საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-13 სხდომა გაიმართა. ინფორმაციას საქართველოს პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს. 

"სხდომაზე საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს; ისაუბრეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პოტენციალზე როგორც ეკონომიკური ურთიერთობების და ვაჭრობის, ისე ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების მიმართულებით. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოსთვის სომხეთი ერთ-ერთ მნიშვნელოვან სავაჭრო პარტნიორს წარმოადგენს და უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ათეულში იმყოფება. 2023 წლის მონაცემების თანახმად, ძირითადი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ათეულში სომხეთი სავაჭრო ბრუნვის მიხედვით, წინა წლის ანალოგიურად, მე-6 ადგილზეა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისია მნიშვნელოვანი პლატფორმაა საქართველოსა და სომხეთს შორის ეკონომიკური, სავაჭრო, სატრანსპორტო და კულტურული კავშირების გაძლიერებისთვის", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, კოლეგასთან საჯარო შეხვედრაზე საუბრისას აღნიშნა ისიც, რომ მხარეებმა „სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმს მოაწერეს ხელი“. მისივე განცხადებით, ინიციატივა გასული წლის ზაფხულში დაანონსდა.

„შეიძლება ითქვას, ჩვენ ისედაც ვიყავით სტრატეგიული მეგობრები, სტრატეგიული პარტნიორები და დღეს ეს რეალობა გაფორმდა და ხელი ოფიციალურად მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ თანამშრომლობის შეთანხმებას“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. ნიკოლ ფაშინიანმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ "ეს შეთანხმება ერთობლივი ძალისხმევის შედეგია და მხარეების მიზანმიმართულობას გამოხატავს და ასევე, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ამ მხრივ ძალისხმევა მომავალშიც უნდა გაიზარდოს". 

მხარეებმა განიხილეს შავი ზღვის ელექტროგადამცემი კაბელის პროექტიც. ამ კონტექსტში, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა საკუთარი ინიციატივა გააჟღერა „მშვიდობის გზაჯვარედინის“ შესახებ და თქვა, რომ ეს პროექტი რეგიონში ურთიერთობების გაღრმავებისკენაა მიმართული: „ამის კარგი მაგალითია შავი ზღვის კაბელის პროექტი, რომლის მიმართ სომხეთს დიდი ინტერესი აქვს“, - აღნიშნა მან, თუმცა არ დაუზუსტებია, რა სახით მიიღებს პროექტში მონაწილეობას სომხეთი.  

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *