Globalnews.ge ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მყოფ, ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ჟიგიმანტას პავილიონისს ესაუბრა:
- თქვენი ვაშინგტონში ვიზიტის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი უკრაინის მხარდაჭერის საკითხზე ამერიკელ კოლეგებთან შეხვედრებია. რა არის თქვენი მთავარი გზავნილი, როდესაც კონგრესის წევრებს ხვდებით?
- პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ დღეს ჩვენ აბსოლუტურად მკაფიო სტრატეგია გვაქვს - გაფართოება აღმოსავლეთ ევროპაში, რაც მოიცავს ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნას უკრაინასა და მოლდოვასთან. ასევე, ვთანხმდებით თანამშრომლობასა და ურთიერთდახმარებაზე სამხედრო მიმართულებით, კერძოდ, ჯარებისა და თავდაცვის ინდუსტრიის აღსადგენად. ეს გახლავთ ჩვენი გეგმა, რომელსაც აბსოლუტურად თანმიმდევრულად მივყვებით. რაც შეეხება ვაშინგტონში ვიზიტს, მაშინ, როდესაც სრულიად შეშლილი ადამიანები მსოფლიოს დაპყრობას ცდილობენ, კონგრესში მცირე ჯგუფი კამათობს საკითხზე, უნდა დაუჭიროს თუ არა მხარი უკრაინისთვის დახმარების დამტკიცებას, არადა, ეს გახლავთ თემა, რომლის სწრაფი გადაწყვეტაც ყველასთვის სრულიად გასაგები უნდა იყოს. ვაშინგტონში ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეორედ ვმართავთ შეხვედრებს იმისთვის, რომ ჩვენს ამერიკელ კოლეგებს ვუთხრათ - გაღვიძების დროა! ზოგჯერ განცდა მაქვს, რომ წინა საუკუნის 40-იან წლების დასაწყისში ვცხოვრობთ იმ განსხვავებით, რომ თუ იგივე პროცესები დღესაც განვითარდება, ეს სამყაროს განადგურებამდე მიგვიყვანს. ამის რისკი კი, ნამდვილად დიდია.
- მიუხედავად უკვე მრავალთვიანი განხილვებისა, შეერთებულ შტატებში არსებობს ძლიერი მოლოდინი, რომ ყოფილი პრეზიდენტისა და მისი მხარდამჭერი კონგრესმენების წინააღმდეგობა, საბოლოოდ, გადაილახება. თქვენი შეფასებით, რა გავლენას ახდენს ეს შიდაპოლიტიკური დისკუსია დასავლეთის სამომავლო სტრატეგიაზე?
- კონგრესმენთა მცირე ჯგუფი კაპიტოლიუმში არ აღიარებს, რომ შესაძლოა, გაუცნობიერებლად, მაგრამ ფაქტობრივად, რუსეთისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს. ისევე როგორც, ტაკერ კარლსონი ფიქრობს, რომ მოსკოვში სიმართლის მოსმენა შეუძლია. ამ ყველაფერს რომ ჩაუღრმავდეთ, ნამდვილად არმაგედონის სცენარს ჰგავს, არა?! დეზინფორმაციის ცნებისა და მისი საშიში გავლენის უარყოფა, მინიმუმ, დამაზიანებელია და ეს არაერთი მაგალითის გახსენებით შეგვიძლია დავასაბუთით. ჩვენ, ლიეტუველებმა რუსეთთან ერთად საუკუნეები ვიცხოვრეთ, ამიტომ მათი სიცრუის ენა ჩვენთვის ანბანივით ცხადი და მარტივად ამოსაცნობია, თუმცა სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით იგივეს დასავლეთის ზოგიერთ სახელმწიფოზე, რომელთა აუდიტორიაზე გავლენის მოხდენას რუსები ჯერ კიდევ ახერხებენ. სქემა კი, უმარტივესია. დღეს რუსები ხვდებიან, რომ უკრაინელებს ბრძოლაში ვერ ამარცხებენ, ამიტომ უფრო მარტივი გზების ძიება დაიწყეს: ნატო-ს დედაქალაქებისა და ვაშინგტონის დეზინფორმაციით “დაპყრობა”. ამ პროცესმა კი, შესაძლოა, დრამატულ შედეგამდე მიგვიყვანოს. სწორედ ამიტომ ვცდილობთ, აქტიურად გავუზიაროთ მათ ჩვენი გამოცდილება. იმ ქვეყნების გამოცდილება, რომლებმაც ფიზიკურად ვიცით, რას ნიშნავს რუსეთის მმართველობის ქვეშ ცხოვრება. სულაც არ არის გადაჭარბებული შეფასება, როდესაც ვამბობთ, რომ როგორც კი დასავლეთის სისუსტეს იგრძნობს, რუსეთი აუცილებლად შეიჭრება ნატო-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიებზეც. რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში, უკლებლივ ყველა, ისინიც კი, ვინც დღეს ეჭვით უყურებენ მოვლენებს, გამოფხიზლდება და ერთად რუსეთს დავამარცხებთ, მაგრამ ეს ხომ უდიდეს დანაკარგთან იქნება დაკავშირებული?! რატომ არ შეგვიძლია ვიმოქმედოთ ახლა და თავიდან ავიცილოთ კრემლის კოშმარული გეგმები? ნებისმიერი სისუსტე და ესკალაციის შიში დღეს რუსეთში მხეცებს კვებავს.
- თქვენ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ევროპელი ლიდერი ხართ, რომელიც უკრაინის ნატო-ში მოწვევის საკითხს განსაკუთრებული დაჟინებით ითხოვთ. ფიქრობთ, რომ ვაშინგტონში დაგეგმილ სამიტზე ამ მხრივ წინსვლა მოსალოდნელია?
- ჩვენ ვგეგმავთ სამიტზე უკრაინის მოწვევის საკითხს მივაღწიოთ. გასულ წელს ეს ვერ მოვახერხეთ, წინა წლებშიც არ გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები და ამიტომაც დავდექით იმ რეალობის წინაშე, რაც ჯერ საქართველოში, შემდეგ კი, უკრაინაში ვნახეთ. იმედი მაქვს, ფრანგებისა და გერმანელების მიერ დაშვებულ შეცდომებზე ვისწავლით და შესაბამის დასკვნებსაც გამოვიტანთ, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც მტაცებლები სულ უფრო მეტ ძალას იკრეფენ. ჩემი გზავნილი აქ შემდეგია - თუ რეალურად გსურთ დავიჯეროთ, რომ მსოფლიოს ვაშინგტონი ლიდერობს, გააკეთეთ ის, რაც აუცილებელია და რისი მოლოდინიც გვაქვს.
- რაც შეეხება საქართველოს, სადაც პრემიერ-მინისტრი შეიცვალა, მანამდე კი, “ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნდა. ქვეყნის შიდა პოლიტიკური პროცესები, როგორ აღიქმება საერთაშორისო ჭრილიდან?
- საქართველოს პრეზიდენტის შეფასებები მოვისმინე და მის თითოეულ სიტყვას ვიზიარებ, რადგან საქართველოში გარკვეული პროცესების ნაწილი მეც გახლდით. ბუნებრივია, ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე, კონკრეტულ პიროვნებებს განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭებათ, რადგან საბოლოოდ, ყველა საკითხის გადაწყვეტა ნდობაზეა დაფუძნებული. გვაქვს თუ არა დღეს ერთმანეთის ნდობა? ეს შეკითხვა განსაკუთრებით აქტუალურია, რადგან საქართველო, როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა, ევროპულ გზაზე უმნიშვნელოვანეს ეტაპს გადის და ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების გახსნისთვის ემზადება. სწორედ ამ პროცესში, ჩვენ, დასავლელ პარტნიორებს უნდა გვქონდეს განცდა, რომ შეგვიძლია საქართველოს ხელისუფლების დაპირებებს ვენდობით. რა თქმა უნდა, ჩვენ არასოდეს შევალთ მოლაპარაკებების გახსნის პროცესში მთავრობასთან, რომელსაც არ ვენდობით. ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ ამ მხრივ, უკრაინასა და მოლდოვას ვენდობით და სწორედ ამიტომაც გაიხსნა მათთან წევრობის საკითზე მოლაპარაკებები.
- იგივე ნდობა საქართველოს ამჟამინდელი მთავრობის მიმართ არ გაქვთ?
- ჩვენ ვენდობით ქართველ ხალხს, როგორც ნამდვილად ევროპულ ერს. თქვენ კარგი ევროპელები ხართ და ძალიან გვიყვარხართ. რაც შეეხება ხელისუფლების ნდობის საკითხს, არ ვფიქრობ, რომ ჩვენ ოდესმე დავიწყებთ მოლაპარაკებებს საქართველოს ამჟამინდელ მთავრობასთან, რადგან მათ ნდობის რესურსი ამოწურეს. საუბარია პოლიტიკურ ნდობაზე. როგორც აღვნიშნე, ჩვენ მნიშვნელოვან ინვესტიციას ვდებთ გაფართოების კუთხით, თუმცა ასევე ყურადღებით ვადევნებთ თვალს, ბატონი ორბანის ნაბიჯებს. ის ბევრს იტყუება. მან რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ნატო-ში გაწევრიანების გზაზე შვედეთს არ შეაფერხებს, თუმცა მოგვიანებით ვნახეთ, რომ არც კი უბიძგა კანონმდებლებს, პარლამენტში ამ საკითხის რატიფიცირებისთვის მისულიყვნენ. ასე რომ, ნამდვილად არ გვსურს ჩვენს ოჯახში ვიხილოთ სხვა ჩინური ან რუსული თოჯინა.
- თქვენი შეფასებით, საქართველოს მთავრობა სწორედ ასე გამოიყურება საერთაშორისო ასპარეზზე?
- ევროპელებს დიდი სტრატეგიული მოთმინების უნარი აქვთ. საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ ვართ ერთიანი ოჯახი, სადაც სიყვარულის გარდა, ერთმანეთის მიმართ ნდობაც გვაქვს და საერთო თამაშის წესებითაც ვმოქმედებთ. რამდენიმე წელია საქართველოსგან შესაბამის გზავნილს ველოდებით, თანამშრომლობას ვცდილობთ... ევროკავშირმა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიანიჭა, პირადად მე და ლიეტუვის პარლამენტმა ერთმნიშვნელოვნად დავუჭირეთ მხარი ამ გადაწყვეტილებას, თუმცა იმედი გვაქვს, რომ საქართველოსგან შემხვედრ ნაბიჯებს ახლა მაინც დავინახავთ. ეს კი, პირველ რიგში, დემოკრატიული ღირებულებების დაცვას გულისხმობს. ფაქტია, რომ საქართველოში გაკეთდა ყველაფერი, რათა ალტერნატიული აზრი და ძალა ჩაეხშოთ და გულწრფელად გეტყვით, რომ ძალიან ვნერვიულობ საქართველოში მოახლოებულ არჩევნებზეც. თუ მმართველი პარტიის მიზანია ნებისმიერი ოპოზიციური აზრისა და ძალის განადგურება და იმის ჩვენება, რომ მხოლოდ თავადაა ერთადერთი ძალა, ეს ცხადი მაგალითი იქნება იმისა, რომ ხელისუფლებას რეალურად არ სურს ევროპული ღირებულებების გაზიარება. ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, კომუნისტურ პარტიას მახსენებს. თითქოს ერთი დრაკონი დამარცხდა და მისი ადგილი სხვებმა დაიკავეს. ევროპის მიზანი, განსხვავებული შეფერილობის საბჭოთა კავშირის რეჟიმის შექმნის წახალისება კი არა, თავისუფალი, დამოუკიდებელი და ბედნიერი მომავლის შექმნის მხარდაჭერაა. რა თქმა უნდა, ჩემს ქვეყანაშიც არსებობდა კომუნისტური პარტია და ჩვენი ოლიგარქებიც გვყავდნენ, მაგრამ ისინი გვერდზე გადგნენ და ლიეტუველ ხალხს შესაძლებლობა მისცეს ხალხს დემოკრატიული ცვლილებები განეხორციელებინათ. თუ ანალოგიური პროცესი თქვენთანაც არ მოხდება, როგორ შეგვიძლია საქართველოსთან ნდობის აღდგენაზე საუბარი?! თუ საქართველოში ჩატარდება არჩევნები, სადაც ყველაფერი მათი ძალაუფლების გარშემო იქნება მონოპოლიზირებული, მაშინ რა განსხვავება უნდა დავინახოთ ლუკაშენკოსა და იანუკოვიჩის რეჟიმისგან?!
- თქვენ რამდენად აქტიურად დააკვირდებით არჩევნებს და ზოგადადაც, რამდენად მნიშვნელოვანია დიდი რაოდენობით საერთაშორისო დამკვირებლების მობილიზება ოქტომბრის არჩევნებზე?
- ჩვენ სიამოვნებით დავაკვირდებით არჩევნებს, თუმცა ჯერ მოწვევა საქართველოს მთავრობისგან უნდა მივიღოთ. ვგრძობ, რომ მათ პირადად ჩემს მიმართაც არ აქვთ დადებითი დამოკიდებულება, თუმცა არ მესმის, რატომ. თუ შენი ქვეყნისადმი კეთილგანწყობილი და გულშემატკივარი მეგობარი გეუბნება, რომ პრობლემაა, როგორც წესი, ასეთ მეგობრებს უსმენენ, ეს ქართველებს ნამდვილად არ ესწავლებათ. მეტიც, საქართველოს მთავრობას მეგობრებისთვის მეტი რომ მოესმინა, ევროკავშირსა და ნატო-ში ჩემპიონის პოზიციას არ დაკარგავდა. დღეს კი ვხედავთ, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე არავინ საუბრობს. შეგახსენებთ, რომ არც ისე დიდი ხნის წინ, არც უკრაინის ალიანსში გაწევრიანებაზე საუბრობდა ვინმე, თუმცა ამაზე სულ უფრო აქტიური და ღია მსჯელობა მიმდინარეობს. არ ვფიქრობ, რომ საქართველოს მთავრობას რაიმე ტიპის სტრატეგია გააჩნია როგორ მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. ასეთ მმართველებს კი, სტრატეგია მხოლოდ საკუთარი სიმდიდრისა და ძალაუფლების შესანარჩუნებლად გააჩნიათ. ჩანს ისიც, რომ ისინი ერთდროულად ყველა სკამზე დაჯდომას ცდილობენ. ხან ჩინურ სკამზე და ხანაც, რუსულზე, როცა სჭირდებათ ევროპულზე ან ამერიკულზე გადაინაცვლებენ. ბიჭებო, ასე არ ხდება. თქვენ უნდა აირჩიოთ და ჩამოყალიბდეთ ბარიკადის რომელ მხარეს ხართ. საუბრები, რომ თითქოს ვინმე საქართველოს ომში ჩაბმას ცდილობს, ეს ხომ უბრალოდ, არასერიოზულია?! ვინ მსგავს განცხადებებს აკეთებდა, ყველამ ვნახეთ, როგორ დაასრულა, მაგალითად, რა ბედი ეწია იანუკოვიჩს. ლუკაშენკოც საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა იმავე კარტის გათამაშებას დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, მაგრამ ხომ ვხედავთ, საბოლოოდ სადაც აღმოჩნდა. საქართველოს კი, რეალურად მნიშვნელოვანი მომენტი აქვს, რომლის გამოყენებაც აუცილებელია. ფაქტია, რომ თქვენ უკვე დააგვიანეთ ევროკავშირის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის ეტაპზე. ასეთ მომენტს კი, პატარა სახელმწიფოებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. რა თქმა უნდა, საბოლოოდ, ერთად ვიქნებით, უკრაინაც მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო გახდება, მაგრამ რატომ უნდა დააგვიანოს საქართველომ ათწლეულობით? ბარიკადების სწორ მხარეს დადგომამ, თავისუფლებამ, კონკურენტულმა გარემომ და ინოვაციამ, ჩვენ, ლიეტუველებს შესაძლებლობა მოგვცა, ჩვენი პატარა ამერიკული ოცნება აგვეხდინა. დღეს ერთ-ერთი უმდიდრესი სახელმწიფო გვაქვს. ავტოკრატია და რუსეთის ღობესთან მიახლობის სურვილი სრულიად საპირისპიროს, ოკუპაციას იწვევს. თუ საქართველოს ომის შიში აქვს, ნატო-ს გარდა, მითხარით მსოფლიოში სხვა ალიანსი, რომელიც საქართველოს უსაფრთოების დაცვას შეძლებს. ვაშინგტონში ნატო-ს 75-ე იუბილე უნდა აღვნიშნოთ, ამ დროს კი, როგორ ფიქრობთ, ჩინეთთან ვალსის ცეკვა გამართლებულია? ვდარდობ იმაზე, რომ შესაძლოა, საქართველომ საკუთარ მიზანთან ათწლეულები დააგვიანდეს. თუ ფიქრობთ, რომ კარი უნდა გაუღოთ ჩინურ ფულს და ეს გაამდიდრებს საქართველოს, სრულიად მცდარ გზაზე ხართ, რადგან ამ ნაბიჯმა, შესაძლოა, მხოლოდ რამდენიმე ადამიანის ჯიბე გაამდიდროს და არა ქართველი ხალხი. ამას ის გამოცდილება მალაპარაკებს, რაც უკვე მაგალითებად გვაქვს როგორც აზიურ ქვეყნებში, ისე აფრიკის სახელმწიფოებში. შეხედეთ, რა მიიღეს მათ ჩინეთთან ურთიერთობით. ასე რომ, საქართველოვ, გვაჩვენე, რომელ მხარეს ხარ? ჩვენ გვიყვარხართ და პატივს გცემთ, დიახ, შესაძლოა, ყველა უშვებს შეცდომას, მაგრამ არა სტრატეგიულს, რადგან ეს, შესაძლოა, თქვენი ქვეყნის არსებობას ძვირად დაუჯდეს.
0 კომენტარი