globalnews.ge-სთან ინტერვიუში, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, აშშ-ში საქართველოს ყოფილ ელჩი და ამჟამად, ანალიტიკურ ცენტრ "ჯეოქეისის" მრჩეველთა საბჭოს წევრი თედო ჯაფარიძე ამბობს, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრობლემა შიდა პოლიტიკური ვითარებაა.
“დღეს საქართველოში არ არსებობს ბალანსი ორ დეფინიციას, ორ განმარტებას შორის, რასაც ხელისუფლება და ძალაუფლება ჰქვია და მთელი პროცესი მიმართულია ძალაუფლებისკენ. ხელისუფლებაში ყოფნა გარკვეულ ნორმებს, კანონის უზენაესობას ნიშნავს. ძალაუფლებისადმი სიხელე, რაც დამახასიათებელია ქართული პოლიტიკისთვის, პოლიტიკური სკამი, რომელიც ერთია და რომელზეც ყველას უნდა წამოსკუპება, სწორედ ეს გახლავთ მთავარი პრობლემა. ჩემი მოგონილი გამოთქმა არ არის, რომ დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი კანონია ოპოზიციის მიმართ დამოკიდებულება. ოპოზიციას უნდა უყურებდე, როგორც მომავალ მთავრობას და არა მტერს. თუ მხედველობაში მივიღებთ ქართულ ოპოზიციას, რა თქმა უნდა, სასურველი იქნება, რომ მათ ჰქონდეთ შეგნება, რომ მიმართულნი არიან არამხოლოდ ოპონენტთან პოლიტიკური ბრძოლის გამოცხადებისკენ, არამედ, რომ ისინი არიან საქმიანი და ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე ორიენტირებულნი”,-ამბობს დიპლომატი.
მისივე განცხადებით, ასეთმა “ძალაუფლებისადმი ლტოლვამ პოლიტიკური პროცესი გადღაბნა და გაურკვეველი გახადა”.
“ჩვენ ვიხარშებით ამ ორი ძალის დაუსრულებულ შერკინებაში, რაც სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ უშედეგოა და ქვეყნისთვის არცთუ სასარგებლო. ვითარება შავ-თეთრია, დემოკრატიისთვის მიუღებელი პროცესია შექმნილი. არის ერთი მხარე, არის - მეორე და “შუა გაკრეფილია”, მაშინ, როდესაც სწორედ ეს “შუაა” დემოკრატიული პროცესის სტაბილურობის გარანტი. ვოცნებობ და ევროპისკენ მიმავალ გზაზე სხვაგვარად ვერც მოხდება, რომ იყოს “ქართული ოცნება”, იყოს მეორე ძალა, რომელიც გაუგებარია ვინ არის და იშლება, მაგრამ აუცილებლად გაჩნდეს მესამე ძალაც.
სწორედ ეს იქნება ქართული დემოკრატიის ნიშანი და ამას გვთხოვენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები.
ამის გარეშე შეუძლებელია საქართველოსნაირ ქვეყანას დემოკრატიული ეწოდოს”.
მისი განცხადებით, “ქვეყნის შიგნით არსებული პოლიტიკური რიტორიკა მიუღებელია, შავ-თეთრი ფერები, სიხისტე ურთიერთობებსა და განცხადებებში. ეს არ არის კარგის მომტანი ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და სწორედ ეს გახლავთ რეკომენდაციების შემადგენელი ნაწილიც”.
საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და შეერთებულ შტატებში საქართველოს ყოფილი ელჩი მიუღებელს უწოდებს პრეზიდენტის მიმართ გაკეთებულ განცხადებებსაც.
“ჩვენ არ ვსაუბრობთ პიროვნებაზე, რომელიც შეიძლება მოგწონდეს ან არ მოგწონდეს, ჩვენ ვლაპარაკობთ სახელმწიფო ინსტიტუტზე, რომელიც ქვეყანას წარმოადგენს და რომლის მიმართ არაევროპული, მიუღებელი დამოკიდებულებაა. ვერც კი ვპოულობ სიტყვებს, ეს აღვწერო და დასკვნა გამოვიტანო”, ამბობს დიპლომატი.
0 კომენტარი