globalnews.ge-სთან ინტერვიუში ფილოსოფოსი ზაზა ფირალიშვილი, რომელიც ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას 2012 წელს შეუერთდა და ასევე, ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა, ვინც 2012 წლის არჩევნების შემდეგ, გუნდი დატოვა, ამბობს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი პოლიტიკაში საკუთარი პოლიტიკური გავლენების გასაძლიერებლად დაბრუნდა.

“ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლების მოყვარულია და ასევე, აქვს დიდი ნებისყოფაც. ეტაპობრივად, მან გარშემო მორჩილი და უფერული ადამიანები შემოიკრიბა და ჩამოიშორა ყველა, ვინც შინაგანი თავისუფლებისა და კონცეფციის მატარებელი იყო. ის ახლა ცდილობს თავისი ძველი გავლენა აღიდგინოს, სწორედ ამით ვხსნი მის პოლიტიკაში დაბრუნებას. არამგონია, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებამ მკვეთრად შეცვალოს ვითარება და დამატებითი ხმების მოპოვება შეძლოს "ქართული ოცნებისთვის", ეს საეჭვოა, თუ საამისოდ დიდი ფინანსები არ დაიხარჯა. მითუმეტეს, რომ ქართველ ხალხს არ უყვარს ერთი და იგივე ნაბიჯის გამეორება. თანაც იმ ფონზე, როცა ქვეყნისა და ეკონომიკის საქმე ადგილიდან არ იძვრის”. 

ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს აქვს მოლოდინი, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ, პირველ რიგში, საკადრო ცვლილებებს განახორციელებს და “ხელიდან გაშვებულ სადავეებს დაიბრუნებს”. 

“ბიძინა ივანიშვილი ზედმიწევნით პრაგმატული ადამიანია. ის აზროვნებს არა იდეებისა და იდეოლოგიების კატეგორიებით, არამედ, წმინდა პრაგმატული კატეგორიით - მოცემულ სიტუაციაში მას ეს სჭირდება და ამიტომაც გააკეთებს. ახლა ბიძინა ივანიშვილისთვის უსაფრთხოებაა მნიშვნელოვანი ფაქტორი, ბოლოსდაბოლოს, მის ბიზნესსამყაროს საფრთხე ემუქრება, სანქციები... ბევრი საფრთხის წინაშეა. ის დარტყმის წინაშეა ერთის მხრივ, რუსეთიდან, სადაც მან თავისი დიდი იმპერია შექმნა და მეორე მხრივ, დასავლეთიდან, რომელსაც შეუძლია ამ ქონებიდან არაფერი დაუტოვოს. ამ შემთხვევაში, პოლიტიკა ფარი ვერ იქნება, უბრალოდ, დღევანდელი მდგომარეობა მას საშუალებას აძლევს, რომ მოახდინოს ლავირება და პოლიტიკის ცვლილება ისე, რომ მისთვის უსაფრთხო იყოს”, - ამბობს ჟურნალისტ ქეთი ფარცხალაძესთან ინტერვიუში ფილოსოფოსი ზაზა ფირალშვილი. 

 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *