"ვლადიმერ პუტინის ომი უკრაინასთან ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოში განსხვავებულ სურათს გვაჩვენებს - ზოგიერთი ქვეყანა ევროკავშირს უახლოვდება, ზოგი კი, მათ შორის, საქართველო, სიამოვნებით მიჰყვება რუსული ავტორიტარიზმის გზას - ნათქვამია აღმოსავლეთ პარტნიორობის ანგარიშში, რომელსაც აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი აქვეყნებს"- ასე იწყებს სტატიას გავლენიანი გამოცემა POLITICO და აღნიშნავს, რომ "საქართველო პუტინის მაგალითს მიჰყვება".
„დიქტატურები თუ ავტოკრატიული რეჟიმები ერთმანეთისგან სწავლობენ. ვფიქრობ, ამ მხრივ მძიმე შედეგები გვაქვს ზოგიერთ ქვეყანაში და ეს საქართველოშიც ვნახეთ. საქართველომ 2023 წლის მარტში, პუტინის სტილის უცხოელი აგენტების შესახებ კანონის დანერგვა სცადა, რასაც შიდა პროტესტი მოჰყვა. კანონი რუსული ანალოგის ერთგვარი კოპირება გახლდათ, ადგილობრივი ელემენტებით, თუმცა მსგავსება აშკარა იყო. ყველა მიმართულებით, ყველა სფეროში უკუსვლა დაფიქსირდა, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა”, - აღნიშნა POLITICO-სთან საუბრისას, აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრმა, ალექსანდრა საბუმ.
რაც შეეხება უშუალოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ანგარიშს, მასში ნათქვამია, რომ იმ ფონზე, როდესაც უკრაინა და მოლდოვა „სტაბილურად ახორციელებენ ისეთ სისტემურ ცვლილებებს, რომლებსაც ბრიუსელი გაწევრიანების გზაზე წივლისთვის მოელის, საქართველო სამეულს სულ უფრო შორდება”. კერძოდ, აღნიშნულია, რომ “საქართველომ დაკარგა მნიშვნელოვანი ადგილი როგორც დემოკრატიის, ისე კარგი მმართველობის, ასევე პოლიტიკური ურთიერთთანამშრომლობის ინდიკატორებში. ფაქტობრივად, საქართველოს მაჩვენებლები ხასიათდებოდა მნიშვნელოვანი დაღმავალი სიჩქარით, თუ არა მკვეთრი დაცემით ბევრ სფეროში”.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი შეფასებას აქვეყნებს ქართულ მართლმსაჯულების სისტემააში არსებულ ვითარებაზეც და ამბობს, რომ “საქართველოს ხელისუფლება, სასამართლო სისტემის პოლიტიკურ იარაღად გამოყენებას, არ ეწინააღმდეგება, “რაც აშკარა იყო ოპოზიციის წარმომადგენლების დაპატიმრებითა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებისას”. ის ასევე მიანიშნებს სასამართლო სისტემაში არსებულ კლანზე: საქართველლოში, სასამართლო გადაწყვეტილებების გამოქვეყნებისა და ხელმისაწვდომობის პრობლემებია. ინტერნეტში მხოლოდ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებია ხელმისაწვდომი. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოსთვის დამახასიათებელი გახდა პოლიტიზირებული მოსამართლეების დანიშვნის პროცესი. ეს გამოჩნდა მაშინაც, როდესაც იუსტიციის უმაღლესი საბჭომ, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძის საეჭვოდ დანიშნა, რაც, როგორც ჩანს, პირდაპირი პოლიტიკური ჩარევის შემთხვევა იყო, რითაც სასამართლოს დამოუკიდებლობა შეილახა".
გამოქვეყნებულ ანგარიშში შეფასებულია საქართველოში არსებული საარჩევნო გარემოც:“საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკომ) დანერგა ელექტრონული და თანამედროვე სისტემა, რომელიც მომავალ არჩევნებში, ამომრჩეველთა 90%-ისთვის იქნება ხელმისაწვდომი. ამგვარ რეფორმებს ნამდვილად შეუძლია დაეხმაროს საქართველოს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაში, თუმცა სისტემის მუშაობის დეტალები გაურკვეველი რჩება რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევის გათვალისწინებით. მისი „ნაწილობრივი“ შემოღება (ამომრჩეველთა 90%) არაელექტრონულ საარჩევნო ოლქებს კვლავ დაუცველს ტოვებს შესაძლო გაყალბებისგან. უფრო მეტიც, დარწმუნებით ვერ ვიტყვით, რომ ყველა მოქალაქე ადვილად და ენთუზიაზმით მოერგება ხმის მიცემის ახალ სისტემას, რამაც შესაძლოა, გარკვეული ჯგუფების საარჩევნო პროცესისგან გამოთიშვა გამოიწვიოს. ამასთან, მმართველი პარტია სარგებლობს ცესკოს წევრების შერჩევის არაფორმალური კონტროლით, რაც ქვეყანას, ამ მნიშვნელოვან სფეროში, ევროპულ ნორმებს აშორებს”.
ანგარიში მიანიშნებს საქართველოში შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებულ პრობლემებზეც და ამბობს, რომ "2023 წელს ქართულ პოლიტიკაში მთავარ საკითხად დაბრუნდა, რამაც ასევე გამოავლინა მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის ურთიერთობების დაქვეითების სურათი. მთავრობის მიერ შემოთავაზებული "აგენტების კანონპროექტის" საპასუხოდ, 2023 წლის 7-9 მარტს, თბილისში მასიური საპროტესტო აქციები გაიმართა, რა დროსაც სამართალდამცავმა ორგანოებმა ძალას გადაამეტეს, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი".
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმი გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბრობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით არსებულ უკუსვლაზეც "2020 წლის შემდეგ, ეროვნული სამოქმედო გეგმის განახლება არ მომხდარა და საქართველო გახდა ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც უარი თქვა OECD-ის მიერ ანტიკორუფციული მდგომარეობის შეფასებაზე".
"ასევე, საქართველომ გამოტოვა ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ორწლიანი სამოქმედო გეგმის ციკლიც. კურსის შეცვლისა და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან ხელახალი მიახლოების პერსპექტივა 2022 წელს გაჩნდა, როდესაც ევროკომისიამ საქართველო თორმეტი რეკომენდაცია მისცა და ერთ-ერთუ პუნქტი ანტიკორუფციული ორგანოს საჭიროებაზე მიანიშნებდა. აღნიშნულმა რეკომენდაციამ, საქართველოს ხელისუფლება აიძულა ერთიანი ანტიკორუფციული ბიურო შეექმნა. ახალი ბიურო ზედამხედველობას გაუწევს ანტიკორუფციული პოლიტიკის შემუშავებას, გამოაქვეყნებს თანამდებობის პირების ქონებრივ დეკლარაციებს და მონიტორინგს გაუწევს მათ ფინანსურ საქმიანობას",-ნათქვამია ანგარიშში.
0 კომენტარი