რუსა შელია
უკრაინა და უკრაინელი ხალხი, არამხოლოდ თანამედროვე მსოფლიოსთვის, მომავალი თაობებისთვისაც დიდხანს დარჩება სანიმუშო მაგალითად იმ თავდადების გამო, რაც ამ ერმა საკუთარი ღირსებისა და მომავლის დასაცავად გამოავლინა. ომში მყოფმა ქვეყანამ საბოლოო ფიზიკურ გამარჯვებამდე შეძლო გამარჯვებულის ისტორიის დაწერა და ამაში თითოეულმა უკრაინელმა თავისი პირადი წვლილი შეიტანა. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ალექსანდრა მატვიიჩუკი გახლავთ - უფლებადამცველი, რომელიც ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, უკრაინული მებრძოლი სულისკვეთების ერთ-ერთი საუკეთესო სახეა.
ალექსანდრა მატვიიჩუკი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატია, ის არასამთავრობო ორგანიზაცია "სამოქალაქო თავისუფლების ცენტრს" ხელმძღვანელობს და ასევე, კოორდინაციას უწევს საინიციატივო ჯგუფის Euromaidan SOS-ის საქმიანობას. ამასთან, მუშაობს საკანონმდებლო რეფორმებზე და საჯარო ზედამხედველობას უწევს სამართალდამცავ უწყებებსა და სასამართლო სისტემას. 2022 წლის თებერვალში დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის საპასუხოდ, მან პარტნიორებთან ერთად პუტინის ტრიბუნალისთვის გადასაცემად იმ საერთაშორისო დანაშაულებების დოკუმენტირება დაიწყო, რასაც რუსეთი უკრაინის ყველა რეგიონში ომის ფარგლებში სჩადიოდა. ალექსანდრა მატვიჩუკი ცოტა ხნის წინ ვაშინგტონს ეწვია, რათა უკრაინელი ხალხის მთავარი სათქმელი გაეჟღერებინა. ჩვენც მას სწორედ ამ მთავარი გზავნილის გაზიარება ვთხოვეთ.
- დავიწყოთ საუბარი უკრაინაში ამჟამინდელი ვითარებით - როგორია თქვენს ხელთ არსებული ბოლო ცნობები, ასევე, უკრაინელი ხალხის მდგომარეობა და განწყობა?
- გვაქვს განცდა, რომ წინ ძალიან მძიმე ზამთარი გველის. რუსებმა ენერგოინფრასტრუქტურის აბსოლუტური უმრავლესობა, უკვე გაანადგურეს, რაც იმას ნიშნავს, რომ მილიონობით ადამიანი, ზამთრის შუა რიცხვებში, გათბობის, ელექტროენერგიის, წყლისა და შუქის გარეშე დარჩება. ჩვენ თანამედროვე ადამიანები ვართ, თანამედროვე სამყაროში ვცხოვრობთ და ძალიან რთულია, ძირითადი ადამიანური პირობების გარეშე გადარჩე. თუმცა ასეთ ვითარებაშიც კი, უკრაინელები საკმაოდ კრეატიულები ვართ, მთელ ქვეყანაში სოლიდარობის უზარმაზარი ტალღაა. მაქსიმალურად ვეცდებით, ამ ურთულეს სიტუაციაშიც გამოსავალი ვიპოვოთ.
- რა არის ის, რაც თქვენი აზრით, ახლა უკრაინას დანარჩენი მსოფლიოსგან განსაკუთრებით ესაჭიროება, ამასთან, რა მთავარი გზავნილი ჩამოიტანეთ ვაშინგტონში?
- ჩვენთვის ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობისაა უკრაინის ცის დაცვა და ამასთან, განადგურებას ჯერ კიდევ გადარჩენილი ენერგოსისტემებისა და სხვა სამოქალაქო ობიექტების დაზიანებების თავიდან აცილება. რუსეთი განზრახ, მიზანმიმართულად ბომბავს საცხოვრებელ შენობებს, სკოლებს, ეკლესიებს, მუზეუმებსა და საავადმყოფოებს, ეს ყველაფერი ფრონტის ხაზიდან საკმაოდ შორს მდებარეობს. სულ ცოტა ხნის წინ, რუსეთმა ლვოვში საცხოვრებელი კორპუსი დაბომბა. მთელი ოჯახი კორპუსების ნანგრევებში დაიღუპა. მხოლოდ მამა გადარჩა, მისი მეუღლე ევგენია და სამი ქალიშვილი კი, რუსეთის ამ დარტყმამ იმსხვერპლა. მსგავსი ისტორიები ჩვენი ცხოვრების ყოველდღიურობა გახდა. ასე რომ, თავდაცვის სისტემის რაკეტების მიღება უკრაინისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ძალიან მნიშვნელოვანია, მივიღოთ ნებართვა და მათი გამოყენება შევძლოთ რუსეთის ტერიტორიაზე არსებული სამხედრო ობიექტების წინააღმდეგ. ახლა სურეალისტურ ვითარებაში ვართ - რუსეთს შეუძლია რაკეტებით უკრაინის ტერიტორიაზე სამოქალაქო ობიექტები გაანადგუროს, უკრაინას კი, ეკრძალება რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებზე იერიში მიიტანოს.
- პრეზიდენტი ზელენსკი აქტიურად აცნობს და მუშაობს დასავლეთთან მისი ე.წ. გამარჯვების გეგმის განხორციელების მიზნით. თქვენ როგორ აფასებთ მას?
- ვფიქრობ, ეს კარგი გეგმაა, თუმცა არსებობს შეკითხვა, როგორ უნდა განხორციელდეს ის, რადგან ეს მხოლოდ უკრაინის პრობლემას არ მოიცავს და მისი სისრულეში მოყვანა არ არის მხოლოდ ომში მყოფ ორ სახელმწიფოზე დამოკიდებული. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ომში, რომელიც მიმდინარეობს ორ სისტემას, ავტორიტარიზმსა და დემოკრატიას შორის. რუსეთი უკრაინას იყენებს არა როგორც სამიზნეს, არამედ როგორც იარაღს საერთაშორისო წესრიგის დასარღვევად. რუსეთი უკრაინას იყენებს იმისთვის, რომ თავისი წესები უკარნახოს საერთაშორისო საზოგადოებას და აჩვენოს, რომ საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლა იძულებით შეუძლია. ასე რომ, ვფიქრობ, მთავარი პრობლემა გახლავთ ის, რომ ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს საერთო მიზანი. როდესაც ომი პირველად დაიწყო, დემოკრატიულმა სახელმწიფოებმა თქვეს, დავეხმაროთ უკრაინას, რათა ის არ დამარცხდეს. უკრაინამ მიიღო პირველი იარაღი, რათა თავის დაცვის შესაძლებლობა ჰქონოდა, ასევე, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შევიდა ძალაში, რისთვისაც ჩვენ ძალიან მადლობელნი ვართ, რადგან ეს გადარჩენაში დაგვეხმარა. თუმცა მსგავსი დამოკიდებულება ასევე განმარტავს იმ ვითარებას, თუ რატომ ელოდა უკრაინა პირველ სერიოზულ სამხედრო დახმარებას 10 წლის განმავლობაში, შეფერხებას კი, უამრავი ადამიანის სიკვდილი მოჰყვა, ან რატომ ელოდა უკრაინა პირველ თანამედროვე სამხედრო თვითმფრინავებს ორ წელზე დიდი ხანი, რამაც ასევე გამოიწვია უამრავი ადამიანის დაღუპვა. ჩვენ უნდა შევცვალოთ ნარატივი და "დავეხმაროთ უკრაინას, რათა არ დამარცხდეს", უნდა ჩავანაცვლოთ - "დავეხმაროთ უკრაინას გამარჯვებაში". ამ ორ ნარატივს შორის უზარმაზარი განსხვავებაა და ჩვენ ის შეგვიძლია გავზომოთ იარაღის სხვადასხვა ტიპებში, გადაწყვეტილებების სიჩქარეში, სანქციების სიმძიმეში. პრობლემა ის არის, რომ რუსეთს მშვიდობა არ სურს. პუტინს სურს მიაღწიოს თავის ისტორიულ მიზანს, იმ პოლიტიკოსებს კი, რომლებიც ფიქრობენ, რომ მათ შეუძლიათ რაღაცის შეთავაზება პუტინისთვის, ან ფიქრობენ, რომ უკრაინის ტერიტორიის სანაცვლოდ პუტინი გაჩერდება, მხოლოდ სურვილების დონეზე განიხილავენ ვითარებას. ჩვენ კი არ შეგვიძლია საკუთარ თავს სურვილების წარმოდგენის უფლება მივცეთ. ეს ძალიან რთულია. თან, ძალიან საშიშია ასეთი ვიზუალური აზროვნება, როდესაც ომში ხარ. მსოფლიოში რუსეთის იმპერიალისტური ბუნების გადააზრების პროცესი უკვე დაწყებულია, მაგრამ ტემპი მაინც ნელია. განვითარებულმა დემოკრატიებმა უნდა გადახედონ ყველაფერს, რაც რუსეთის შესახებ იციან, რადგან რუსეთი გახლავთ იმპერია. იმპერიას კი, აქვს ცენტრი, მაგრამ არ აქვს საზღვრები და როდესაც მას შესაბამისი ენერგიაც გააჩნია, ის ყოველთვის ცდილობს გაფართოებას. შესაბამისად, თუ თქვენ ვერ შეძლებთ პუტინის შეჩერებას უკრაინაში, ის უფრო შორს წავა. არც უკრაინა, არც საქართველო და ჩვენი რეგიონის სხვა ქვეყნები არ არიან უსაფრთხოდ მანამ, სანამ რუსეთი იქცევა როგორც იმპერიალისტური სახელმწიფო.
- გარდა ფიზიკური ომისა, უდიდეს გამოწვევად იქცა ინფორმაციული ომიც. თქვენი დაკვირვებით, რამდენად ეფექტურია დეზინფორმაციის საწინააღმდეგო მექანიზმები, ან საერთოდ, რამდენად კარგად ვიცნობთ რუსულ საინფორმაციო მანქანას?
- რა თქმა უნდა, მიმდინარე ომს არამხოლოდ სამხედრო, არამედ ინფორმაციული განზომილებაც აქვს. რუსეთს არ აღიარებს ლიმიტებს საზღვრების თვალსაზრისით, რათა თქვენი გულებისა და გონების დასაპყრობად იბრძოლოს. მათ შორის, უკრაინაში, საქართველოში, გერმანიაში, შეერთებულ შტატებში და ა.შ. რუსეთი, სამხედრო მიზნების მიღწევას, ინფორმაციული ომის გამოყენებითაც ცდილობს. კარგად მახსოვს, ჯერ კიდევ 2014 წლამდე, რუსეთის გენერალმა სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც წერდა, რომ ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც ინფორმაცია, ვიდეო, ტექსტი და ფოტო მასობრივი განადგურების იარაღად იქცა. რუსეთი სწორედ ამ მასობრივი განადგურების იარაღს იყენებს სხვადასხვა ქვეყანაში მშვიდობიან მოსახლეობაზე დასამიზნებლად. ეს ძალიან სახიფათო სიტუაციაა. არ არსებობს კონკრეტული გამოსავალი, როგორ უნდა ავიცილოთ თავიდან რუსული დეზინფორმაცია, რადგან მისი შეჩერება მხოლოდ რუსული ტელეარხების დაბლოკვით შეუძლებელია. რუსეთი დეზინფორმაციისთვის იყენებს ისეთ მეთოდებს, როგორიცაა რუსული ეკლესია, რუსული კულტურა, სოციალური ქსელები, "ფეიქები". უამრავი ინსტრუმენტი გააჩნიათ და ერთადერთი ხილული გზა, რაც მიუწვდომელი გახლავთ არის ის, რომ ადამიანებმა აიღონ ვალდებულება კრიტიკულად იფიქრონ და იაზროვნონ. სამწუხაროდ, ადამიანების უმრავლესობა კრიტიკულად არ ფიქრობს. ისინი ხსნიან სხვადასხვა საინფორმაციო ქსელებს და შეკითხვების დასმის გარეშე, პასუხებს იღებენ. ეს ადამიანური ბუნებისთვის დამახასიათებელი თვისებაა და ამიტომაც ვართ ასეთ გაჭედილ მდგომარეობაში. არ არსებობს გამოსავალი, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ინფორმაციულ ომს პოსტინფორმაციულ სამყაროში.
- ამ დეზინფორმაციული ომის მნიშვნელოვან ნაწილად, სამწუხაროდ, საქართველოც იქცა. ხელისუფლება იყენებს დეზინფორმაციულ ნარატივს უკრაინაში მიმდინარე ომზე მითითებით, წინასაარჩევნოდ ვნახეთ მართლაც სამარცხვინო ბანერებიც. როგორია უკრაინელების რეაქცია საქართველოს ხელისუფლების მსგავს პოლიტიკაზე?
- ჩვენ ეს არ გვიკვირს, რადგან ვიცით, რას ნიშნავს პრორუსული, ავტორიტარული, კორუმპირებული მთავრობის პირობებში ცხოვრება. სწორედ ამიტომ, 18 წლის წინ, უკრაინაში, მილიონობით ადამიანმა ხმა აიმაღლა და მშვიდობიანად დაიცვა ღირსება მხოლოდ იმისთვის, რომ გვქონოდა ისეთი ქვეყნის აშენების შანსი, სადაც ყველა ადამიანის უფლება დაცულია, მთავრობა ანგარიშვალდებულია ხალხის წინაშე, სასამართლო დამოუკიდებელია, პოლიცია არ სცემს სტუდენტებს, რომლებიც მშვიდობიან დემონსტრაციებს მართავენ. ეს შანსი მაღალი ფასის გადახდას მოითხოვს, რადგან ავტორიტარული რეჟიმები ადამიანებს სასტიკად დევნიან, სცემენ, აპატიმრებენ, აწამებენ. მიუხედავად ამისა, მაინც მჯერა, რომ ბოროტებისთვის წინააღმდეგობის გაწევა საუკეთესო სტრატეგიაა. ჩვენ სამყაროში გარანტიები არ არსებობს, მაგრამ ჯერ კიდევ გვაქვს შანსი და ვალდებულებაც, რომ ავაშენოთ მომავალი, როგორიც გვინდა ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის. მინდა გამოვხატო ჩემი გულწრფელი სოლიდარობა ქართველი ხალხის მიმართ, რადგან თქვენი ბრძოლა, ჩვენი ბრძოლაცაა. ორივენი ვიბრძვით ისეთი რამისთვის, რასაც ეროვნულ ჩარჩოებში შეზღუდვა არ გააჩნია, ეს გახლავთ - თავისუფლება. გვქონდეს თავისუფლება ყველანაირი გაგებით: გვქონდეს თავისუფლება ვიყოთ დამოუკიდებელი ქვეყანა და არა რუსეთის კოლონია, გვქონდეს თავისუფლება, რათა შევინარჩუნოთ საკუთარი იდენტობა და არ ვიყოთ იძულებულნი ჩვენი შვილები რუსებად აღვზარდოთ. გვქონდეს თავისუფლება დემოკრატიული არჩევანისთვის, როგორც შანსი, ავაშენოთ მყარი დემოკრატიული ინსტიტუტები და საზოგადოებისთვის შევქმნათ მკაფიო თამაშის წესები, სადაც ყველა ადამიანის უფლებები დაცულია. დიახ, ეს ბრძოლაა. საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, რომ ასეთ დრამატულ დროს მნიშვნელოვანია ინდივიდუალური გამბედაობა და ინდივიდუალური პასუხისმგებლობა. ასეთი დრამატული პერიოდები გვამოწმებს ჩვენ, როგორც ადამიანებს, რამდენად შეგვიძლია გავუძღვეთ პროცესებს.
0 კომენტარი