დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება. საარჩევნო უბნები 06:45 საათზე გაიხსნა, კენჭისყრა კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით, დილის 08:00 საათზე დაიწყო. კენჭისყრის შენობები 20:00 საათზე დაიკეტება. როგორც ცესკო-ს თავმჯდომარემ, გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნებში მონაწილეობას 3 113 747 ამომრჩეველი მიიღებს. გადასატანი ყუთის სიაში კი, 64 238 ამომრჩეველია. ცესკო-ს თავმჯდომარის ინფორმაციითვე, საზღვარგარეთ გახსნილი საარჩევნო უბნების სპეციალურ სიებში ამომრჩეველთა რაოდენობა 95 910-ს შეადგენს. აღსანიშნავია ისიც, რომ წელს პირველად, არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა, 135 922 ახალგაზრდას ექნება. 

აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პროცესს 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი  და 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი ჰყავს, ასევე პროცესს 199 მედიაორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი აშუქებს.

საარჩევნო უბანზე ხმა უკვე მისცა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. მისი თქმით, "იმ საქართველოს მისცა, რის გამოც ქვეყანაში 22 წლის წინ დაბრუნდა და რომელზეც მისი წინაპრები ლოცულობდნენ".

"საღამოს ჩვენ ვიქნებით ყველანი გამარჯვებულები. დამარცხებული არავინ იქნება, იმიტომ, რომ გაიმარჯვებს საქართველო", - დასძინა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა. 

ხმის მიცემის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, მედიის წარმომადგენლებთან თქვა, რომ "ქართული ოცნება" მოქალაქეებისგან 60%-იან მხარდაჭერას ელოდება, ოპოზიციას კი მოუწოდა, "ცესკო-ს მიერ გამოცხადებულ შედეგებს შეეგუოს". 

"ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ქვეყანამ განაგრძოს სტაბილური და მშვიდობიანი განვითარება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

საქართველოს მოქალაქეებმა დღეს პარლამენტის 150 წევრი პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე უნდა აირჩიონ. პარლამენტის წევრთა მანდატები გადანაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებიც საარჩევნო ბარიერს გადალახავენ, ანუ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5%-ს მაინც მიიღებენ. პარლამენტის არჩევნებში 18 პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. 

 

 

 

0 კომენტარი

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება, აუცილებელი ველები მონიშნულია *