უკრაინაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ვიქტორ კიპრიტიდი. ის 49 წლის იყო. როგორც მისი შვილი, ეუბნება რადიო თავისუფლებას, მამის გარდაცვალების შესახებ ცნობა ოჯახმა 23 აგვისტოს მიიღო.

გიორგი კიპრიტიდის თქმით, რამდენიმე ხნის წინ მამა ერთ-ერთი დავალების შესრულების დროს, დაბომბვისას დაიჭრა, გასულ პარასკევს კი კლინიკაში გარდაიცვალა:

"ჩვენ არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, კონკრეტულად სად დაიჭრა მამა და რამდენი ხნის წინ. მხოლოდ ის ვიცით, რომ დაჭრის შემდეგ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა და ის კლინიკაში მკურნალობდა. მამა საავადმყოფოში გარდაიცვალა".

ვიქტორ კიპრიტიდი სოხუმიდან დევნილია. მისი ოჯახი, ცოლი და ორი შვილი თბილისში ცხოვრობს.

ის პროფესიონალი სამხედრო იყო. 90-იან წლებში იბრძოდა აფხაზეთში. 2008 წელს - აგვისტოს ომში.

ვიქტორ კიპრიტიდი უკრაინაში იბრძოდა 2014 წლიდან - ევრომაიდნის მოვლენების, რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის შედეგად ყირიმის ანექსიისა და სეპარატისტების მიერ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ნაწილის ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკებად გამოცხადების შემდეგ.

თავდაპირველად ის უკრაინაში დაფუძნებული „ქართული ლეგიონის“ წევრი იყო. თუმცა, თანამებრძოლებისა და მეგობრების ცნობით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულ ძალებში ირიცხებოდა.

"ამ ათი წლის განმავლობაში საქართველოში სულ ორჯერ იყო ჩამოსული - ბოლოს დაახლოებით ერთი წლის წინ. მამა ძირითადად ფრონტის ხაზზე იყო. სულ ცდილობდა, არ შეემჩნია, რამდენად რთულ წერტილებში იბრძოდა. ჩვენც ვცდილობდით, რომ არ გვეჩვენებინა, რომ ვღელავდით. თუმცა, დღე არ გავიდოდა, რომ მისთვის შეტყობინება არ გამეგზავნა, არ მომეკითხა. ისიც, როგორც შეეძლო, ისე გვპასუხობდა".

ოჯახის ინფორმაციით, უკრაინაში დაღუპულ მებრძოლს 30 აგვისტოს, გამთენიისას ჩამოასვენებენ. მას თბილისში 3 სექტემბერს დაკრძალავენ.

უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებიდან რამდენიმე ასეული (არაოფიციალური ინფორმაციით, 1500-მდე) ქართველი მოხალისე იბრძვის. ისინი სხვადასხვა ბატალიონში ირიცხებიან და მონაწილეობენ საომარ მოქმედებებში, ფრონტის წინა ხაზზე.

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 70-მდე ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს 2022 წლის 24 თებერვლიდან აწარმოებს. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სიტყვებით, "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" თავდაპირველი მიზანი იყო უკრაინის "დენაციფიკაცია", "დემილიტარიზაცია" და ასევე უკრაინის უარი ნატოში გაწევრიანებაზე. ფრონტის ხაზი დღეს 1000 კილომეტრზე მეტია. 2024 წლის აგვისტოს დასაწყისში უკრაინა საპასუხოდ რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში შეიჭრა. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აქვს რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვების გეგმა და კურსკის ოპერაცია ამ გეგმის ერთ-ერთი პუნქტია.

 

RFE/RL

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *