27 მარტს, შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტმა MEGOBARI ACT-ი მიიღო. ის ორპარტიული დოკუმენტია და იმის თვალსაჩინო მაგალითსაც წარმოადგენს, რა დამოკიდებულება აქვს ამერიკულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტს საქართველოში მიმდინარე პროცესებზე. შეგახსენებთ, MEGOBARI ACT-ი მოიცავს კანონპროექტში ისეთ ჩანაწერებს, როგორიცაა: 

 

  • ქართულ-ამერიკული ურთიერთობის სრულფასოვანი გადახედვის ინიცირება, დახმარების პროგრამების ჩათვლით;
  • ქვეყნის კონსტიტუციურად გამყარებული ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესების მიმართ ქართველი ხალხის მხარდაჭერის აღიარება;
  • პრეზიდენტისთვის ვალდებულების დაკისრება, რომ დააწესოს სანქციები “ქართული ოცნების” ოფიციალური პირებისა და მათ მიმართ, ვინც ხელს უწყობს და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესაფერხებლად ჩართულია კორუფციულ საქმიანობაში, ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ან ჩართულია სხვა სახის კორუფციულ საქმიანობებში, რაც საქართველოს სტაბილურობას საფრთხის ქვეშ აყენებს;
  • ხალხთა შორის კავშირებისა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერება, როცა საქართველო ხელახლა დაუბრუნდება საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულებების შესრულებას;
  • რუსეთის მიმდინარე და უკანონო ოკუპაციის ფონზე, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერის გამოხატვას;

სენატში, MEGOBARI ACT-ის ერთ-ერთი ძლიერი მხარდამჭერი, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯიმ რიშია, რომელიც საქართველოში მიმდინარე პროცესებსა და MEGOBARI ACT-ის მნიშვნელობაზე, Globalnews.ge-ს ესაუბრა: 

- საუბარი დავიწყოთ საქართველოში მიმდინარე პროცესებით. როგორ აფასებთ ქვეყანაში არსებულ ვითარებას? 

- წლების განმავლობაში, საქართველო ტრანსატლანტიკურ საზოგადოებასთან უფრო მჭიდრო კავშირის დამყარებასა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე მუშაობდა, მაგრამ ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში, საქართველოში უკუსვლის საგანგაშო ნაბიჯების სერია ვიხილეთ. ამ უკუსვლის კულმინაციამ 2024 წლის ნოემბერში მიაღწია, როდესაც მთავრობამ ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები შეაჩერა - მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე ჩანაწერი საქართველოს კონსტიტუციაში არსებობს და ის ქართველი ხალხის მიერაა მხარდაჭერილი. ეს გადაწყვეტილება ტრიგერი გახდა მასობრივი საპროტესტო აქციები დაწყებულიყო და ამასთან, საქართველოს მეგობრებისთვის, მათ შორის, ჩემთვის და ჩემი კოლეგებისთვის კონგრესში, იქცა გზავნილად, რომ ჩვენ მხარი უნდა დავუჭიროთ  ქართველ ხალხს საქართველოში დემოკრატიის დაცვის გზაზე. 

- საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე, რამდენად მნიშვნელოვანია "მეგობარი აქტის" სენატში, ასეთ მაღალ დონეზე მხარდაჭერა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი პირადად თქვენთვის?

- მე შემაშფოთა ხელისუფლების ავტორიტარიზმთან სიახლოვემ და დემოკრატიის მომხრე მომიტინგეების ძალადობრივმა დარბევამ. ეს კანონპროექტი გახლავთ ძლიერი გზავნილი, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს ქართველ ხალხს მათი თვითგამორკვევის პროცესში და ინსტრუმენტია, რათა დაეხმაროს ქართველებს პოლიტიკურ სისტემაში სამართლიანობის აღსადგენად. 

- MEGOBARI ACT-ი გახლავთ ორპარტიული საკანონმდებლო პაკეტი. როგორია თქვენი პასუხი "ქართული ოცნებისდმი", რომ თითქოს მათ პრობლემები მხოლოდ წინა ადმინისტრაციასთან ჰქონდათ? ან ახლა, ფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მის პარტიას რეალურად აქვს სურვილი შეერთებული შტატებთან ურთიერთობის ამჟამინდელი ადმინისტრაციის პირობებში განაახლოს?

- ეს გახლავთ ორპარტიული საკითხი - რესპუბლიკელებიც და დემოკრატებიც საქართველოს მომავალზე ფიქრობენ. ამ კანონპროექტმა, კომიტეტზე კენჭისყრისას, ორივე პარტიისგან ფართო მხარდაჭერა მიიღო და ვაპირებ, ჩემი კოლეგები ორივე პარტიიდან მასში ჩავრთო, რადგან ჩვენ კანონპროექტის წინსვლა გვსურს. ჩვენ ასევე გვყავს კოლეგები წარმომადგენელთა პალატაშიც, რომლებიც მუშაობენ არსებული ვერსიის წინსვლაზე მათი პალატის მეშვეობითაც და ასევე ორპარტიული მხარდაჭერის საფუძველზე.

- საქართველოში პოლიტიკური ვითარების ყოველდღიური გაუარესების პირობებში, სადაც მშვიდობიან მომიტინგეებს აპატიმრებენ, მათ შორის, დაკავებულია დამოუკიდებელი ჟურნალისტი, როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია შეერთებული ადმინისტრაციამ, განსაკუთრებით სახელმწიფო დეპარტამენტმა, სწრაფი ზომები მიიღოს კონგრესში MEGOBARI ACT-ზე მუშაობის პარალელურად?

- მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატების მთავრობა განაგრძოს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის განხილვას საქართველოს მიმართ საუკეთესო პოლიტიკის ჩამოსაყალიბებლად. სწორედ ამიტომაც ეს კანონპროექტი მოითხოვს შეერთებულმა შტატებმა შეიმუშავოს 5- წლიანი სტრატეგია საქართველოსთან დაკავშირებით. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *