ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი იხსენებს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მმართველობის პირველ წლებს და ამბობს, რომ მაშინ თემატური ჯგუფების მუშაობა ფასადური უფრო იყო, ვიდრე შინაარსობრივი.

ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი, რომელიც 2012 წელს ერთ-ერთი პირველი შეუერთდა "ქართული ოცნების" ახალ პოლიტიკურ პლატფორმას და ასევე, ერთ-ერთმა პირველმა დატოვა ის, იხსენებს როგორ ფორმირდებოდა საქართველოს ამჟამინდელი მმართველი პარტია. მისი განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ხშირად იმეორებდა, რომ ის პოლიტიკაში დარჩენას არ აპირებდა, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. 

“ბიძინა ივანიშვილი ხშირად იმეორებდა, რომ ის არ აპირებდა პოლიტიკაში დარჩენას და რომ ეს მისთვის კომფორტული არ იყო, თუმცა 2012 წლის არჩევნებამდეც უკვე ვგრძნობდი, რომ რაღაც სხვა ხდებოდა. იმასაც ვხედავდი, რომ თავად მისი მმართველობის სტილი შორს იყო იდეალურისგან. ის მიჩვეული იყო ბიზნესმენეჯმენტს, თანაც რუსულ მენეჯმენტს, რომელშიც მკაცრი იერარქია და ვერტიკალი იგულისხმება - სათავეში დგას ერთი ადამიანი, რომლის ნებაც უსიტყვოდ სრულდება. მან ეს პოლიტიკაში გადმოიტანა. გარდა ამისა, მისთვის ცალკეული პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ჯგუფები,  მხოლოდ, ერთგვარ ბიზნეს-სუბიექტებს წარმოადგენდნენ. მაგალითად, ბიზნესში, თუ რომელიმე ჯგუფთან თანამშრომლობა ფინანსურად არარენტაბილურია, შეგიძლია მასთან თანამშრომლობა შეწყვიტო. ასე ხდება ბიზნესში, მაგრამ პოლიტიკაში ეს დაუშვებელია", - იხსენებს ზაზა ფირალიშვილი. 

მისივე თქმით, "ბიძინა ივანიშვილი 54 წლის იყო, როდესაც პოლიტიკაში შემოვიდა და ამ ასაკში კი, ჩვევების შეცვლა რთულია".

შეკითხვაზე, რა შეიცვლება საქართველოს დასავლურ გზაზე "ქართულ ოცნებაში" ბიძინა ივანიშვილის საპატიო თავმჯდომარის სტატუსით დაბრუნების შემდეგ, ზაზა ფირალიშვილი ეჭვს გამოთქვამს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, არაფორმალური მმართველობის დასრულებაზე შეთანხმების გარეშე, არ მოხდებოდა. 

“ჩემს ეჭვს გაგიზიარებთ. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ მოხდებოდა ივანიშვილთან არაფორმალური მმართველობის დასრულებაზე თანხმობის მიღწევის გარეშე. დასავლეთი გავიდა კონტაქტზე იმ ადამიანთან, ვინც ქვეყანაში ვითარებას რეალურად აკონტროლებს. წმიდა დიპლომატიური ნორმები არსებობს - როგორ უნდა ითანამშრომლოს დასავლეთმა მასთან, ვინც მეორე ფრონტის გახსნაში ადანაშაულებდა? ივანიშვილს ეს განცხადებები არ გაუკეთებია და ყოველთვის შეუძლია თქვას, რომ თავად მსგავსი რიტორიკით უკმაყოფილოა", - აღნიშნავს ინტერვიუში ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი. 

 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *