იმ ფონზე, როდესაც როგორც ქართველი ხალხისთვის, ისე ცივილიზებული სამყაროსთვის 26 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმურობა ჯერ კიდევ კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა, "ქართულმა ოცნებამ" ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკების პროცესი 2028 წლამდე დახურა. ამ გადაწყვეტილებით, პარტია დაუპირისპირდა საქართველოს მოქალაქეების სრული უმრავლესობის ისტორიულ დასავლურ არჩევანს, თუმცა უკვე მერვე დღეა მოქალაქეებს არც პროტესტის გამოხატვის უფლებას აძლევს. არსებული რეჟიმი სასტიკად უსწორდება ყველას, ჟურნალისტებს, აქციის მშვიდობიან მოქალაქეებსა თუ პოლიტიკოსებს. ამ ფონზე, როგორ იმოქმედებს დასავლეთი , კონკრეტულად კი, შეერთებული შტატები ქართველი ხალხის მხარდასაჭერად,  პრეზიდენტ ჯო ბაიდენის სპეციალურ თანაშემწეს და თეთრ სახლში, შეერთებული შტატების ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების უფროს დირექტორს ვესაუბრეთ: 

- პირველ რიგში დიდი მადლობა ინტერვიუსთვის და თქვენთან საუბრის შესაძლებლობისთვის. საქართველოში ახლა არსებობს განცდა, რომ ხალხი "ქართულ ოცნებასთან" ბრძოლის ველზეა და ქვეყნის მომავლის გადასარჩენად ფიზიკურად იბრძვის. უკვე ერთი კვირაა თვალს ვადევნებთ, როგორ სასტიკად უპირისპირდება საპოლიციო სისტემა აქციის მშვიდობიან მონაწილეებს, პოლიტიკოსებს. პარალელურად ტარდება საპოლიციო რეიდები ოპოზიციური პარტიების ოფისებში. თქვენი პერსპექტივიდან როგორ აფასებთ საქართველოში არსებულ კრიზისს?  

- დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოსთვის, როგორც სუვერენული სახელმწიფოსთვის ეს გახლავთ კრიტიკულად მნიშვნელოვანი მომენტი და ახლა სასწორზე ბევრი რამ დევს საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ევროატლანტიკურ ინსტიტუციებთან მისი ინტეგრაციის თვალსაზრისით. ჩვენ ვგმობთ აქციის მონაწილეების მიმართ ძალადობას. თქვენ სწორად აღნიშნეთ - მას ჰქონდა სასტიკი გამოვლინებები, რომლის სამიზნედაც უმიზეზოდ გახდნენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, აქტივისტები, ოპოზიციის ლიდერები, სტუდენტები და ჟურნალისტები. არსებობს დოკუმენტირებული მტკიცებულებები იმისა, თუ როგორ გახდნენ ჟურნალისტები ძალადობის სამიზნეები სრულიად უსაფუძვლოდ. ეს შემაძრწუნებელია. ამიტომ ჩვენ განვიხილავთ ყველა ვარიანტს, თუ როგორ შეგვიძლია პასუხისმგებლობა დავაკისროთ ძალადობაზე პასუხისმგებელ პირებს.

- თუ მანამდე ჯერ კიდევ გქონდათ გარკვეული შეკითხვები, ან ეჭვები, ახლა აბსოლუტურად ცხადია, თუ რა ხდება საქართველოში. რატომ არ აწესებთ სანქციებს მათზე, ვინც ამ სასტიკ ძალადობას თბილისის ქუჩებში აორგანიზებს? 

-ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, საქართველოში განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ჩვენ მთელი რიგი ზომები გავატარეთ და ეს მოხდა იმ მიმდინარე საპროტესტო აქციებამდე, რაც ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის შეჩერებასს მოჰყვა. მას შემდეგ, რაც უცხოური გავლენის შესახებ კანონის მიიღეს და სამოქალაქო საზოგადოების შევიწროებისა და დაშინების მიზნით სხვადასხვა ღონისძიებები გაატარეს, ჩვენ გადავდგით ნაბიჯები საქართველოს მთავრობისთვის დახმარების შესაჩერებლად. ეს გახლავთ 95 მილიონი დოლარის ოდენობის დახმარება, რაც ამჟამად შეჩერებულია. ცოტა ხნის წინ კი, შევაჩერეთ სტრატეგიული პარტნიორობაც. ასევე, სხვადასხვა ინსტუტიციის წარმომადგენელ  ქართველ ათობით მაღალჩინოსანზე სანქციები დავაწესეთ სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის ფარგლებში. ასე რომ, ჩვენ უკვე გადავდგით ნაბიჯები და არ გამოვრიცხავთ შემდგომი ზომების მიღებას სანქციების ჩათვლით, რათა პასუხი გავცეთ იმას, რასაც საქართველოში ახლა ვხედავთ.

ყველასთვის ასევე ნათელია, რომ ამ მასობრივ სასტიკ ძალადობას ერთი ორგანიზატორი ჰყავს. ვგულისხმობ, "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს. 

- ახლა არ ვაპირებ სანქციებთან დაკავშირებით წინასწარი განცხადება გავაკეთო, მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნე, იმ შემზარავი ძალადობის პასუხად, რასაც საქართველოში ვადევნებთ თვალს, ჩვენ სხვადასხვა ვარიანტს განვიხილავთ, რათა პასუხისმგებელ პირებს შესაბამისი პასუხისმგებლობა დავუწესოთ. ყველა შესაძლო ვარიანტი მაგიდაზე დევს. 

