აშშ და ევროკავშირი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ, სადაც კიდევ ერთხელ ადასტურებენ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროპული პერსპექტივის მიმართ. განცხადება მხარეებმა ერთობლივი სამიტის შემდეგ გაავრცელეს, რომელიც 20 ოქტომბერს, თეთრ სახლში გაიმართა.

“ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, მისი ევროპული პერსპექტივის მხარდაჭერას. ვიზიარებთ საერთო ვალდებულებას დასავლეთ ბალკანეთში სტაბილურობისა და მხარს ვუჭერთ რეგიონის ევროპულ პერსპექტივას. ყველა პარტნიორმა ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ევროკავშირის წევრობისთვის საჭირო რეფორმები”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

სამიტზე საუბარი შეეხო სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობასაც. ერთობლივ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ მხარეები მხარს უჭერენ ორ ქვეყანას შორის გრძელვადიანი მშვიდობის შენარჩუნებას.

“ჩვენ მოვუწოდებთ აზერბაიჯანს, დაიცვას მთიანი ყარაბაღში მცხოვრებთა უფლებების დაცვა და უსაფრთხოება, ისევე, როგორც მათი, ვისაც დაბრუნება სურს”, – წერია განცხადებაში.

ერთობლივ სამიტში მონაწილება მიიღეს აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა. ასევე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დენ ლაიენმა და საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *