ინტერვიუ სენატორ პოლ სტრაუსთან უკრაინაში მიმდინარე პროცესებსა და კონგრესის გადაწყვეტილების მოლოდინთან დაკავშირებით:
- დღეს ევროპა და რა თქმა უნდა, განსაკუთრებით უკრაინა შეერთებული შტატების კონგრესისგან უკრაინისთვის დამატებითი დახმარების პაკეტის დამტკიცების მოლოდინშია. გაგვიზიარეთ, რა მოლოდინია ამ მხრივ, პირველ რიგში, ვაშინგტონში - რამდენად სწრაფადაა მოსალოდნელი ან რა ფორმით უკრაინის დახმარების კანონპროექტის დამტკიცება?
- პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ ნამდვილად უმძიმესი და ტრაგიკულია ის ვითარება, რასაც რუსული აგრესიული სამხედრო ძალა უკრაინაში უკვე მეორე წელია ახორციელებს. ფაქტია, რომ პუტინი კიდევ უფრო შეუპოვარია მისი ამბიციების განხორციელების გზაზე და დროთა განმავლობაში, ძალადობის უფრო ფართო მასშტაბებს იძენს. მეორე მხრივ, საამაყო და სამაგალითოა, თუ როგორ იბრძვის უკრაინელი ხალხი საკუთარი თავისუფლების დასაცავად და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ. რაც შეეხება ვაშინგტონში უკრაინის მხარდაჭერის საკითხს - შეერთებული შტატების აბსოლუტურად მყარი პოზიციაა, რომ უნდა განვაგრძოთ უკრაინის დახმარება მანამ, სანამ ეს საჭიროა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინოთ უკრაინელ ხალხს პუტინის მიერ დაწყებულ არაპროვოცირებულ და აბსოლუტურად გაუმართლებელ ომში. უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში, თავად განსაზღვროს საკუთარი მომავალი და ამ პოზიციას ვაშინგტონში ჩვენს პარტნიორ ევროპულ ქვეყნებთან ერთად სრულად იზიარებს.
- რით ხსნით იმ სკეპტიციზმს, რაც რესპუბლიკური პარტიის ნაწილში უკრაინის დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით არსებობს?
- ბუნებრივია, რომ ამერიკელი ხალხის ნაწილი ღელავს, როდესაც ვსაუბრობთ სხვა ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებებისა და ტერიტორიული მთლიანობის ფინანსური მხარდაჭერის საკითხზე. თუმცა აბსოლუტურად დარწმუნებით შემიძლია იმის თქმაც, რომ ჩვენი მოსახლეობის სრულ უმრავლესობას გათვითცნობიერებული აქვს ის ფასი, რასაც დემოკრატიის დაცვა და მხარდაჭერა ჰქვია. ისიც გააზრებული გვაქვს, თუ რამდენად უფრო ძვირი ფასი შეიძლება ჰქონდეს ახალი მსოფლიო ომის შესაძლო რისკებსა და ავტორიტარული სახელმწიფოებიდან მომდინარე საფრთხეებს. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანი არ გახლავთ ომში წასვლა, მაგრამ მაშინ, როდესაც ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოს ავტირიტარული სახელმწიფო ტერიტორიული მთლიანობის დაკარგვის საფრთხეს უქმნის, ჩვენ თავს ვალდებულად მივიჩნევთ, მათ გვერდით ვიდგეთ. სხვაგვარი დამოკიდებულება, უბრალოდ, მოკლევადიან შედეგზეა გათვლილი, რადგან იზოლაციის მხარდაჭერა არ გახლავთ სათანადო პასუხი იმ გამოწვევებზე, რომელსაც ავტორიტარული სახელმწიფოები თანამედროვე მსოფლიოს უქმნიან. იმედგაცრუებული ვარ, რომ რესპუბლიკურ პარტიაში ვერ ვხედავ იმ ისტორიული მომენტის სრულ გააზრებას, რომლის წინაშეც ამჟამად ვდგავართ და რაც ისტორიულად დამახასიათებელი იყო ამ პარტიისთვის - ეროვნული ინტერესების დაცვა და თავისუფლებისა და დემოკრატიისადმი ძლიერი ერთგულების გამოხატვა. მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ისე, როგორც ახლა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, არასდროს ყოფილა ასე ცხადი, თუ რა მიზნები ამოძრავებს კრემლს. ყოყმანის დრო აღარ არის! ამოიწურა... ომი, რომელიც ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ დაიწყო, მტკიცე პასუხის გაგრძელებას საჭიროებს. აქვე იმასაც ვიტყვი, რომ საბოლოოდ, დარწმუნებული ვარ, ამ პასუხს ბატონი პუტინი, შეერთებლი შტატებისგან ორპარტიული შეთანხმებით, აუცილებლად მიიღებს.
- და რა თქმა უნდა, არ შემიძლია არ გკითხოთ საქართველოზე, სადაც სულ უფრო ცხადი ხდება, რომ ჩვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის პარალელურად, რუსული ჰიბრიდული ომი ძლიერდება. რამდენად საშიში პროცესია ეს საქართველოსთვის?
- ვფიქრობ, ჩვენ ყველამ ერთად წარსულიდან გარკვეული დასკვნები გამოვიტანეთ და გაკვეთილები ვისწავლეთ, როდესაც, სამწუხაროდ, რუსეთის მთავრობას ძალიან შორს წასვლის უფლება მივეცით. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ 2008 წელს რუსეთის ქმედებებს საქართველოში. არამხოლოდ შეერთებული შტატები, ჩვენი სხვა პარტნიორებიც კიდევ უფრო მეტი სიმტკიცით უნდა შევწინააღმდეგებოდით პუტინის აგრესიის დასაწყისს, რასაც სულ რამდენიმე წელიწადში, 2014 წელს ყირიმის ანექსია მოჰყვა. ეს გახლდათ თვალსაჩინო მაგალითი, თუ როგორ დაიწყო კრემლმა საკუთარი მიზნების განხორციელება და რამაც დღევანდელობამდე მოგვიყვანა. ქართველმა ხალხმა ნათლად დაინახა, რა მიზანი ამოძრავებს პუტინს და ვფიქრობ, სრულად გააქრო თუნდაც მცირე შესაძლებლობაც კი, რომ კრემლს საქართველოს მიმართ კეთილი ზრახვები ამოძრავებს. ეს ისტორიული გაკვეთილი კიდევ უფრო ამძაფრებს კონგრესში გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობას, რათა პუტინს აღარ მიეცეს შესაძლებლობა, საკუთარი ტერიტორიები სხვისი სუვერენიტეტის ხარჯზე გააფართოვოს. ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხია, მხარი დავუჭიროთ ჩვენს მოკავშირეებს მაშინ, როდესაც ისინი ჩაგვრის წინააღმდეგ იბრძვიან და როდესაც საზღვრებთან ძალადობრივი თავდასხმის მსხვერპლნი ხდებიან. დავეხმაროთ მათ, დემოკრატიის განვითარებასა და ღირსეული მომავლის შექმნაში. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ჩვენ მყარად ვუჭერთ ყველა ჩვენს პარტნიორ სახელმწიფოს დასავლურ გზაზე და რა თქმა უნდა, ვგულისხმობ, მათ შორის, საქართველოს - დემოკრატია, თავისუფალი ეკონომიკა, თავისუფალი მედია და ღირსეული, დასავლური ცხოვრების პირობები... ეს ღირებულებები გახლავთ ის, რასაც ჩვენ ვუჭერთ მხარს, კრემლი კი, ძალადობითა და აგრესიით ებრძვის.
0 კომენტარი