"ყურადღებით მივადევნებთ თვალს არა მხოლოდ უშუალოდ არჩევნებს და საარჩევნო დღეს, არამედ მთელ საარჩევნო კამპანიას", - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.
„როგორც ყველამ ნახეთ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ერთ-ერთია ევროპული კომისიის მიერ დადგენილი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მხარდაჭერილი 9 ნაბიჯიდან, როგორც ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელზე დაკვირვებაც ყურადღებით მოხდება. ვიცი, რომ საქართველოს მთავრობამ უკვე აიღო ვალდებულება OSCE/ODIHR-ს სთხოვოს გრძელვადიანი დაკვირვება, რასაც ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო უჭერს მხარს. ეუთო-ს წევრი ქვეყნების შემთხვევაში, ეუთო პასუხისმგებელია გრძელვადიან დაკვირვებაზე, მაგრამ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის მიმდინარეობს განხილვა იმასთან დაკავშირებით, თუ იქნება შესაძლებელი ევროკავშირმაც მიიღოს მონაწილეობა არჩევნებზე გრძელვადიანი დაკვირვების პროცესში“, - აღნიშნა დიპლომატმა.
მისივე თქმით, "არსებობს მოლოდინი, რომ საქართველოში, საარჩევნო გარემო, ყველა პარტიისთვის, თანაბარი იქნება".
„კიდევ ერთხელ მსურს ხაზი გავუსვა, რომ ძალიან ყურადღებით მივადევნებთ თვალყურს არა მხოლოდ თავად არჩევნებს, არა მხოლოდ საარჩევნო დღეს, არამედ მთელ საარჩევნო კამპანიას. გულწრფელად გვაქვს იმედი, რომ თანაბარი საარჩევნო გარემო იქნება და ყველა პოლიტიკურ პარტიას საკმარისი სივრცე მიეცემა იმისთვის, რომ საკუთარი პროგრამები წარადგინონ. უპირველეს ყოვლისა, არსებობს მოლოდინი, რომ არ იქნება ძალადობა, რადგან ძალადობა, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, აბსოლუტურად, მიუღებელია“, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.
0 კომენტარი