- რაც შეეხება 26 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს, რომლის ლეგიტიმურობასაც არც საქართველოს პრეზიდენტი აღიარებს, არც შეერთებული შტატები და არც ევროპული სახელმწიფოები. როგორ ხედავთ ამ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს იმ ფონზე, როდესაც "ქართული ოცნება" არცერთ მოწოდებას იზიარებს, მითუმეტეს, დარღვევების სანდო გამოძიებასთან დაკავშირებით? 

- ეს ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. პრეზიდენტმა ბაიდენმა ყველა პოლიტიკურ ძალას ინკლუზიური დიალოგისკენ მოუწოდა, რათა საარჩევნო დარღვევები არჩევნების დღემდე გამოსწორებულიყო. ამომრჩეველთა დაშინება, იძულება, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, ეს ყველაფერი არჩევნების დღემდე ხდებოდა, რამაც უთანასწორო სათამაშო პირობები შექმნა. დაფიქსირდა ბევრი სხვა ბრალდებაც, რაც ჩვენი აზრით, სათანადოდ უნდა იქნას გამოძიებული. ასევე, როგორც უკვე აღვნიშნე, ეს უნდა იყოს ინკლუზიური პროცესი, სადაც ყველა ქართულ პოლიტიკურ ძალას შესაძლებლობა ექნება, საქართველოს დემოკრატიული ტრაექტორიის თვალსაზრისით საკვანძო საკითხები, ერთად გადაწყვიტონ. ამჟამად ჩვენ საქართველოში სულ სხვა ფენომენს ვადევნებთ თვალს, როდესაც საქართველოს მოქალაქეები, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების გადაწყვეტილების პროტესტის ნიშნად, ქუჩაში გამოდიან. ეს არის მათი უფლება, რომ თავიანთი შეხედულებები ღიად გამოთქვან, ჰქონდეთ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ძალიან, ძალიან სამწუხარო და ღრმად შემაშფოთებელია, რომ მათ მიმართ ძალადობენ. რასაც ჩვენ ვხედავთ არის ის, რომ ერთი მეორეს მიყოლებით ყველა ქმედება აშორებს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და მის მიზნებს იყოს ევროპული დემოკრატია. ცოტა ხნის წინ ვახსენე უცხოური გავლენის შესახებ კანონი. ასევე არსებობს "ოფშორული კანონი", რომელიც ქვეყანაში უცხოური შავი ფულის შესვლას ამარტივებს. სხვა მთელი რიგი ზომებიცაა მიღებული, რაც ფართომასშტაბიანი შევიწროებისა და სამოქალაქო აქტივისტების დაშინებისთვის მიიღეს და რაც ნამდვილად ხურავს სამოქალაქო სივრცეს საქართველოს შიგნით. ეს ყველაფერი არ გახლავთ დემოკრატიული ღირებულებებისა თუ ნორმების შესაბამისი. ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველო სულ სხვა მიმართულებით მოძრაობს, ვიდრე რამდენიმე წლის წინ იყო და მოქალაქეების აბსოლუტური უმრავლესობა გამოხატავს თავის ჰქონდეს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრირებული, დემოკრატიულ და სუვერენული ქვეყანა.

- "ქართული ოცნება" ცდილობს ქართველი ხალხი დაარწმუნოს, რომ შეერთებული შტატების ახლადარჩეული პრეზიდენტის პირობებში, მათ არ ექნებათ დემოკრატიულ ქვეყნებთან მთელი რიგი პრობლემები და თეთრი სახლის მომავალი ადმინისტრაცია მათ ავტოკრატიულ სისტემას მხარს დაუჭერს. ხელისუფლების გარდამავალ ეტაპზე, თუ გქონდათ უკვე კომუნიკაცია ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოსთან დაკავშირებით?

- გარდამავალ გუნდთან კომუნიკაცია ჯერ არ გვქონია. ველით, რომ ძალიან მალე ყველა მნიშვნელოვან საკითხს განვიხილავთ, მათ შორის, საქართველოსაც. კონგრესში, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ, ყოველთვის იყო ორმხრივი მხარდაჭერა არსებობდა. ჰელსინკის კომისია გახლავთ ორპალატიანი, ორპარტიული ორგანო კონგრესში. ჰელსინკის კომისია, სხვა საკითხებთან ერთად, თვალს ადევნებს არჩევნებსა და დემოკრატიულ ნორმებს, ამასთან, დემოკრატიული ინსტიტუციების ფუნქციონირებას ეუთო-ს ფარგლებში, რომელიც საქართველოსაც მოიცავს. ჰელსინკის კომისია ღრმად შეშფოთებულია და ბოლოდროინდელი ძალადობა არაერთხელ დაგმო. ორპარტიული თანხმობის საფუძველზე, გამოქვეყნდა მრავალი განცხადება, რომ კომისია ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ამჟამინდელი ტრაექტორიით. ასე რომ, ამ ფაქტების საფუძველზე მსჯელობით, ვფიქრობ, ჩვენ გავაგრძელებთ ორპარტიულ მხარდაჭერას საქართველოს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების მიმართ დემოკრატიული ნორმების დასაცავად და აშკარა ანტიდემოკრატიული ქმედებების საპირისპიროდ. 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *