საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, “რადიო თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში საფრანგეთის ემიგრაციაში მყოფი ქართული საზოგადოების გამოწვევებსა და დღევანდელობას შორის პარალელი გაავლო და აღნიშნა, რომ შიდა დაპირისპირების მიუხედავად, მაშინდელ ემიგრაციას საერთო მტერი - რუსეთი და კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა აერთიანებდა. დღეს კი, მისი შეფასებით, განსხვავებული მოცემულობაა.
“შესაძლოა, ზოგს არ ესმის, ან ზოგს არ უნდა, რომ გაიგოს, ან ზოგს აწყობს, რომ არ გაიგოს, მაგრამ (რუსეთი) თვითონაც არ მალავს, რომ მტერია. ეს ფაქტი ყველაფერში ჩანს. შესაძლოა, დამოუკიდებლობის გარკვეულ პერიოდში ვინმე ფიქრობდა, რომ რუსეთის დამოკიდებლება სხვანაირი იქნებოდა. შესაძლოა, რუსეთშიც ვიღაცები ფიქრობდნენ, რომ განსხვავებული მეზობლური დამოკიდებულება უნდა დამყარებულიყო. დღეს არანაირი ნიშანი არ არსებობს, რომ რუსეთს აქვს შეგნება ან სურვილი, რომ თავის მეზობლებთან თანასწორი დამოკიდებულების დამყარების სურვილი აქვს",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტმა, უსამართლობის მიმართ საქართველოს მოქალაქეების დამოკიდებულებაზეც გაამახვილა ყურადღება.
"საქართველოში სამართლიანობის ძლიერი მოთხოვნა არსებობს. ცოტა თუ ვიცი სხვა ქვეყანა, სადაც ხალხი ქუჩაში გასაპროტესტებლად, ძირითადად, უსამართლობის გამო გამოდის და არა სოციალური მოთხოვნების საფუძველზე. ეს დამახასიათებელია საქართველოსთვის, ყველაფერს არ ეგუება და ყველაზე ნაკლებად - უსამართლობას. მითუმეტეს, საქართველო არასოდეს შეგუებია და მომავალშიც არ შეეგუება ქვეყანაში სხვის მმართველობას",- ამბობს "რადიო თავისუფლებასთან" ინტერვიუში პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
შეკითხვაზე, "საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ, თუ პოლიტიკაში სხვა ფორმით დარჩება, იქნება თუ არა მისი პოლიტიკური რიტორიკა უფრო მკაცრი, ვიდრე პრეზიდენტის ამპლუაში", საქართველოს პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მას "რადიკალურ ოპოზიციაში ყოფნის გამოცდილება აქვს, თუმცა მაშინაც, ოპონენტებისთვის პიროვნული შეურაცხყოფა, არასოდეს მიუყენებია".
"რაღაც პერიოდი, ოპოზიციაში ვიყავი, თანაც, საკმაოდ რადიკალურ ოპოზიციაში, თუმცა არ მახსოვს, მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ პირადი შეურაცხყოფა მიმეყენებინოს", - თქვა მან.
საქართველოს პრეზიდენტმა ასევე გაიხსენა "ვარდების რევოლუციის" შემდგომი პერიოდი და აღნიშნა, რომ მაშინდელი მმართველობის პირველი ეტაპი საქართველოსთვის "დიდი წინსვლის მომტანი იყო, თუმცა პროგრესული რეჟიმიდან ის ავტოკრატულ რეჟიმად გარდაიქმნა".
"როგორც ზოგჯერ ხდება ხოლმე, საწმუხაროდ, მაშინდელი პროგრესული რეჟიმი ავტოკრატულ რეჟიმში გადავიდა, რაც დიდი ცდუნებაა. როდესაც ხელისუფლებაში დიდი მხარდაჭერით მოდიხარ, ნელ-ნელა ამ მხარდაჭერას კარგავ, რაც დემოკრატიის ბუნებრივი ფორმაა. ერთი და იგივე ძალა ხელისუფლებაში მუდმივად ვერ იქნება და როდესაც ამას ვეღარ ეგუები, ეს ძალაუფლების დიდი ცდუნებაა", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ ევროკავშირის გზაზე საქართველოს ერთსულოვნება მომავალშიც შენარჩუნდება.
"გასულმა წელმა მოგვიტანა კანდიდატის სტატუსი, რაზეც, რამდენიმე თვის წინ ვფიქრობდით, რომ შესაძლოა, ამ ფორმით და ასე სწრაფად არ ყოფილიყო. ისიც მაიმედებს, რომ დღეს, საქართველოში სუფევს ერთსულოვნება და ყველა ლაპარაკობს ერთი პროევროპული რიტორიკით. ყველგან ევროკავშირის დროშაა და თურმე, ყველასთვის საიმედო და საჭირო ყოფილა ევროკავშირი. თუ შეგვიძლია, თუნდაც ამ ერთი საკითხის მიმართ ერთსულოვნები ვიყოთ, მიხარია, ასე გავაგრძელოთ. კანდიდატის სტატუსის მინიჭება ხალხის სიხარულია, რომელიც ყველამ უნდა გავიზიაროთ. აქ ქიშპობის ადგილი აღარ არის, უნდა იყოს ერთიანობა, თუარადა, იხარებს ის, ვისაც არ აქვს სურვილი, რომ საქართველომ გაიხაროს", - უთხრა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "რადიო თავისუფლებას".
0 კომენტარი