუფლების თითოეულ მოქალაქესთან გაზიარებას, ყველაზე სუსტის ინტერესების გათვალისწინებასა და მის დაცვას, ასევე, ის მოიაზრებს მრავალფეროვან არჩევანს. ბიძინა ივანიშვილი კი, ამ ყველაფერს კლავს, რადგან ეს პირადად მისთვისაა საფრთხის შემცველი. თუმცა ჩვენ კარგად ვიცნობთ ქართველებს და ვიცით, რომ საქართველო ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესებისგან სრულიად განსხვავდება. ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, როდესაც თბილისის ქუჩებში მყოფ ახალგაზრდებს შევხვდი. თუმცა აქვე ვიტყვი იმასაც, რომ შესაძლოა ახლა ქართული დემოკრატიის ბოლო თვეებს ვადევნებდეთ თვალს. დიდი იმედი მაქვს, ქართველები გაერთიანდებიან, რათა საქართველო გადაარჩინონ. მტერი ყოველთვის ცდილობდა ქართველების დაყოფას და ამ გზით, მთელი ქვეყნის მართვას. თუ ისევ საბჭოთა ციხეში ცხოვრების სურვილი არ გაქვთ, ახლა გაერთიანების დროა. ის, ვისაც საქართველოს ხვალინდელი დღე აღელვებს, უნდა გაერთიანდეს, მათ შორის, პრეზიდენტი, ასევე, ოპოზიცია, რომელიც არც ისე ერთიანად გამოიყურება, სტუდენტებმა კი, პროტესტი პოლიტიკურ მიზნებში უნდა ჩამოაყალიბონ. ყველამ უნდა გაიაზროს, რომ საქართველო ევროპული რეფერენდუმის წინაშეა. უკვე ცხადია, რომ ხელისუფლება არჩევნებს მოიპარავს. სწორედ ეს გახლავთ ამ კანონის მიზანიც - გაასუფთავოს ველი საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციისგან, რომლებიც არჩევნებს დააკვირდებიან. ასე მოხდა რუსეთსა და ბელარუსშიც. ქართველმა ხალხმა უნდა დაიცვას თავისუფლება და დემოკრატია და, რა თქმა უნდა, ჩვენ, საქართველოს მეგობრები, ყველაფერს გავაკეთებთ თქვენს მხარდასაჭერად.

- ამერიკულ სანქციებთან ერთად, რამდენად აუცილებელია შესაბამისი ნაბიჯები ევროკავშირმაც გადადგას?

- სავარაუდოდ, ჩვენ ვერ შევძლებთ აშშ-ის მსგავსი ინდივიდუალური სანქციების დაწესებას, რადგან ევროკავშირში "საქართველოს კოშმარს" ჰყავს მეგობარი უნგრეთი. მათ ტყუილებით დააინფიცირეს "ქართული ოცნება" და ჩაუსახეს იმედი, რომ საქართველოს დაცვა შეუძლიათ. ტყუილია! ასეთ საქართველოს ევროკავშირში არავინ შეუშვებს. ევროპის ყველა დედაქალაქისთვის ნათელია, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარ ერს ევროკავშირსა და ნატო-ში გაერთიანების ოცნების გამო სჯის. ვაშინგტონში რამდენიმე დღეა ნატო-ს მოახლოებულ სამიტზე ვსაუბრობთ და სამწუხაროა, რომ ამ კონტექსტში საქართველოს არავინ ახსენებს. ნათელია, რომ პუტინის დავალებით, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მომავალს იპარავს და მტკივნეულია იმის ნახვა, რომ ეს ხდება ქვეყანაში, რომელიც რუსული აგრესიის პირველი მხვერპლი გახლდათ.

- საქართველოს ოქტომბერში უმნიშვნელოვანესი არჩევნები აქვს ჩასატარებელი და როგორც აღნიშნეთ, ეს ერთგვარი ევროპული რეფერენდუმიც იქნება. რამდენად აუცილებელია ქართველმა ხალხმა მაქსიმალურად იგრძნოს, რომ პროცესებს დასავლეთი ყურადღებით ადევნებს თვალს?

- ვშიშობ, ამ არჩევნებისთვის "ქართული კოშმარი" საზიზღარ ქმედებებს ჩაიდენს, რასაც პრინციპში, უკვე აკეთებენ კიდეც. ოპოზიციის დემონიზაციის პროცესი, ასევე, მათი სასტიკი ცემა უკვე ხდება მაშინ, როდესაც პოლიციამ და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებმა ამის შესახებ იციან. ეს სწორედ იმ ხალხის ტაქტიკაა, რომლებმაც როგორც ჩვენ, ლიეტუველები, ისე საქართველო რუსულ ციხეში წლობით აცხოვრეს. ამიტომ ახლა ნამდვილად წყალგამყოფი მომენტია საქართველოსთვის. მაქსიმალურად ვეცდებით, ქართველებთან ერთად ვიყოთ და თქვენს გვერდით დავდგეთ. თუმცა ისიც აუცილებელია აღინიშნოს, რომ ყველაფერი მაინც ქართველი ხალხის ხელშია - მისცემთ თუ არა უფლებას შეგაშინონ, რადგან ისინი ძლიერები არიან მხოლოდ მაშინ, როდესაც ხალხს საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლის ეშინია. უნდა გახსოვდეთ, რომ დღეს მთელი მსოფლიო ქართველი ხალხის გვერდით დგას. როდესაც თბილისში გერმანელი სოციალ-დემოკრატი ლიდერი, მაიკლ როტი ქართველ ერს მიმართავდა, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი და განსაკუთრებული წამი იყო. 27 წელია პოლიტიკაში ვარ და მსგავსი რამ ნამდვილად არ მახსენდება. როგორც წესი, გერმანელები ჩვენნაირ სახელმწიფოებს ნაკლებად უსმენდნენ. ახლა ყველაფერი შეიცვალა. ისიც უნდა გვესმოდეს, რომ როგორც წესი, ევროკავშირისა და ნატოს ისტორიული ფანჯარა 20 წელიწადში ერთხელ იხსნება და იხურება. ამიტომაა აუცილებელი, არ მივცეთ უფლება "ქართულ კოშმარს" თაობების მომავალი მოიპარონ. შეხედეთ ლიეტუვის ახალგზარდობას, დღეს ჩვენ გვყავს უძლიერესი, უმდიდრესი და ყველაზე ბედნიერი ახალგაზრდობა. სტატისტიკის მიხედვით, 30 წელზე დაბლა ასაკის ლიეტუველები პლანეტაზე ყველაზე ბედნიერები არიან. ზოგჯერ ეს რთული დასაჯერებელია ჩემთვისაც კი, რადგან პირადად მე, ჯერ კიდევ მახსოვს საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ზოოპარკი. ქართველ ახალგაზრდებს შეუძლიათ ჩვენზე ბედნიერები იყვნენ. დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებულ და გაზრდილ თაობას მომავალი კრემლის მართულმა ბიჭებმა ვერ უნდა მოპარონ. თბილისში ორი ღამე გავატარე და დაძინებას ვერ ვახერხებდი. ვუყურებდი ახალგაზრდებს საქართველოს პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშას რომ აფრიალებდნენ. ეს დიდებული სურათი გახლდათ. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება ყველა ძალას გამოიყენებს მათ წინააღმდეგ, მაგრამ არ უნდა შეშინდეთ. მზად იყავით და მყარად დადექით თქვენს პოზიციაზე. მოემზადეთ, ეს თქვენი ისტორიული მომენტია! 

 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *