რუსა შელია

აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი, საქართველოს იმ ერთგულ მეგობართა შორისაა, რომელიც ქართველი ხალხისა და ქვეყნის ისტორიული დასავლური მისწრაფების განსაკუთრებული მხარდაჭერით გამოირჩევა. ვერ იპოვით მისი მონაწილეობით კონგრესში გამართულ მოსმენასა თუ საჯარო დისკუსიას, სადაც კონგრესმენ უილსონს, ყოველგვარი შეკითხვის გარეშე, საკუთარი ინიციატივით, საქართველოს საკითხზე პოზიციას არ დაუფიქსირებია. იმ შემთხვევაშიც კი, თუ განხილვის თემა სამხრეთ კავკასიის რეგიონს, ან კონკრეტულად საქართველოს სულაც არ მოიცავს. 2 დეკემბერს, კვლევითი ორგანიზაცია "ჰადსონის ინსტიტუტში", საჯარო პანელური დისკუსია ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებას მიეძღვნა. მთავარი მომხსენებელი კონგრესმენი ჯო უილსონი გახლდათ, სადაც შეხვედრის ძირითადი საკითხის განხილვის პარალელურად, მან ამერიკულ ანალიტიკურ წრეებს კიდევ ერთხელ შეახსენა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიული პროცესის მხარდაჭერა. ჩვენი ინტერვიუც, სწორედ, ამ დისკუსიის დასრულების შემდეგ შედგა: 

- პირველ რიგში, იმ სასტიკი ძალადობის შეფასება მინდა გთხოვოთ, რასაც თბილისში, უკვე მესამე დღეა ვადევნებთ თვალს. სპეცრაზმი უმძიმესი ფორმებით უსწორდება აქციის მშვიდობიან მონაწილეებს. როგორია თქვენი რეაქცია აქ, ვაშინგტონში, როდესაც მსგავს ცნობებს თბილისიდან იღებთ?

- ნამდვილად შთამაგონებელია იმის ყურება, თუ როგორ განაგრძობს ქართველი ხალხი პროტესტს მათ წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის მიუხედავად. ეს ერთგვარი ტრადიციის გაგრძელება გახლავთ, რაც წარსულში ბუქარესტში, აღმოსავლეთ გერმანიასა, ბუდაპეშტსა, თუ სხვა ქვეყნებში ვიხილეთ. გვახსოვს, როგორ წამოდგა მაშინ სრულიად საზოგადოება ფეხზე საბჭოთა იმპერიალიზმის წინააღმდეგ, წინ აღუდგა ბოროტებას და თავისუფლებაც მოიპოვა. ხალხის ძალას ყოველთვის მოაქვს პოზიტიური ცვლილებები. საბოლოოდ, აუცილებლად თავისუფლება იმარჯვებს. ასე რომ, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი დემოკრატიული, თავისუფალი საქართველოს მომავლის დაცვის გზაზე წარმატებას მოიპოვებს და გახდება ევროკავშირისა და ნატო-ს ნაწილი. 

- თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, ამ გზაზე ვხედავთ სასტიკ სადამსჯელო ღონისძიებებსაც. პირადად თქვენი პოზიცია ქართველი ხალხისთვის ცნობილია, თუმცა არ ფიქრობთ, რომ შეერთებული შტატები აგვიანებს საქართველოში სისხლიან ძალადობაზე პასუხისმგებელ პირებზე სანქციების დაწესებას?

- ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები, რომლებიც სხვებს ავიწროებენ, შესაბამისი შედეგები მიიღონ და მათზე სანქციები დაწესდეს. ძალადობის ორგანიზებას შესაბამისი პასუხი უნდა გაეცეს. ყველა, ვისაც თავისუფლებისა და დემოკრატიის სწამს, ამ დანაშაულის წინააღმდეგ ერთად უნდა დადგეს. 

- 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თქვენ "ქართულ ოცნებას" არალეგიტიმური ხელისუფლება უწოდეთ. შეგიძლიათ უფრო მეტი გვითხრათ თქვენს ამ პოზიციაზე? 

- ჩემი აზრით, საქართველოში ვიხილეთ უამრავი დარღვევა, რაც დაასაბუთეს როგორც ევროკავშირის, ასევე სხვა საერთაშორისო დამკვირებლებმა. ასეთ განცხადებას არ გავაკეთებდი, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის არალეგიტიმურობა დამტკიცებული რომ არ იყოს. საპარლამენტო არჩევნები არ ჩატარებულა იმ ფორმით, რომ ის სანდო ყოფილიყო როგორც ქართველი ხალხისთვის, ისე მსოფლიოსთვის. მათ არჩევნები მანიპულაციური ჩარევებით ჩაატარეს, დაარღვიეს კონსტიტუცია, მთავრობა პრეზიდენტის თანხმობის გარეშე დაამტკიცეს და განაგრძობენ სასტიკად ძალადობას მათზე, ვინც ამ ყველაფერს საქართველოში აპროტესტებს. სწორედ ამიტომაც მივიჩნევ მათ არალეგიტიმურ ხელისუფლებად. 

- საქართველოსა და შეერთებულ შტატებს შორის უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობების ფონზე, "ქართული ოცნების" ლიდერები ცდილობენ ქართველი ხალხი დაარწმუნონ იმაში, რომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თეთრ სახლში ოფიციალურად შესვლის შემდეგ,  ურთიერთობები სწრაფად განახლდება. ისინი იმასაც ამბობენ, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში, "ქართულ ოცნებას" დემოკრატიულ სამყაროსთან ურთიერთობის პრობლემა არ ექნება. თქვენ დონალდ ტრამპის გუნდს წარმოადგენთ, ამიტომ საინტერესოა, თქვენი აზრი - "ქართული ოცნება" ამ შემთხვევაში ქართველ ხალხს სიმართლეს ეუბნება? 

- დონალდ ტრამპი მხარს უჭერს თავისუფლებას. ის მხარს უჭერს დემოკრატიას. დონალდ ტრამპიც გახლავთ ადამიანი, რომელიც ასევე აპროტესტებს არჩევნებს, რომელიც შესაძლოა, არარეგულირებულად ჩატარდა. ამიტომ, მჯერა, დონალდ ტრამპი დადგება ქართველი ხალხის გვერდით და არა რეჟიმთან, რომელმაც არჩევნები გააყალბა. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *