რუსა შელია

მიტროპოლიტ მალხაზ სონღულაშვილთან შეხვედრამდე განსაკუთრებულად ვღელავდი. ეს უნდა ყოფილიყო ჩემი პირველი შეხვედრა სასულიერო პირთან, რომელთანაც ინტერვიუ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე უნდა ჩამეწერა. ჩემი გაუაზრებელი პროფესიული განცდები მასთან საუბრის დაწყებისთანავე მომეხსნა, როდესაც ნერვიულობა მისმა გადამდებმა სიმშვიდემ, გულწრფელობამ და საოცარმა უშუალობამ ჩაანაცვლა. ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის მიტროპოლიტი შეერთებულ შტატებში რელიგიის თავისუფლების სამიტს დაესწრო. ჩვენი შეხვედრაც სწორედ ამ ვიზიტისას, ვაშინგტონში შედგა: 

- საქართველოში სახელმწიფო აპარატმა სისასტიკის უპრეცედენტო მასშტაბებს მიაღწია, თუმცა სანამ ამ პროცესზე და მის გამომწვევ მიზეზებზეც უფრო ვრცლად ვისაუბრებთ, ჟურნალისტ მზია ამაღლობელზე მინდა გკითხოთ. სასულიერო პირის გადმოსახედიდან, როგორ აფასებთ მის მიმართ გამოვლენილ ასეთ დაუნდობელ დამოკიდებულებას?  

- დარწმუნებული ვარ, ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ყველასთვის მძიმე და დამთრგუნველი პროცესია. მითუმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ 30-წლიანი ბრძოლის, თავგადასავლებისა და ეპმათიის საკმაოდ რთული პროცესი გავიარეთ და სწორედ მაშინ, როდესაც თითქოს გვეგონა, რომ სამშვიდობოს გავდიოდით, მოულოდნელად ეს კრიზისი დაგვატყდა თავს. რაც შეეხება ქალბატონ მზიას, ის ჩვენს გარშემო  აღმოცენებულ სისასტიკესთან, უსულგულობასა და სიმხდალესთან ბრძოლის სიმბოლო გახდა. ჯერ კიდევ მე-18 საუკუნეში, ბრიტანეთის პარლამენტით გადაწყვიტილებით, თავზეხელაღებული გამბედაობის გამოჩენისთვის, ადამიანებს ჯილდოს გადასცემდნენ. დღევანდელ საქართველოში კი, გამბედაობის, მხნეობისა და თავგანწირვის წახალისების ნაცვლად, მის ჩახშობას სასტიკი მეთოდებით ცდილობენ. მზია ამაღლობელი სწორედ ამ მძიმე რეალობის ტრაგიკული მაგალითი გახდა, თუმცა ამავე დროს, ქალბატონი მზია, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, ნუგეშს გვაძლევს, რომ მთლად წყალწაღებულნიც არ ვართ და რომ ჩვენს გარშემო მზიას სახით ცხოვრობენ ადამიანები, რომლებსაც ადამიანისთვის ყველაზე ძვირფასის - სიცოცხლის სასწორზე დადება შეუძლიათ თავისი ქვეყნისთვის, თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის. ეს უამრავ ადამიანს აძლევს ძალასა და ენერგიას, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლა განაგრძონ. ვიცი, რომ მისი კოლეგები ძალიან განიცდიან ქალბატონი მზიას მდგომარეობას და ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ მათ. 

ის სისასტიკე, რომელსაც მმართველი ძალა საკუთარი ხალხის მიმართ იჩენს, ბევრისთვის და მათ შორის, ჩემთვისაც გამაოგნებელი მოულოდნელობა გახლავთ. როგორ ფიქრობთ, წლების წინ შესაძლებელი იყო ასე მკაფიოდ იმის გააზრება, რომ ამდენად მძიმე რეალობის წინაშე აღმოჩნდებოდა ქვეყანა? 

- ეს მართლაც თავზარდამცემი მოულოდნელობაა. რა თქმა უნდა, სისასტიკისა და სიმკაცრის გარკვეული სიმპტომები მანამდეც შეინიშნებოდა, მაგრამ ის არ გახლდათ ასეთი მასშტაბური. ძალიან მტკივა გული. ხემ თქვა, "ცული მე რას დამაკლებდა, შიგ ჩემი გვარისა რომ არ ერიოსო". ყველაზე გულსატკენი სწორედ ის გახლავთ, რომ ქვეყნის მომავალს ისევ ქართველები აზიანებენ. განსაკუთრებით მე-16 საუკუნის შემდეგ, ქართველებს განსაკუთრებული სწრაფვა გვქონდა გვეპოვა ისეთი მეგობარი და პარტნიორი, რომელთან თანამშრომლობითაც ჩვენს მომავალს განვავითარებდით. სწორედ ამ მიზნით აგზავნიდა ვახტანგ მეექვსე სულხან საბას დესპანად დასავლეთში და თითქმის 400 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენ ასე ახლოს ვდგავართ ამ ისტორიულ ევროპულ მიზანთან, მეტიც, როდესაც ეს შესაძლებლობა ჩვენთვის რეალურად გაიხსნა, ტრაგედიაა, რომ ამ კარებში ისევ ჩვენიანები არ გვიშვებენ. ევროპა ჩვენთვის იდეაფიქსი კი არ არის, ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვენს პატარა ქვეყანას და მის მდიდარ კულტურას განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეს. ნიჭით, ცოდნითა და გამბედაობით სავსე ჩვენს საოცარ ახალგაზრდებს უკეთეს გარემოში ცხოვრების პერსპექტივა გაუჩნდეთ. დიახ, გამოუსწორებელი ტრაგედია იქნება, თუ მათ ამ გზას ისევ ჩვენი ხალხი გადაუხერგავს. ეს იქნება ჩემი ცხოვრების უმძიმესი პირადი ტრაგედიაც. საქართველოს ახლა თანადგომა სჭირდება. მიუხედავად იმ ქარცეცხლებისა, რაშიც ახლა სამყაროა გახვეული, საქართველო იმსახურებს ამ თანადგომას. 

ისტორიულად, მაშინ, როდესაც საქართველოს მძიმე განსაცდელები ჰქონდა გადასალახი, სასულიერო პირები ხშირად გადამწყვეტ როლსაც კი ასრულებდნენ სახელმწიფოებრივად სწორი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ფიქრობთ, რომ ახლა, ამ მძიმე დღეებში სასულიერო პირები მათ პასუხისმგებლობას გრძნობენ და ეკლესიის როლსაც სწორი მიმართულებით წარმართავენ? 

-  ზოგადად, ეკლესიის მთავარი ფუნქციაა, ადამიანს ეგოცენტრიზმისგან გათავისუფლებაში დაეხმაროს. აჩვენოს მას, რომ ადამიანი კაცობრიობასა და სამყაროს ეკუთვნის და ამასთან, მასში ემპათიის გრძნობა წააქეზოს. მსოფლიოს ნებისმიერ რელიგია, სწორედ, ამ სამ მთავარ ფუნდამენტურ პრინციპს ეყრდნობა. იმ ფონზე, როდესაც ჩვენს გარსემო ამდენ სისასტიკეს ვხედავთ, ვერცერთი რელიგია, ვერც საქართველოში და ვერც სხვაგან, განზე ვერ გადგება, რადგან თუ მე ვქადაგებ ემპათიას და მას თავად არ ვამჟღავნებ ჩაგრულის, დამცირებულის, შეურაცხყოფილის, ნაწამებისა და დატყვევებულის მიმართ, მაშინ მთელი ჩემი სისტემა ინგრევა. არ მინდა, ჩემს პასუხში იკითხებოდეს, რომ ვინმეს განვიკითხავ და განვსჯი, მაგრამ ყველამ ვიცით, რა არის მიზეზი, როდეესაც რელიგია დუმს. არამხოლოდ ახლა, ათწლეულობის განმავლობაში და მანამდეც, ხელისუფლება ყოველთვის გახლდათ რელიგიის მოთვინიერებისკენ მიდრეკილი. მიუხედავად ამისა, მჯერა, ნებისმიერ რელიგიაში არსებობს პოტენციალი, რომ ერთ მშვენიერ დღეს, მისმა პასუხისმგებლობამ გაიღვიძოს როგორც ღმერთის, ისე ადამიანების წინაშე. შესაძლოა, ეს გულუბრყვილო აზრად ჟღერს, თუმცა მწამს, ადრე თუ გვიან, ეს აუცილებლად მოხდება.

- "ქართული ოცნების" მთავარი გზავნილია, რომ ისინი ქრისტიანობის საწყისების სადარაჯოზე არიან და ჩვენს რელიგიას გარე ძალებისგან იცავენ. მათი სიტყვა და მოქმედება რამდენად თანხვედრაშია ერთმანეთთან?

- ადამიანთა მანიპულირების მიზნით რელიგიური გზავნილების გამოყენება არამხოლოდ საქართველოში, სხვა ქვეყნებშიც სულ უფრო აქტუალური ხდება. ეს სამწუხარო რეალობაა, თუმცა, რა თქმა უნდა, ხე ნაყოფით შეიცნობა. ჯერ ერთი, რელიგიას არავის დაცვა სჭირდება. თუ გწამს, რომ რელიგია ღმერთთანაა ასოცირებული, ღმერთი დაცვას არავისგან საჭიროებს. სასაცილოა. ამასთან, თუ რელიგიური მოტივით, თუნდაც ერთი ადამიანის შეურაცხყოფა, ცემა და დამცირება შეგიძლია, ეს თავისთავად გამორიცხავს ყველანაირ კავშირს ღმერთთან. ასეთი საქციელი, უბრალოდ, თვალთმაქცობაა, რაც სამწუხაროდ, დღევანდელი სამყაროს პოლიტიკური პროცესებისთვის დამახასიათებელი თვისება გახდა. სადაც არ უნდა გაიხედოთ, ყველგან იგივე ხდება. მიუხედავად ამისა, მაინც იმედიანად ვარ, რადგან საქართველოში გვყავს ახალგაზრდობა, რომელსაც ასეთი მანიპულაციებით ვერავინ მოატყუებს. წავიდა ის დრო. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ რელიგიაზე, ღმერთზე, ეროვნული პრინციპების დაცვაზე, იქ, სადაც ერთი ადამიანის ღირსება ხელყოფილია, ყველაფერი ფასს კარგავს და ამის გამოცნობას ბევრი ჭკუა არ სჭირდება. იმისიც ჯიუტად მჯერა, რომ ისტორიის ვექტორი ყოველთვის სამართლიანობისკენაა მიდრეკილი. თანაც, მართალია, ასეთი მუხანათური არა, მაგრამ ბოლო 30 წლის განმავლობაში ამაზე მძიმე განსაცდელებიც გადაგვილახავს. ჩვენი ახალგაზრდა თაობა ამასაც მშვიდობიანად დაძლევს. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *