globalnews.ge-სთან ინტერვიუში, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, აშშ-ში საქართველოს ყოფილ ელჩი და ამჟამად, ანალიტიკურ ცენტრ "ჯეოქეისის" მრჩეველთა საბჭოს წევრი თედო ჯაფარიძე ამბობს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ფონზე, ქვეყნის საგარეო მიმართულებით პროგრესი დამოკიდებული იქნება “საშინაო დავალებების” შესრულების დინამიკაზე, რაც გადაწყვეტილების ფარგლებში განისაზღვრა.

“როდესაც საქართველომ ევროკავშირში წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, გამახსენდა, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი. რამდენმა ადამიანმა, პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, საჯარო მოხელემ და რა თქმა უნდა, დიპლომატმა მიიღო მონაწილეობა, რომ ეს დღე დამდგარიყო.

რა თქმა უნდა, ეს საქართველოსთვის ისტორიული გადაწყვეტილებაა და ახლა ჩვენზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ შევასრულებთ საშინაო დავალებას, რაც ამ გადაწყვეტილებით განისაზღვრა”.

 

დიპლომატი ამბობს, რომ საქართველო ოფიციალურად დაადგა “საოცნებო სტრატეგიულ გზას, რასაც ევროპის ნაწილად ყოფნა ჰქვია”, თუმცა მისი განცხადებით, შემაშფოთებელია დისკუსია და დებატები, რომელიც ქვეყნის საგარეო ვექტორთან დაკავშირებით, ბოლო პერიოდში, საზოგადოების ნაწილში გაჩნდა.

“ბევრი ფიქრი არ არის საჭირო - ან იქნები იქ, სადაც არის ცივილიზაცია და ევროატლანტიკური სივრცე, ან იქნები იქ, სადაც იყავი 70 წლის განმავლობაში. სწორედ ეს მაწუხებს, რომ რატომღაც, ბოლო პერიოდში, დაიწყო დისკუსია თუ დებატები, თუ საით უნდა წავიდეთ. შემიძლია მხოლოდ იმედი გამოვთქვა, რომ დავადექით ევროპულ გზას და თითქოს, საგარეო პოლიტიკურ ვექტორთან დაკავშირებული შეკითხვებიც გარკვეულია, მაგრამ რეალურად და პრაქტიკულად, ვითარება რთულია.

ვნახოთ, რა რექციები მოჰყვება ამ გადაწყვეტილებას და რა განცხადებები გაკეთდება რუსეთის მხრიდან. ჯერჯერობით, სრული სიჩუმეა. ჩვენ პირველი ნაბიჯი გადავდგით, თუმცა დებატები და დისკუსია, ასევე, ზეწოლა შეიძლება გაგრძელდეს.

როდესაც ჩემი უცხოელი მეგობრები მისვამენ შეკითხვას, რა არის მთავარი საგარეო საფრთხე ქვეყნისთვის, ჩემი პასუხი ასეთია - მთავარი საფრთხე შიდა პოლიტიკური საკითხია. რამდენად მტკიცე იქნება პოლიტიკური ვითარება, რამდენად კონსოლიდირებულნი იქნებიან პოლიტიკოსები იმის მიუხედავად, ვინ არის ხელისუფლებასა თუ ოპოზიციაში და რამდენად მტკიცე დამოკიდებულება ექნება საზოგადოებას. ყოველთვის ვამბობ, სიფრთხილე არ ნიშნავს, რომ აღქმა შენ პარტნიორებს შორის გაჩნდეს რომ დამფრთხალი ხარ. სიფრთხილე არ უნდა დავკარგოთ, მაგრამ წელში გამართულმა უნდა ვიაროთ იმ გზაზე, რასაც ჰქვია ევროკავშირში გაერთიანება ჰქვია", - ამბობს დიპლომატი. 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *