რუსა შელია

საქართველოში ვითარება ყოველდღიურად მძიმდება. "ქართული ოცნება" სულ უფრო სასტიკი მეთოდებით ცდილობს მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დაშლას. საპოლიციო სისტემა უკვე რუსული ომონის  მეთოდებით, უმოწყალოდ არბევს და აწამებს მშვიდობიან მოქალაქეებს, ჟურნალისტებსა თუ აქტივისტებს. საქართველოში განვითარებულ მოვლენებს მეგობარი სახელმწიფოებიც თვალს ყურადღებით ადევნებენ. ბალტიის ქვეყნებმა სავიზო სანქციები უკვე დაუწესეს ბიძინა ივანიშვილსა და სხვა ქართველ მაღალჩინოსნებს, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს. რამდენად მნიშვნელოვანია ამ სანქციებს დასავლეთის სხვა სახელმწიფოებიც შეუერთდნენ, ამ საკითხზე ვაშინგტონში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს, გაბრიელიუს ლანდსბერგისს ვესაუბრეთ: 

- "ქართული ოცნება" საკუთარ მოქალაქეებს სულ უფრო სასტიკად უსწორდება და ამ გზით იმ საპროტესტო აქციების დაშლას ცდილობს, რომელიც უკვე მეათე დღეა უწყვეტად გრძელდება. თქვენ როგორ აფასებთ თბილისში განვითარებულ მოვლენებს? 

- სრულიად მიუღებელია ის სასტიკი ძალადობა, რასაც საქართველოს ქუჩებში ვხედავთ. ვფიქრობ, ქართველ ხალხს ლეგიტიმური მოთხოვნა აქვს, ევროპული მომავლისთვის სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. ეს სამართლიანი, აბსოლუტურად გასაგები და სწორი მოთხოვნაა. არავის აქვს უფლება ხალხს აიძულოს უარი თქვას იმაზე, რაც მას სურს და მისი არჩევანია. 

- იმ უმძიმესი სისასტიკის ფონზე, რასაც "ქართული ოცნება" ხალხის წინააღმდეგ იყენებს, თქვენი გადმოსახედიდან, რა შეიძლება იყოს ამ პროცესის ლოგიკური დასასრული და რამდენად ჩანს თუნდაც მინიმალური ნიშანი იმისა, რომ ეს ძალა მზადაა საკუთარ ხალხს მოუსმინოს? 

- ყველაფერი საზოგადოებისა და აქციების მონაწილეთა ხელშია. სწორედ ისინი აჟღერებენ მთავარ გზავნილს და აფხიზლებენ არა მხოლოდ საკუთარ ხელისუფლებას, არამედ დასავლეთსაც. პირადად მე კი, მხოლოდ იმედს გამოვთქვამ, რომ ამ პროცესის ლოგიკური დასასრული თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების დანიშვნა იქნება. 

- ლიეტუვამ ბალტიის სხვა სახელმწიფოებთან ერთად ბიძინა ივანიშვილსა და რამდენიმე მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. რამდენად მნიშვნელოვანია თქვენს მიერ დაწესებულ სანქციებს დასავლეთის დანარჩენი ქვეყნებიც შეუერთდნენ? 

- ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თავისუფლება სიჩუმეში კვდება. ამიტომაც მაქვს ძალიან დიდი სურვილი, ვილაპარაკო და მხარი დავუჭირო იმ ადამიანებს, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძვიან. თუ ჩვენ სათანადო რეაქცია არ გვექნება და არ ვახსენებთ მათ, ვინც ქუჩებში სისასტიკეს სჩადის, თავისუფლება მოკვდება. მიხარია, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები გაერთიანდნენ და ამ მხრივ, პირველი ნაბიჯის გადადგმა მოვახერხეთ. იმედი მაქვს, ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და სხვა ქვეყნებიც შეუერთდებიან. ჩვენს მიერ სანქცირებულთა სიაც მალე გაიზრდება, რადგან დანაშაულებებზე ახალი მტკიცებულებები გროვდება და საკუთარ შეფასებებს უკვე ვაკეთებთ. სანქციებში სხვა სახელებსაც იხილავთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენზე გაცილებით დიდი რესურსის მქონე ქვეყნებს კიდევ უფრო მეტის გაკეთება შეუძლიათ.

- მას შემდეგ, რაც "ქართულმა ოცნებამ" 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკების პროცესი შეაჩერა, რამდენად ცხადი გახდა თქვენთვის რა მიმართულებით მიჰყავს ამ ძალას საქართველო?

- პრემიერ-მინისტრის ბოლო განცხადება, რომ საქართველო აღარ აპირებს ევროპული გზის გაგრძელებას, მართლაც ბოლო გამოღვიძების გზავნილი გახლდათ ბევრისთვის. ბევრისთვის ეს შოკისმომგვრელიც იყო, თუმცა ჩვენ მანამდეც ვხედავდით, რომ ეს მოხდებოდა. მისი ქმედებები წარსულშიც ხმამაღლა საუბრობდა, მათ შორის, როდესაც უცხო ქვეყნის აგენტებისა, თუ LGBTQ თემის წინააღმდეგ კანონები მიიღეს, რეფორმები შეაჩერეს და ვალდებულებები დაარღვიეს. ბევრი მსგავსი საკითხი აჩვენებდა, რომ "ქართული ოცნება" საქართველოს ევროპული მომავალით დაინტერესებული არ გახლავთ. ასე რომ, ბოლო გადაწყვეტილებაც არ გამკვირვებია, ეს იყო ბუნებრივი გაგრძელება იმისა, რასაც მანამდე ვხედავდით. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *