ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, აფხაზეთის საოკუპაციო ძალების მიერ, თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გიგა ოთხოზორიას მკვლელობაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება. სასამართლომ, რუსეთს, მოკლულის ოჯახისთვის, არამატერიალური ზიანის ასანაზღაურებლად 130 000 ევროს, ხარჯების კომპენსაციისთვის კი, 9,265.15 ევროს გადახდა დააკისრა.
ამავე გადაწყვეტილებით, დადგინდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 38-ე მუხლის (საქმის განხილვა) დარღვევა, რადგან რუსეთმა სასამართლოში შესაბამისი სისხლის სამართლის საქმის მასალები არ წარადგინა.
საქმესთან დაკავშირებით რუსეთის მთავრობამ თქვა: „რუსული ძალები აფხაზეთში განლაგებულნი იყვნენ, რათა შეეკავებინათ და საჭიროების შემთხვევაში მოეგერიათ ქართული აგრესია. ისინი იქ არ ყოფილან მოსახლეობაზე პოლიციის უფლებამოსილების განსახორციელებლად. მხარდაჭერა, რომელსაც რუსეთი აფხაზეთს შუამავლის რანგში უწევდა, საქართველოში ეთნიკური კონფლიქტის მოგვარების მცდელობა იყო".
მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახმა სტრასბურგის სასამართლოს შესაბამისი საჩივრით 2018 წლის 11 იანვარს მიმართა. მათ ინტერესებს კი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული ცენტრი“ იცავდნენ. მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ფედერაცია, სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას სამართლებრივად არ აღასრულებს, ამ საქმეს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა ორი მიმართულებით აქვს: პირველი - ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ იმსჯელა, რუსეთის ფედერაცია ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე კონტროლს ახორციელებს და მეორე, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა ქმედებებზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება.
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიდან დევნილი გიგა ოთხოზორია ოჯახთან ერთად ზუგდიდში ცხოვრობდა. ის საოკუპაციო ხაზთან, ხურჩა-ნაბაკევის ე.წ. გამშვებ პუნქტთან 2016 წლის 19 მაისს მოკლეს მაშინ, როდესაც ოკუპირებულ აფხაზეთში პროდუქტის გაგზავნას ცდილობდა და საუბარი აფხაზ ე.წ. მესაზღვრეებთან შელაპარაკებაში გადაიზარდა.
0 კომენტარი